Thumbnail

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის სადებიუტო სინგლი Creep 1992 წელს ჩაიწერა. თუმცა, მსოფლიო ჰიტი სიმღერა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენდის პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისას გახდა.  

ტომ იორკმა Creep 1987 წელს დაწერა. ექსტერის უნივერსიტეტში სწავლისას, მას ერთ-ერთ ბარში უცნობი გოგონა მოეწონა. საუბრის დასაწყებად გამბედაობა იყო საჭირო, რომლის მოსაკრებადაც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა არტისტმა ბარმენს რაიმე მაგარის დასხმა სთხოვა.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტომი დათვრა, გოგონა კი ბარიდან ისე წავიდა, მუსიკოსმა მისთვის ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. I wish I was special, so fucking special, but I’m a creep, - როგორც ჩანს, "რედიოჰედის" ლიდერი მაშინ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა საკუთარ განსაკუთრებულობას. 

სიმღერის მელოდია მანჩესტერული პოპ როკ ბენდის, The Hollies-ის მიერ 1972 წელს ჩაწერილი კომპოზიციიდან The Air That I Breathe არის აღებული. "რედიოჰედის" წევრებმა გულწრფელად აღიარეს, რომ "ქრიფის" მცირე მონაკვეთი მართლაც ამ ნამუშევრიდანაა ნასესხები და ალბერტ ჰამონდსა და მაიკ ჰეზლვუდს საავტორო ჰონორარიც გადაუხადეს.

90-იანების დასაწყისში, "რედიოჰედის" ადრეულ კონცერტებზე მსმენელები სწორედ "ქრიფის" მოსასმენად მიდიოდნენ და ბენდის სხვა სიმღერების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. ბუნებრივია, მუსიკოსებს ეს არ მოსწონდათ და დროთა განმავლობაში კომპოზიცია სეტლისტიდან გაქრა. სიმღერის საკონცერტო შესრულებებს შორის ყველაზე ხანგრძლივმა პაუზამ 7 წელი შეადგინა - 2009 წლიდან მოყოლებული, "რედიოჰედის" ლაივებზე Creep არ გაჟღერებულა, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფის ფანები წლების განმავლობაში ყველა კონცერტზე ელოდებოდნენ და ჯიუტად ითხოვდნენ მის დაკვრას.

მათი ოცნება მხოლოდ 2016 წელს, პარიზში ასრულდა. ტურნეს A Moon Shaped Pool ფარგლებში ჩატარებული კონცერტის დროს, ყველასთვის მოულოდნელად, სცენიდან საყვარელი ჰანგები გაისმა.

ამის შემდეგ სიმღერა "რედიოჰედის" საკონცერტო რეპერტუარში ისევ დაბრუნდა. 2017 წელს, გლასტონბერის ფესტივალზე შესრულებული Creep საუკეთესოა ბოლო პერიოდის ლაივ ვერსიებს შორის.

სიმღერის არაერთი ქავერი არსებობს.  მათგან აღსანიშნავია ბელგიური კოლექტივის Scala and Kolacny Brothers ულამაზესი ვერსია.

2008 წელს, კოაჩელას ფესტივალზე "ქრიფი" ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა პრინსმა შეასრულა. 

2015 წელს კი, სიმღერის რეტრო ინტერპრეტაცია პროექტმა Postmodern Jukebox შემოგვთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული