Thumbnail

აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციასთან დაკავშირებული 6 მუსიკალური მოვლენა

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციის მუსიკალური გაფორმება არაერთხელ გამხდარა უთანხმოების მიზეზი თეთრ სახლსა და არტისტებს შორის. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობაზე უარი ისეთმა ვარსკვლავებმა განაცხადეს, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, სელინ დიონი, რებეკა ფერგიუსონი და სხვები. საბოლოოდ, ქვეყნის ახლადარჩეულ ლიდერს ტელეშოუს America's Got Talent ყოფილი მონაწილეებითა და ქანთრის მომღერლებით დაკმაყოფილება მოუწია. 

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინაუგურაციის ცერემონია არტისტებს სამოქალაქო პოზიციის გამოსახატად, ხმამაღალი განცხადებებისთვის გამოუყენებიათ. ზოგიერთი კი ისტორიაში იმით შევიდა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენების დასაწყისი ან თუნდაც ლეგენდარული მუსიკალური კოლექტივის გაერთიანების მიზეზი გახდა. 

6. ბარაკ ობამას ინაუგურაცია და განაწყენებული ეტა ჯეიმსი

ეტა ჯეიმსის ცნობილი სიმღერა At Last ბიონსეს შესრულებით პრეზიდენტ ობამას 2009 წლის ინაუგურაციის მთავარი მუსიკალური თემა იყო. ბარაკ და მიშელ ობამებმა სწორედ ამ კომპოზიციის ფონზე იცეკვეს ის ვალსი, რომელმაც მილიონობით ტელემაყურებელს აუჩუყა გული, თუმცა, არა თავად ეტა ჯეიმსს. ლეგენდარულმა მუსიკოსმა საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა - "ჩემი სიმღერა მე თვითონ უნდა მემღერა. ბიონსეს იქ არაფერი ესაქმებოდა. ვერ ვიტან მას”

აღსანიშნავია, რომ ბიონსემ არა მხოლოდ ეტას სიმღერა შეასრულა, არამედ თავად ამ მუსიკოსის როლიც კი განასახიერა ისტორიულ დრამაში „კადილაკ რეკორდსი“. როგორც ჩანს, ბიონსეს სამსახიობო ოსტატობამ ეტა ჯეიმსზე სათანადო შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

5. ჯონ კენედი და სემი დევის ჯუნიორი

კენედის ინაუგურაციის წინ ფრენკ სინატრამ მის პატივსაცემად წვეულება მოაწყო. მოწვეულ შემსრულებლებს შორის ჰარი ბელაფონტე და ელა ფიცჯერალდი იყვნენ. მათთან ერთად კიდევ ერთ აფროამერიკელს, სემი დევის ჯუნიორსაც უნდა ემღერა, თუმცა, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არტისტი დაიწუნა. ამის მიზეზი სემის მეუღლე, შვედი მსახიობი მეი ბრიტი გახდა. 1961 წელს სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის ქორწინება ამერიკის რამდენიმე შტატში ჯერ კიდევ იკრძალებოდა და კენედიც მისი სამხრეთელი მხარდამჭერების განაწყენებას მოერიდა. 

"ამის შესახებ პრეზიდენტის მდივანმა შემატყობინა. ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ არაფერი ვუთხარი. მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე”, - ასეთი კომენტარი გააკეთა დევისმა ამ ფაქტის შესახებ საკუთარ ავტობიოგრაფიაში.

4. ჰარი ტრუმენი და პირველი აფროამერიკელი მომღერალი ინაუგურაციაზე

1949 წელს ჰარი ტრუმენის ინაუგურაციაზე დოროთი მაინორმა Were You There When They Crucified My Lord? შეასრულა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე აფროამერიკელმა მუსიკოსმა იმღერა. 

ტრუმენს მომდევნო პრეზიდენტმაც მიბაძა. დუაიტ ეიზენჰაუერის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ასევე აფროამერიკელმა მარიან ანდერსონმა შეასრულა.

3. ბილ კლინტონი და უკმაყოფილო მელომანები

1993 წელს, ბილ კლინტონის ინაუგურაციის შემდეგ MTV-მ ახლადარჩეული პრეზიდენტის პატივსაცემად ღონისძიება გამართა. მოწვეულ სტუმრებს შორის ვიცეპრეზიდენტი ალ გორი და მისი ცოლიც იყვნენ. შეხვედრაზე კლინტონს მხარდამჭერებისთვის მადლობის გადახდა სურდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა

ღონისძიებაზე მყოფი მელომანები ვიცე-პრეზიდენტის ცოლს უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ. სწორედ ტიპერ გორი იყო იმ ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც მუსიკაში უცენზურო ტერმინოლოგიის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა და ხმის ჩამწერი სტუდიებისგან ალბომებზე მშობლების გამაფრთხილებელი სტიკერების დაკვრას მოითხოვდა. 

2. Fleetwood Mac-ის გაერთიანება

კლინტონის 1993 წლის ინაუგურაციას სხვა საინტერესო მოვლენებიც უკავშირდება. მაიკლ ჯექსონისა და ელტონ ჯონის შესრულებული სიმღერები, მათივე მგზნებარე სიტყვები იმ დროის ყველაზე აქტუალური და საშიში დაავადების, შიდსის წინააღმდეგ, უილ სმიტი კონფერანსიეს როლში და, რასაკვირველია, ახლადარჩეული პრეზიდენტი, თავადაც არცთუ ურიგო მუსიკოსი, რომელიც აღფრთოვანებული უმზერდა მის პატივსაცემად შეკრებილ მსოფლიოს საუკეთესო საქსოფონისტებს, მათ შორის კენი ჯის. 

საზეიმო ცერემონიის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი კი 70-იანი წლების საკულტო როკ ჯგუფი Fleetwood Mac-ის გამოსვლა გახდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა. სწორედ მათი სიმღერა Don't Stop იყო კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მუსიკალური თემა. 

6. რიჩარდ ნიქსონი და ჯეიმს ბრაუნის ანტირასისტული გამოსვლა 

ჯეიმს ბრაუნი 1968 წლის არჩევნებისას დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰუბერტ ჰემფრის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელი რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაციაზე მუსიკოსის გამოჩენამ საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია. “პრეზიდენტი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა აერთიანებდეს. მე მინდოდა, ნიქსონისთვის ამის შანსი მიმეცა”, - განუცხადა ლეგენდარულმა არტისტმა ჟურნალისტებს.

Say it loud - I'm Black and I'm Proud - სწორედ ამ სახელწოდების კომპოზიცია შეასრულა სოულისა და ფანკის ლეგენდამ საზეიმო ცერემონიაზე. ბრაუნის გამოსვლა ანტირასისტულ მანიფესტაციაში გადაიზარდა. მომღერლის მიერ წარმოთქმულ ფრაზას სიმღერის ტექსტიდან  Say it loud (თქვით ეს ხმამაღლა), ინაუგურაციაზე დამსწრე აფროამერიკელი მაყურებელი თითოეულ ჯერზე პასუხობდა I'm Black and I'm Proud (მე შავკანიანი ვარ და ამით ვამაყობ).  ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მათ თეთრებიც აყვნენ. საბოლოოდ, ჯეიმს ბრაუნის პერფორმანსი აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული