Thumbnail

10 ყველაზე უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ჩვენ სიაში წარმოდგენილი ინსტრუმენტებიდან ზოგიერთი ისე უჩვეულოდ გამოიყურება, თავდაპირველად ვერც იფიქრებთ, რომ მუსიკასთან შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს. თუმცა, ადამიანების ფანტაზია უსაზღვროა. მარჯვე ხელების წყალობით კი, დაკვრა გიგანტური სტალაქტიტებითაც შეიძლება და მაჩვის ფიტულითაც.   

10. გიგანტური სტალაქტიტების ორღანი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მუსიკალური ინსტრუმენტი ვირჯინიაში მდებარეობს და დაახლოებით 14,000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერმა და მუსიკოსმა ლელან სპრინქლმა 3 წელი მოანდომა სტალაქტიტებისთვის ისეთი ფორმის მიცემას, რომ მათზე მელოდიის დაკვრა ყოფილიყო შესაძლებელი.

თუ ვირჯინიაში მოხვდებით, მღვიმეში შესრულებული ცოცხალი პერფორმანსის ხილვის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. იქვე 2011 წელს ჩაწერილი ალბომის In the Cave (გამოქვაბულში) შეძენას შეძლებთ.

9. ზევსაფონი და თორამინი

ვის არ მოსწონს ელვის დამორჩილების იდეა? სკანდინავიური და ანტიკური ღმერთების, თორისა და ზევსის სახელების მქონე ინსტრუმენტები სწორედ ამ ბუნებრივი მოვლენის დახმარებით დაუვიწყარ მუსიკალურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნიან.

ლეგენდარული ფიზიკოსის, ნიკოლა ტესლას მიერ შექმნილი დანადგარების მეშვეობით ელექტრონული მუხტი პლაზმის სახით იფანტება და სიმძლავრის მიხედვით განსხვავებულ ბგერებს წარმოქმნის.

8. ბოსტნეულის ორკესტრი

გიგანტური სტალაქტიტების ორღანი კიდევ რამდენიმე ათასწლეულს გაუძლებს, სხვა ინსტრუმენტები კი აშკარად უფრო ხანმოკლე არსებობისათვის არიან განწირული. "ბოსტნეულის ორკესტრი" ვენიდან სწორედ იმას იყენებს მუსიკის შესაქმნელად, რაც პირველად გაიფიქრეთ - გაბურღული სტაფილოები, დასარტყამი გოგრები, წიწაკის საყვირები და ა.შ.

ავსტრიული კოლექტივი 1998 წელს დაარსდა და ამ არაორდინარულ საქმიანობას დიდი მონდომებით უდგება. ორკესტრის წევრები ყველა "ინსტრუმენტს" სურსათის მაღაზიაში თავად ყიდულობენ და სპეციალურ ფორმასაც აძლევენ. ნარჩენებისგან დამზადებული წვნიანით კი კონცერტის შემდეგ აუდიტორიას უმასპინძლდებიან.

7. ლუდის ბოთლების ორღანი

თუ ლუდის მოყვარული ბრძანდებით, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენჯერ გაქვთ ხელიდან გაშვებული მუსიკალური შედევრის შექმნის შესაძლებლობა. ლუდის ბოთლების ორღანის ისტორია 1798 წლიდან იწყება და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მისი შექმნის იდეა საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელს ეკუთვნის. ის კლასიკური ორღანის გამუდმებული გასწორებით დაიღალა და მარტივი გამოსავალი მონახა.

ინსტრუმენტში სასმელი გლიცერინითაა ჩანაცვლებული, რათა გამუდმებულმა შეხებამ და ალკოჰოლის სპეციფიკურმა კონცენტრაციამ გამოცემულ ბგერაზე გავლენა არ მოახდინოს.

6. ვინტერგატანის მარმარილოს მოწყობილობა

ფოლკტრონიკის ჟანრში მოღვაწე შვედურმა ბენდმა, Wintergatan ამ ინსტრუმენტის შექმნას 16 თვე მოანდომა. ჩამრთველების, ბორბლების, კბილანებისა და სხვა მექანიზმების კომპლექსი ბგერის წარმოსაქმნელად მარმარილოს ფილებს იყენებს.

მოწყობილობის აგების სრული პროცესი ბენდის იუთუბის არხზეა დოკუმენტირებული. "ვინტერგატანმა" ინსტრუმენტი 2016 წლის ტურნეშიც წაიღო.

5. პიროფონი

ყველა ორღანი ერთი და იმავე პრინციპით მუშაობს - კლავიშების მეშვეობით მილებში ჰაერის მომოქცევა კონტროლდება, მილების ზომა კი ბგერის ჟღერადობას განსაზღვრავს. თუმცა, ფრანგი ფიზიკოსი ფრედერიკ კასნერი ტრადიციული მეთოდით არ დაკმაყოფილდა და 1873 წელს პიროფონი - ე.წ. ცეცხლოვანი ორღანი შექმნა.

პიროფონში ბგერა ცეცხლის ალის საშუალებით წარმოიქმნება. ინსტრუმენტი საწვავის სახით პროპანს, ბენზინს ან წყალბადს მოიხმარს. მოწყობილობის შექმნაში ჩადებული დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან პოპულარობა ვერ მოიპოვა და დღეს არ გამოიყენება.

4. მტვერსასრუტები, იატაკის საწმენდი და შაშხანები

იმის მიუხედავად, რომ კომპოზიტორ სერ მალკოლმ არნოლდის სახელს არაერთი სერიოზული მუსიკალური ნაწარმოები უკავშირდება, მის ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად დღემდე პომპეზური სიმფონიების პაროდია რჩება. 1956 წელს შექმნილი A Grand, Grand Overture ორღანის, ორკესტრის, მტვერსასრუტების, იატაკის საპრიალებელისა და შაშხანების მეშვეობით სრულდება.

3. ღობე

ლეგენდარული პოეტი, რობერტ ფროსტი წერდა "კარგი ღობე კარგ მეზობელს ნიშნავს". როგორც ჩანს, ამ კონსტრუქციას მუსიკალური ინსტრუმენტის როლის შესრულებაც შეუძლია. მევიოლინეემა ჯონ როუზმა და ჰოლის ტეილორმა უზარმაზარი გზა გაიარეს ავსტრალიაში, რათა პროექტი Great Fences of Australia სისრულეში მოეყვანათ. მათ მავთულზე ხემის გასმით მუსიკალური ბგერები მიიღეს. ამ ჩანაფიქრმა სხვა არტისტებიც დააინტერესა და დღეს მსოფლიოს არაერთ ღობეზე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების ხილვაა შესაძლებელი.

2. მინის ჰარმონიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ბენჯამინ ფრანკლინის ფანტაზიით აღსავსე გონება არაერთ სფეროს უკირკიტებდა, დაწყებული მეტეოროლოგიით და დამთავრებული პოლიტიკით. მისი ყველაზე უჩვეულო გამოგონება კი ალბათ მინის ჰარმონიკაა. ფრანკლინმა შეამჩნია, რომ შუშისგან დამზადებული ნივთები შეხებისას ბგერებს გამოსცემდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა მას ინსტრუმენტის შექმნა.

ფრანკლინის ქმნილებას მარტივი სტრუქტურა აქვს - მბრუნავ ღერძზე ჯამის ფორმის მინები ზომის მიხედვით ლაგდება, მუსიკოსი კი მათზე თითების შეხებისას მელოდიას ქმნის. იმის მიუხედავად, რომ ფორტეპიანოს პოპულარობის ზრდამ ამ ტიპის ჰარმონიკა ისტორიულ ექსპონატად აქცია, თავის დროზე ის დიდი წარმატებით სარგებლობდა. მოცარტმა, შტრაუსმა, ბეთჰოვენმა და სხვა ლეგენდარულმა კომპოზიტორებმა საკუთარი ნაწარმოებები სპეციალურად ამ ინსტრუმენტისათვისაც დაწერეს.

1. ბეჯერმინი

ავიღოთ ისედაც უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტი - თერემინი, რომელზედაც დასაკვრელად ჰაერში ხელი უნდა იქნიოთ (არ ვხუმრობთ) და დავუმატოთ პატარა დეტალი მაჩვის ფიტულის სახით (არც აქ ვხუმრობთ). ჩვენს სიაში ჩამოთვლილი სხვა საკრავებისგან განსხვავებით, ბეჯერმინი შეგიძლიათ, შეიძინოთ და დატკბეთ თქვენი მეგობრების სახეებით, როდესაც გააცნობიერებენ, რომ თქვენს მიერ ამაყად წარმოთქმული ფრაზა "მაჩვზე ვუკრავ ჩემი დღე და მოსწრება“ სულაც არ წარმოადგენდა იმ ბოლო ჭიქის ნეგატიურ ეფექტს, რომელიც არ უნდა დაგელიათ.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული