Thumbnail

გია ხადური: 10+1 სიმღერა რევოლუციაზე და სისტემის ნგრევაზე

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

► ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Jaques Dutronc - L’opportuniste (1969)

1960-იანი წლების მიწურულს და 70-იანებში, თუ პარიზში ცხოვრობდი და მემარცხენე არ იყავი, მარგინალს, აუტსაიდერსა და გოიმს გეძახდნენ. ფრანგი მსახიობი და მუსიკოსი ჟაკ დიუტრონი ნამდვილად არ იყო გოიმი და აუტსაიდერი. ბოლობოლო ფრანსუაზა არდი ჰყავდა ცოლად, რომლის სექსუალობა თვით დევიდ ბოუისაც კი აღაგზნებდა. მაგრამ იყო თუ არა დიუტრონი ჭეშმარიტი მემარცხენე, დღემდე გაურკვეველია.

“მე კომუნიზმისკენ ვარ, მე სოციალიზმისკენ ვარ, მე კაპიტალიზმისკენაც ვარ, რადგანაც მე ოპორტუნისტი ვარ“, - ასე იწყება სიმღერა "ოპორტუნისტი", რომელიც მან 1968 წლის პარიზის ცნობილი მოვლენების შემდეგ დაწერა. შემდეგ ავტორი ღადაობს, სასახელო ფრანგულ ტრადიციებს როგორც შეშვენის და სიმღერის ბოლოს ამბობს: "შემდგომი რევოლუციისას აუცილებლად ამოვატრიალებ შარვალს". 

L’opportuniste ფრანგული პოპ სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. თუმცა, ამ სატელევიზიო ვიდეოში არანაკლებ საინტერესო ის ანტურაჟია, რომლის ფონზეც დიუტრონი მღერის. უფრო მეტად რომ ამძაფრებს სიმღერის ირონიულობას და ორაზროვნებას.

9. Rage Against The Machine - Killing In the Name (1992)

მემარცხენე უტოპისტ სოციალისტების პირველი დაუნდობელი ჰიტი სადებიუტო ალბომიდან, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვიდა. 

Rage Against The Machine გმირულად იცავდნენ გაჭირვებულთა და უპოვართა შებღალულ ღირსებას არაადამიანური კაპიტალისტური სისტემის პირობებში. თუმცა, როდესაც ჯგუფის ლიდერს, იმ დროისთვის უკვე კარგად გამდიდრებულ ტომ მორელოს ჰკითხეს - კი მაგრამ, თუ სოციალისტი ხარ, რატომ გყავს ამდენი შინამოსამსახურე და ძიძები ბავშვების აღსაზრდელადო? მუსიკოსმა უპასუხა - ამაზე ჯერ არ დავფიქრებულვარო.

8. The Beatles – Revolution (1968)

არსებობს სტერეოტიპული მოსაზრება ლენონის რევოლუციონერობაზე, რაც პრინციპში მცდარია. ის ნებისმიერი ძალადობის მოწინააღმდეგე იყო. ამ სიმღერაშიც პირდაპირ აცხადებს, ჩვენ ყველას გვინდა გარდაქმნები, მაგრამ თუ თქვენ ჩემგან რევოლუციური, დესტრუქციული ქმედებების მხარდაჭერას ელოდებით, ჩემი სახელისა და ფულის გამოყენება გინდათ ამისთვის, მაშინ დიდი ხნით მოცდა მოგიწევთ, ძმებოო.

აი, ეს არის ამ სიმღერის მთავარი მესიჯი. თუმცა, მაინც არავინ დაუჯერა. არ აწყობდათ და იმიტომ.

7. Public Enemy – Give It Up (1994)

აფროამერიკელთა პოლიტიკურ-სოციალური რუპორი და რეპ-სიამაყე Public Enemy თამამად შეიძლება, ჩაითვალოს ჯეიმს ბრაუნისა და მუჰამედ ალის იდეოლოგიურ მემკვიდრედ.

რევოლუციური აქტივობისას მათი მთავარი კოზირი იუმორი და მოუხელთებელი თვითირონიაა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ სწორედ ამ მუსიკალურ ვიდეოში ვლინდება, რომელიც როგორც აკუსტიკურად, ასევე ვიზუალურად ერთ-ერთი საუკეთესოა ჰიპ ჰოპის ისტორიაში. 

6. The Rolling Stones - Street Fighting Man (1968)

მიკ ჯაგერს და კომპანიას სულ ფეხებზე ეკიდათ რევოლუციები, მაგრამ იმ ბობოქარ წლებში კომენტარი მაინც უნდა გაეკეთებინათ.

„რა უნდა ქნას უბრალო ღარიბმა ლონდონელმა ბიჭმა? მას ისღა დარჩენია, როკ ბენდში დაუკრას. მას ადგილი ქუჩის მებამბოხეთა რიგებშიც კი არ აქვს“, - ასეთი იყო "როლინგების" ლიდერის რეაქცია პარიზის 1968 წლის რევოლუციაზე, რომელიც ინტელექტუალი სტუდენტების, მათი რადიკალი ლექტორების და მემარცხენე "არტ-ტუსოვკის" პრეროგატივას წარმოადგენდა. სხვა მხრივ, "როლინგ სთოუნზი" კრეატიული დიდების ზენიტში, მუსიკაზე კომენტარიც კი ზედმეტია.

5. Eko & Vinda Folio - სისტემა უნდა დაინგრეს (2012) 

არსებობს ორი განსხვავებული ქართული ტრეკი, ერთი და იგივე სახელწოდებით "სისტემა უნდა დაინგრეს". პირველი, რომელიც ამ ექვსი წლის წინანდელ, კონკრეტულ მოვლენებს უკავშირდება, რომელიც რეაქციაა ამ მოვლენებზე და რომელსაც სამამულო იატაკქვეშეთის ელიტა ასრულებს. და მეორე, უფრო ახალი, რომელიც ამ ელიტის მხოლოდ ორმა წარმომადგენელმა ეკომ და ვინდა ფოლიომ ჩაწერეს. 

მე ავირჩიე მეორე, რადგანაც ის უფრო განზოგადოებულია, უფრო პირდაპირი, მინიმალისტური, ნერვული და ყოველგვარი პათეტიკისგან დაცლილი. მთავარია, ასეთი გულწრფელი სულისკვეთება თავისდაუნებურად ტრენდულ გულუბრყვილობაში არ გადაიზარდოს. მაგრამ ესეც არ არის პრობლემა. რევოლუციური ცვლილებების დაუოკებელ სურვილს ქართული ისთებლიშმენტი ყოველთვის გაგვიჩენს. ასე რომ, უკეთესი სიმღერები ჯერ კიდევ წინ გველის.

4. Tomorrow - Revolution (1967)

თუ არ ვცდები, ეს არის პირველი სიმღერა რევოლუციაზე როკ მუსიკაში. თუმცა, აქ უფრო მენტალურ რევოლუციაზეა ლაპარაკი - რომელიც ყველასთვის საჭიროა. რომელიც უკვე დაწყებულია და არ უნდა გამოგვეპაროს.

სიმღერა, იმ ეპოქის სტანდარტებით, ძალიან უცნაურადაა ჩაწერილი. საქმე, ფაქტობრივად, ლოუ-ფაი ესთეტიკასთან გვაქვს. დაუბალანსებელი საუნდი და ტრეკის სპონტანური დინამიკა ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს 21-ე საუკუნის ნეოფსიქოდელიასთან გვაქვს საქმე. ალბათ, ასეთი არაკომფორტული ჟღერადობის გამო იყო, რომ თავის დროზე ბენდს აშკარად არ გაუმართლა. არადა Pink Floyd-თან და Soft Machine-თან ერთად, სწორედ ისინი ითვლებიან ლონდონის ანდერგრაუნდ სცენის პიონერებად.

უფრო მეტიც, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში Blow-Up, სწორედ Tomorrow-ს მონაწილეობა მოიაზრებოდა. სიმღერაც კი დააწერინეს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. ბენდმა მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა მოახერხა და სწრაფადვე დაიშალა. ერთადერთი, ვინც გადარჩა და სერიოზული კარიერა გაიკეთა, გიტარისტი სტივ ჰოუა, ოღონდ უკვე სხვა ჯგუფში Yes. 

3. Sex Pistols – Anarchy In The U.K. (1976)

"მე ვარ ანტიქრისტე, მე ვარ ანარქისტი", - ცოფმორეული ღრიალებდა ნგრევის მანიით შეპყრობილი ჯონი როტენი და შიშის ზარს სცემდა ბრიტანულ ისთებლიშმენტს, საზოგადოებრივ ცნობიერებას, მუსიკალურ ინდუსტრიასა და ლიმუზინებში გამოჯგიმულ როკ ვარსკვლავებს.
 
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა და ყველა ის მენტალურ-კულტურული მონაპოვარი, რითიც ასე ამაყობდა ნატიფი კაცობრიობა, ეჭქვეშ დადგებოდა. ცოტა ხნის წინ, საერთო-სახალხო გამოკითხვისას, ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანელის სიაში, ჯონი როტენი 87-ე ადგილზე დაასახელეს (პირველზე - უინსტონ ჩერჩილია). აი, ეს არის ნამდვილი რევოლუცია.

2. Carlos Puebla - Hasta Siempre (1965)

აბა, როგორ შეიძლება, რევოლუციაზე და სისტემის ნგრევაზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ჩე გევარა, არგენტინული წარმოშობის პროფესიონალი მეამბოხე, რევოლუციონერი, ინტელექტუალი, ამავდროულად პოპ კერპი და დასავლური კონტრკულტურის უდიდესი მონაპოვარი.

მაისურები და სვირინგები მისი გამოსახულებით დღემდე იმდენად აქტუალურია, რომ გაოცებას იწვევს. ეს სიმღერა, "მშვიდობით, კომანდანტე!", კუბელმა მუსიკოსმა კარლოს პუებლამ 1965 წელს დაწერა. მაშინ, როდესაც ნონკონფორმისტმა ჩემ, კუბის ფინანსთა მინისტრის მაღალი პოსტი მიატოვა და ჯერ კონგოში წავიდა პარტიზანულ-რევოლუციური მოძრაობის გასაჩაღებლად, შემდეგ კი ბოლივიაში, სადაც მოკლეს კიდეც. 

უნდა ითქვას, რომ სიმღერა მართლაც კარგია, ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე. ასე მხოლოდ ისეთ ადამიანებზე მღერიან, რომლებიც ძალიან უყვართ.

1. MC5 - Kick Out The Jams (1969) 

ეს ოპუსი რევოლუციის და ნებისმიერი სისტემური რღვევის მუსიკალურ-აკუსტიკური კვინტესენციაა. რევოლუცია ყველა ფრონტზე - სოციალური, მენტალური, სექსუალური, ნარკოტიკული, ყოველგვარი ჰიპების და ყვავილების გარეშე - აი, მათი დევიზი. 

როცა MC5-ის მენეჯერი ჯონ სინკლერი, სოციალური აქტივისტი, "წამლის ბარიგა" და "თეთრი პანტერების" დამფუძნებელი, დაიჭირეს, ჯგუფის წევრები მას გაემიჯნენ. "მე მინდოდა MC5 გამხდარიყვნენ ისეთი, როგორიც მაო ძე დუნია, თქვენ კი თურმე მხოლოდ და მხოლოდ "როლინგ სთოუნზობა" გდომებიათ“, - დანანებით განუცხადა სინკლერმა მუსიკოსებს. საბოლოო ჯამში MC5-ს არც "როლინგობა" გამოუვიდა და ძალიანაც კარგი, რომ არ გამოუვიდა. 

ტრეკი დიდია, 8 წუთი, მაგრამ ღირს დროის დახარჯვად, რადგანაც უპირობო შედევრია.


0. Гражданская оборона - И вновь продолжается бой (1994)

ეგორ ლეტოვის და მისი "სამოქალაქო თავდაცვის" მთელი იატაკქვეშა აბსურდი სწორედ ამ ტრეკშია აკუმულირებული. რა უნდა, რა პერმანენტული ბრძოლა აუტყდა, რატომ ებღაუჭება წარსულის ფეტიშებს და ლენინის მავზოლეუმს, ერთი შეხედვით გაუგებარია. მაგრამ მეორეს მხრივ, მის "იდუმალ რუსულ სულს" ხომ სწორედ ოქტომბრის რევოლუციის "დიადი" იდეები კვებავს. 

ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ეს უკომპრომისო, შეუპოვარი და თანაც ნიჭიერი კაცი სრულიად გულწრფელია თავის რწმენაში. ეს სიმღერა საბჭოთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემის აკუსტიკური კვინტესენციაა, ჯერ კიდევ 70-იანებში შექმნილი, მაგრამ ეგორ ლეტოვმა 1994 წელს ისეთი პათოსით გადაამღერა, თითქოს გარეთ 1917 წელი ყოფილიყო. 

ფაქტია, რომ დღევანდელ რუსეთში, სულიერ-ინტელექტუალური ავი ვნება ნაციონალ-ბოლშევიზმის მიმართ ზედაპირზეა ამოტივტივებული. ეგორ ლეტოვი კი ამ ხალხის მორალური ორიენტირია. ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი სამსხვერპლოზეც კი მიიტანა - 5 ინფარქტი გადაიტანა, მეექვსემ კი, 2008 წელს, მოკლა კიდეც. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული