Thumbnail

კარგ ალბომს ეფექტური გარეკანი დამატებით ხიბლს სძენს. სწორედ ამიტომ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსიკოსები ჩანაწერის ვიზუალური გაფორმებისთვის ამა თუ იმ ცნობილ მხატვარს მიმართავენ. დღეს სხვადასხვა დროს გამოცემულ 10 ალბომზე ვისაუბრებთ, რომელთა დიზაინზეც გამოჩენილმა ხელოვანებმა იმუშავეს. 

სალვადორ დალი (Jackie Gleason – Jackie Gleason Presents Lonesome Echo)

ჯეკი გლისონს სალვადორ დალისთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ამიტომაც, ბევრი არ უფიქრია და საკუთარი ალბომისთვის გარეკანის დახატვა სწორედ მას სთხოვა. სიურრეალიზმის ყველაზე პოპულარულმა წარმომადგენელმა ამერიკელი კომიკოსის, მწერლისა და კომპოზიტორის ჩანაწერი ჩვეულ სტილში გააფორმა და ავტორის შესახებ ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ყდაზე ხელიც მოაწერა. 

ბენკსი (Blur – Think Tank)

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გრაფიტი არტისტი, როგორც წესი, შეკვეთით არ მუშაობს. თუმცა, ბრიტანული როკ ბენდისთვის გამონაკლისი დაუშვა და 2003 წლის ალბომის გარეკანი გაუფორმა. ბენკსიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამისთვის მას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის, რომ დეიმონ ალბარნისა და მისი მეგობრების შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია და მეორე, გაცილებით პრაგმატული, მხატვარს უბრალოდ ფული სჭირდებოდა. 

ტაკაში მურაკამი (Kanye West – Graduation)

ქანიე ვესთმა თავის რიგით მესამე სტუდიური ალბომის გასაფორმებლად “იაპონელ ენდი უორჰოლად” ცნობილი არტისტი, ტაკაში მურაკამი მოიწვია. მხატვრისა და მუსიკოსის თანამშრომლობა მხოლოდ ყდის დიზაინით არ შემოიფარგლა. მურაკამი ქანიეს ტრეკისთვის Good Morning შექმნილი ვიდეოკლიპის ავტორადაც მოგვევლინა.

სტენლი დაუნვუდი (Radiohead – Hail to the Thief)

ბრიტანელი მხატვარი და ტომ იორკის ძველი მეგობარი სტენლი დაუნვუდი „რედიოჰედის“ ყველა ალბომის გარეკანის ავტორია. მასვე ეკუთვნის ჯგუფის პოსტერების, მაისურებისა თუ სხვა ატრიბუტიკის დიზაინი. სტენლის შექმნილია მუტანტი დათვის გამოსახულებაც, რომელიც კოლექტივის ლოგოდ იქცა. Hail to the Thief-ის ყდისთვის კი არტისტმა ჰოლივუდში გამოფენილი სარეკლამო ბანერებიდან ამოჭრილი სიტყვები გამოიყენა.

ჯეფ კუნსი (Lady Gaga – Artpop)

ამერიკელი ხელოვანი ჯეფ კუნსი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ არტისტად ითვლება. მისი ქმნილებები ათეულობით მილიონ დოლარად იყიდება. ასე რომ, თუ ოდესმე ლედი გაგას ფული შემოაკლდება, თავისუფლად შეუძლია აუქციონზე კუნსის დიზაინით დამზადებული ალბომის გარეკანი გაიტანოს. 

ურს ფიშერი (Yeah Yeah Yeahs – It’s Blitz)

Yeah Yeah Yeahs-ის ვოკალისტი კარენ ო შვეიცარიელი ნეოდადაისტი მხატვრის, ურს ფიშერის კონცეპტუალურ ნამუშევრებს ჯერ კიდევ მაშინ ეტრფოდა, როდესაც მასთან ერთად მუშაობაზე ვერც კი იოცნებებდა. 2008 წელს ორ ხელოვანს შორის თანამშრომლობა შედგა. ფიშერმა It’s Blitz-ისთვის ეფექტური გარეკანი შექმნა. ხელი კი, რომელიც ჯგუფის რიგით მესამე ალბომის ყდაზე კვერცხს ტეხს, სწორედ მუსიკოსს ეკუთვნის. 

დემიენ ჰირსთი (Red Hot Chili Peppers – I’m With You)

"წიწაკების” ბევრმა თაყვანისმცემელმა შესაძლოა, არც იცის, რომ მათი საყვარელი ჯგუფის 2011 წლის ალბომის გარეკანი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, დემიენ ჰირსტს ეკუთვნის.

ჟან ჟირო (Jimi Hendrix - Voodoo Soup)

ლეგენდარული ფრანგი ილუსტრატორის ჟან ჟიროს მიერ ჯიმი ჰენდრიქსის კომპილაციური ალბომისთვის შექმნილი ყდა დამსახურებულ ადგილს იკავებს ჩვენ ჩამონათვალში. 

პიტერ ბლეიკი (The Beatles – Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band)

ბრიტანული პოპ არტის გამოჩენილმა წარმომადგენელმა “ბითლზის” ამ ლეგენდარული ალბომის გასაფორმებლად ცნობილი ადამიანების 57 ფოტოსგან  და 9 ცვილის ფიგურისგან შემდგარი კოლაჟი გამოიყენა. პიტერ ბლეიკის ეს ნამუშევარი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, სტაბილურად ლიდერობს ავტორიტეტული  მუსიკალური გამოცემების მიერ საუკეთესო გარეკანის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვებში. 

ენდი უორჰოლი (The Velvet Underground & Nico - The Velvet Underground & Nico)

"ველვეტ ანდერგრაუნდი“ და ნიკო ერთმანეთს ენდი უორჰოლმა გააცნო. თუმცა, მისი დამსახურება მხოლოდ ამით არ ამოწურულა - პოპ არტის პიონერი მათი სადებიუტო ალბომის პროდიუსერადაც მოგვევლინა და ეს ლეგენდარული გარეკანიც შექმნა. მართალია, 1967 წელს გამოსულ ჩანაწერს თავის დროზე კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ დღეს ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად და უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ ითვლება. ბრაიან ინოს თქმით, „თითოეულმა ადამიანმა, ვინც თავის დროზე ეს ფირფიტა  შეიძინა, მისი მოსმენის შემდეგ დაკვრა დაიწყო და საკუთარი ბენდი შექმნა“

კომენტარები

ბოლოს დამატებული