Thumbnail

7 ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც ბედი ლიტერატურაში მოსინჯა

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ხალხს არ უყვარს კრიტიკოსები. განსაკუთრებით უჟმურ და საშიშ არსებებად კი ლიტერატურის კრიტიკოსები მიიჩნევიან. ეს მითიური ქმნილებები რუდუნებით შექმნილი ნაწარმოების რამდენიმე გვერდს ზიზღით გადახედავენ და კბილებს შორის გამოსცრიან, ამ წიგნს ხეირიანი კოცონის ასანთებადაც კი ვერ გამოიყენებს კაციო.  

მართლაც, კრიტიკოსები საკმაოდ ხშირად აცამტვერებენ იმედით აღვსილ ავტორებს, მაგრამ ყოველთვის მათი ბრალიაო, ვერავინ იტყვის. საქმე იმაშია, რომ ლიტერატურაში ბედს უსაფუძვლოდ თავდაჯერებული ადამიანებიც ცდიან ხოლმე. რაც თითოეულ ჯერზე კიდევ უფრო მეტ წონას მატებს ამერიკელი ესეისტის კრისტოფერ ჰიჩინსის ფრაზას - კი მართალია, რომ ყველა ადამიანში იმალება წიგნი, თუმცა, ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევაში, სჯობს, ეს წიგნი იქვე დარჩესო.  

ზემოთხსენებულ თავდაჯერებულ ადამიანებს შორის არაერთი ცნობილი მუსიკოსიც მოხვდა. მართლაც, რატომაც არა. თუ ისინი ერთ სიმღერაში ახერხებენ უამრავი ემოციის თავმოყრას, წიგნსაც მშვენივრად დაწერენ, არა? როგორც ჩანს, არა, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც.

7. ლეონარდ კოენი

ლეონარდ კოენი წარმატებულ მუსიკოსთან ერთად, არანაკლებ წარმატებული პოეტი და პროზაიკოსიც გახლდათ. საერთოდაც, მისი მუსიკალური კარიერა ლიტერატურულის შემდეგ დაიწყო. ჯერ ლექსების ორი კრებული გამოაქვეყნა, შემდეგ რომანი „საყვარელი თამაში“. მომდევნო, ექსპერიმენტული ნაწარმოები „მშვენიერი ხელმოცარულები“ კი საბერძნეთში ყოფნისას შექმნა - ფონად რეი ჩარლზი ჰქონდა ჩართული და საბეჭდ მანქანაზე სასიყვარულო სამკუთხედის ამბავს თხზავდა. თუმცა, ლეონარდის წიგნები ბესტსელერებად მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც მისმა სიმღერებმა მუსიკალური ჩარტები დაიპყრო. ლიტერატურის კრიტიკოსებისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო სწორედ მაშინ გახდა.  

Boston Herald-ში ის ჯოისსა და მილერს შეადარეს და „შესანიშნავი, მფეთქავი ნიჭის შადრევანი“ უწოდეს. Toronto Star-მა „კოენი მკითხველს თავს სიტყვებით, ხატებით, პიროტექნიკითა და სიყვარულით ესხმისო“, დაწერა. Observer-მა კი მისი პირველი რომანიც გადააფასა და ლეონარდი „უზარმაზარი ენერგიის მქონე, იუმორით სავსე მწერლის“ ტიტულით შეამკო. მაგრამ კოენმა ამჯობინა კრიტიკოსების კეთილგანწყობით ზედმედად არ ესარგებლა და მეტი აღარაფერი დაუწერია. 

6. მორისი

ნაწილობრივ გაუმართლა მორისის, რომლის მიმართაც Penguin Classic-მა დიდი მოწიწება გამოიჩინა და ავტობიოგრაფიის გამოსაქვეყნებლად ადგილი ლიტერატურის კლასიკოსების გვერდით დაუთმო. თუმცა, გამომცემლის მოწყალება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ The Smiths-ის ყოფილ ფრონტმენს კრიტიკოსები ოდესმე კარგ მწერლად აღიარებდნენ.

მორისის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი რომანი „დაკარგულთა სია“ წიგნის მაღაზიებში გამოჩენისთანავე მიწასთან გაასწორეს, ავტორს კი ჯეიმს ჯოისისთვის მიბაძვის უნიათო მცდელობაში დასდეს ბრალი. ნაწარმოების შეფასებისას, კრიტიკოსები მათ მიერ კითხვის დროს განცდილ ტანჯვას უფრო ხატოვნად აღწერდნენ, ვიდრე თავად მორისი საკუთარ პერსონაჟებს. წლის ყველაზე ცუდად მოთხრობილი ინტიმური სცენისთვის მუსიკოსმა Bad Sex Award-საც გამოჰკრა ხელი, რაც, იმედი ვიქონიოთ, ლიტერატურული მოღვაწეობის გასაგრძელებლად დამატებით მოტივაციას არ შესძენს.

5. ნიკ ქეივი

ნიკ ქეივის შემთხვევაში, ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყების მოტივაციად მისივე სიჯიუტე იქცა. "არავის სჯეროდა, რომ როკ ვარსკვლავს რომანის დაწერა შეუძლია. მეუბნებოდნენ, რომ ვერ მოვახერხებდი, მე კი საწინააღმდეგოს დამტკიცება მსურდა", - განაცხადა მუსიკოსმა სადებიუტო რომანის პრეზენტაციისას. 

„და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისა“ 1989 წელს გამოიცა, კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და გამოცემა Time Out-ის მიერ წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა. სამწუხაროდ, ქეივმა კოენის სიბრძნე არ გაითვალისწინა და 2009 წელს ლიტერატურულ ასპარეზზე ბედი კიდევ ერთხელ მოსინჯა. თუ პირველ წიგნზე მუშაობამ რამდენიმე წელი წაიღო, „ბანი მონროს სიკვდილი“ ნიკისა და მისი ჯგუფის მორიგი მსოფლიო ტურნეს დროს, სამოგზაურო ავტობუსში ექვს კვირაში დაიწერა, რაც, როგორც ჩანს, საბოლოო შედეგზეც შესაბამისად აისახა. გაზეთმა The Stool Pigeon მუსიკოსის მორიგ რომანს გამანადგურებელი შეფასება მისცა - „შესაძლოა, ქეივის აგენტმა იფიქრა, ჩემს კლიენტს ცხვრებივით ფანები ჰყავს, ყველაფერს შეიძენენ, რასაც მისი სახელი ეწერებაო“. რას იზამ, შერისხულო ნიკ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი...

4. ბრიუს დიკინსონი

Iron Maiden-ის ვოკალისტი ბრიუს დიკინსონი მხოლოდ მძიმე მეტალს როდი უთმობს დროს, ის თვითმფრინავის პილოტიცაა, ტელე-რადიო წამყვანიც, ფილმების სცენარისტიც, რისკიანი ბიზნესმენიც და წარმატებული მოფარიკავეც. მისი მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არავინ გაოცებულა, როდესაც მუსიკოსმა 1987 წელს რომანი „ლორდ იფი ბოათრეისის თავგადასავალი“ გამოსცა. სამაგიეროდ, კრიტიკოსები მისმა უნიჭობამ გააოცა. Q-ს ჟურნალისტმა მეთ სნოუმ ისიც კი განაცხადა, აქამდე მსგავსი საშინელება არასდროს წამიკითხავსო. 

კრიტიკის მიუხედავად, Iron Maiden-ის ფანებმა წიგნის გამოსვლისთანავე მისი მთელი ტირაჟი შეიძინეს. რის გამოც გამომცემელმა მუსიკოსს რომანის გაგრძელება შეუკვეთა. დიკინსონის „მისიონერულმა პოზამ“ დღის სინათლე 1992 წელს იხილა.  

3. სერჟ გენსბური

გამოცდილმა პროვოკატორმა სერჟ გენსბურმა, თხზულებით „ევგენი სოკოლოვი“ ბევრს გაუტეხა გული. ალბათ მართლაც ძნელია, არ გაგიტყდეს, როცა 90-გვერდიან წიგნს წაიკითხავ კაცზე, რომელიც საკუთრი სხეულიდან გამოთავისუფლებული გაზებით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, მოგვიანებით კი ბუნებრივი აირის მეშვეობით თავს იკლავს. თავად სერჟი კრიტიკას დიდად არ შეუწუხებია და პერსონაჟს სიყვარულით სიმღერაც კი მიუძღვნა, სადაც მხიარულ მელოდიას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წარმოქმნილი იდუმალი ხმები ერწყმის.

აღსანიშნავია, რომ სერჟმა რომანის წერას ექვსი წელი დაუთმო, პროცესში თანამედროვე ხელოვნება და გასტოენტეროლოგია შეისწავლა და ხუთასი გვერდიც შეთხზა (90 გვერდამდე წიგნი მოგვიანებით, გამომცემლობის მოთხოვნით შემცირდა). თუმცა, როგორც ფრანგულმა გაზეთმა Les Inrockuptible აღნიშნა, ერთი ხუმრობისთვის ნამდვილად ზედმეტი იშრომა. 

2. ჯერარდ ვეი

My Chemical Romace-ის სოლისტმა ყველას დაუმტკიცა, რომ სიმღერის გარდა წერაც შეუძლია. ილუსტრატორ გაბრიელ ბასთან ერთად მან კომიქსი The Umbrella Academy შექმნა - ამბავი დისფუნქციური სუპერგმირების ოჯახზე, რომელიც ზომბ რობოტ გუსტავ ეიფელთან ბრძოლაში ერთიანდება. 

როგორც ჩანს, ჯერარდისა და გაბრიელის ტანდემს შესანიშნავი ქიმია დაჰყვა და კომიქსიც წარმატებული გამოდგა. იმდენად წარმატებული, რომ მალე მის მოტივებზე შექმნილი ათსერიანი სატელევიუზიო შოუს დებიუტიც შედგება, რომელშიც მსახიობ ელენ პეიჯს იხილავთ. 

1. ბობ დილანი

სამოციან წლებში, ფსიქოდელიური ექსპერიმენტების ეპოქაში, შეგეძლო თამამად გეთქვა - ჯოისით ვარ ინსპირირებულიო და შენი ცნობიერების აზვირთებული ნაკადი ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით უგზო-უკვლოდ გეფრქვია. 

ასე მოიქცა ბობ დილანიც და მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს სადებიუტო რომანი „ტარანტული“ შესთავაზა. თუმცა, განდეგილ პოეტს კრიტიკოსებიც განუდგნენ. New York Times-მა ისიც კი განაცხადა, „ტარანტული“ ლიტერატურულ მოვლენად ვერ ჩაითვლება, რადგან დილანმა თავისივე ნაწარმოების პერსონაჟად ვერ ივარგაო.“ რას იზამდა ბობი, გიტარა მოიმარჯვა და უკეთესი დროების მოლოდინში ღიღინი განაგრძო. 5-წლიანმა ლოდინმა შედეგი გამოიღო - ნობელის პრემია ლიტერატურაში. მართალია, “ტარანტულისთვის“ არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? 

კომენტარები

ბოლოს დამატებული