Thumbnail

გია ხადური: 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

წარმოგიდგენთ 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერას წლების მიხედვით, "ბითლზის" და სხვა დინოზავრების გარეშე. 

► 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

10. The Shadows - Apache (1960)

იმის ტიპიური და ერთ-ერთი პირველი ნიმუში, თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ბრიტანელების ხელში ამერიკული მუსიკალური იდეები. ერთი შეხედვით სტანდარტული ინსტრუმენტული სერფ როკი, უაღრესად მოდური იმდროინდელ კალიფორნიაში, მაგრამ უკვე ინგლისური სენსიტიურობით, მანერიზმითა და რომანტიზმით გაჯერებული.

ამ ტრეკიდან აშკარა ხდება, თუ რა საფუძვლებს ეყრდნობა ბრიტანული ინდი როკი. აღარაფერს ვამბობ მუსიკოსების გარეგნობაზე. თითქოს სულ ახალი გადაღებული კლიპია, ვინტაჟური ეფექტებით ხელოვნურად დაძველებული.

სხვათაშორის, The Shadows კლიფ რიჩარდის ბექ-ბენდი იყო მაშინ, მაგრამ აშკარად უფრო ნიჭიერი და „ქულ“ ტიპებისგან შედგებოდა, ვიდრე მათი „კაზიოლი“ ფრონტმენია. 

9. John Leyton - Johnny Remember Me (1961)

დღეს უკვე მივიწყებული ტრეკი, რომელიც სპეციალისტების და მუსიკოსების ყურადღებასღა თუ იპყრობს. არადა 1961 წელს პირველი ჰიტი იყო ბრიტანულ ჩარტებში.

სიმღერა თინეიჯერულ ტრაგედიაზეა - იმდროინდელი კონტროვერსიული ტრენდი, რომელსაც ცენზურა ძალზედ მკაცრად ექცეოდა. ჯონ ლეიტონი (მეორეხარისხოვანი ინგლისელი მსახიობი და მომღერალი) თავის დაღუპულ „გერლფრენდზე“ მღერის. განსაკუთრებით „შემაშფოთებელი“ ქალის ბექ ვოკალია, რომელიც თითქოს საიქიოდან აძლევს ექოს თვითმკვლელობამდე მისულ „ბოიფრენდს“. 

სიმღერის პროდიუსერი გიჟი და მიზანთროპი, სამარიდან ხმის მაძიებელი ჯო მიკია, რომელმაც სტუდიური მანიპულაციებით იმდენი მოახერხა, რომ Johnny Remember Me-ის ტრანსლირება BBC-მ აკრძალა.

სხვათა შორის, შარშან პანკ პოეტმა ჯონ კუპერ კლარკმა და The Stranglers-ის ვოკალისტმა ჰიუ კორნუელმა ამ ტრეკის ქავერი ჩაწერეს, რაც მათი რეპუტაციიდან გამომდინარე სულაც არაა გასაკვირი.

8. Screamin´ Jay Hawkins - I Hear Voices (1962) 

ამ კაცის შემოქმედებითი ბიოგრაფია მარტო ერთი საოცარი ჰიტის (I Put a Spell On You) ავტორობით რომ არ შემოიფარგლება, ამ ტრეკიდანაც აშკარად ჩანს. მოდი და მისი მოსმენის შემდეგ ნუ დაიჯერებ, რომ სქრიმინ ჯეი ჰოუქინსს მართლაც ჩაესმოდა არაამქვეყნიური, შემაშფოთებელი ხმები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სიმღერა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩაწერა, ბექ ვოკალებს კი არანაკლებ შეშლილი სანიტრები და მედდები აძლევენ. 

ჰოდა იმ შორეულ 1962 წელს, რომელი რადიოს დიჯეი გაბედავდა ასეთი “შემაძრწუნებელი“ აკუსტიკური ორგიის ეთერში გაშვებას? არადა ნამდვილი შედევრია, დაუმსახურებლად ჩაკარგული და სრულიად მივიწყებული. ამიტომაც, ყოველგვარი ვიზუალური მხარდაჭერის გარეშე დავდე. უკეთესიცაა, რომ არ აქვს, წარმოსახვას აძლიერებს.

7. BBC Radiophonic Workshop - Doctor Who (1963)

BBC-ის ეს საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალი ეთერში 1963 წელს გავიდა. პირველი სეზონისთვის მუსიკა ავსტრალიელ კომპოზიტორს, რონ გრანიეს შეუკვეთეს. სერიალის თემატიკიდან გამომდინარე, მუსიკის ჟღერადობა ელექტრონულ დამუშავებას მოითხოვდა, რაც დელია დერბიშირმა განახორციელა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ნამდვილ გარღვევად იქცა ელექტრონული მუსიკის წარმოებისა და ჩაწერის კონტექსტში. 

ელექტრონული მუსიკა მანამდე აკადემიური ავანგარდის საკუთრებად ითვლებოდა. ყველა ადრეული პოპ მცდელობები ან სარეკლამო მიზნებს ემსახურებოდა ან წმინდა ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. მაშინ დელია დერბიშირი ალბათ ვერც ხვდებოდა, რომ პანდორას ყუთი გახსნა და სრულიად ახალი ვექტორი გააჩინა პოპ მუსიკაში. როდესაც გრანიემ საკუთარი ნამუშევარი საბოლოო სახით მოისმინა, ისე გაოცდა, ნუთუ ეს ჩემი მუსიკააო, წამოიძახა. რაზეც დელიამ მხოლოდ ნაწილობრივო, მიუგო. მაშინ კეთილშობილმა გრანიემ დერბიშირი თანაკომპოზიტორად გამოაცხადა და საავტორო უფლებები გაუყო.

ასე გადაიქცა საუნდი კომპოზიციის ისეთივე მნიშვნელოვან კომპონენტად, როგორიც მელოდიაა. 

6. Them - Gloria (1964)

ვენ მორისონის ეს ლეგენდარული სიმღერა, სინამდვილეში ბი-საიდია. მუსიკოსს ძალიანაც კი უყვარდა ლაივებზე მისი შესრულება, მაგრამ თავის დროზე ჰიტი მაინც ვერ გახადა. მხოლოდ 1975 წლის შემდეგ მოიპოვა ამ ტრეკმა საკულტო სტატუსი, როცა პატი სმიტმა დააქავერა და საკუთარი კონცერტების საკვანძო ნომრად აქცია.

Gloria ნამდვილი გარაჟ როკია - პირდაპირი, ჩრდილო ირლანდიურად უტიფარი, ცოცხლად, მინიმალური პროდუსინგითა და ქაოტური საუნდით ჩაწერილი. მორისონის ვოკალი იმდენად უკმაყოფილოდ და განგებ გამაღიზიანებლად ჟღერს, რომ აშკარად ვერ ჰქონდა ახალგაზრდობისას ნერვები წესრიგში. მოკლედ ნამდვილი კლასიკაა, თანაც დღესაც თანამედროვედ ჟღერს. აი, ვინტაჟურ ჟღერადობას რომ ეძახიან და არასდროს ძველდება, ზუსტად ისე.

5. Jacques Brel - Ces Gens-la (1965)

ბელგიელი მუსიკოსის ალბომი Ces Gens-la 1966-ში გამოვიდა. თუმცა, ამავე სახელწოდების მქონე სიმღერა ერთი წლით ადრეა ჩაწერილი. ჟაკ ბრელი თავის სიმღერებს კონცერტებისთვის ქმნიდა და მის შემთხვევაში ეს სავსებით გასაგებია. ბრელის ყველა ლაივი ხომ ფაქტობრივად ერთი მსახიობის თეატრს წარმოადგენს. ოის, თუ როგორ თამაშობს იგი საკუთარი სიმღერის პერსონაჟებს, როგორ იქცევა მათი დრამა და ტრაგედია თავად ავტორის დრამად და ტრაგედიად, უბრალოდ უნდა ნახოთ, თუნდაც მონიტორზე. 

თანაც ბრელი სიმღერებს პირველ პირში წერდა და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც მძიმე შთაბეჭდილებას. მის ნამუშევრებში ვერ ნახავთ ჰეფი ენდს, ყველგან გამოუვალი სიტუაციაა. იქაც კი, სადაც თითქოს სინათლე გამოსჭვივის, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა. Ces Gens-la ბრელის შემოქმედებიდან ყველაზე მეტად მიყვარს. მისი სრულყოფილად აღქმისთვის, სასურველია, ტექსტიც გესმოდეთ. ხარისხიანი ვიდეო ინგლისური სუბტიტრებით ვერ ვნახე, ამიტომაც დავდე სწორედ ეს ვერსია. 

4. The Byrds - Eight Miles High (1966)

ჩვენი სიის, ალბათ, ყველაზე გავლენიანი ტრეკი. კომპოზიცია, რომელმაც „ფსიქოდელია“ ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრა პოპ კულტურაში.

იმ პერიოდში, ბენდის წევრები აქტიურად უსმენდნენ ჯონ კოლტრეინს, რავი შანკარს, სისტემატურად ყლაპავდნენ ელესდეს და შედეგიც სახეზეა. საინტერესოა, რომ სტუდიურ საუნდ ხრიკებს აქ ვერ შეხვდებით. სამაგიეროდ, ნახავთ სტანდარტულ პოპ ფორმატში ფრი ჯაზისა და ინდური რაგას ელემენტების შემოტანის საკმაოდ წარმატებულ მცდელობას. გაწელილი ნოტები, დრონის ეფექტი ვოკალში, სიტარის იმიტაცია, შიგადაშიგ გაჯაზებული ბასი, მიკროიმპროვიზაცია - ამდენი „უცხო სხეული“ პოპ სიმღერაში ადრე არავის შეუტანია.

სხვათა შორის, ამ ტრეკის პირველი ვერსია ჯერ კიდევ 1965 წელს ჩაიწერა. თუმცა, ლეიბლმა ბენდი აიძულა სიმღერა გადაეწერა. ახალი ვარიანტი 1966 წლის მარტში გამოვიდა და ცენზურამ მყისვე აკრძალა. სიმღერის სათაური, „8 მილით მაღლა“ ჰალუცინაციურ-ნარკოტიკული ფრენის პროპაგანდად ჩათვალა და იმიტომ. ამაზე ბევრი იბუზღუნეს მუსიკოსებმა - რაის დრაგები, რის ელესდეო? მაგრამ ბოლოს დარწმუნდნენ, რომ ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს და დადუმდნენ. 

3. Neil Diamond - Girl, You’ll be a Woman Soon (1967)

უნდა გამოვტყდე, რომ 1967 წლის „საუკეთესო“ ტრეკის არჩევა ნამდვილ ტანჯვა-წამებად გადაიქცა ჩემთვის. იმის მიუხედავად, რომ ამ ათეულის დაკომპლექტებისას საერთოდ ავუქციე გვერდი „დინოზავრებს“, ამ წელს მათ გარეშეც იმდენი შედევრია შექმნილი, რომ სულ ავიჭერი. ამიტომაც მარტივი გამოსავალი ვიპოვე - ჩავსვი ტრეკი, რომელიც ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებს, ყველას მოსმენილი აქვს და პლუს ჩემს, როგორც ერუდიტი მუსიკოლოგის სტატუსსაც უფრო განამტკიცებს.

დიახ, ეს სწორედ ის სიმღერაა, „კრიმინალური საკითხავიდან“. უფრო სწორედ, მისი ორიგინალური ვერსია, რომელიც თავის დროზე ფაქტობრივად უყურადღებოდ გაატარა მუსიკალურმა სამყარომ. ეს გასაგებიცაა, ის ხომ საერთოდ არ არის ეპოქის სულისკვეთებით გამსჭვალული. შესაბამისად, აქტუალურიც არ იყო. ნილ დაიმონდსაც, მისი დამაჯერებელი ბარიტონის მიუხედავად, როგორც შემსრულებელს მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდნენ.

ტრეკის ჟანრული პოზიციონირებაც ცოტა რთულია. გაუგებარია, რა სახის პუბლიკაზეა გათვლილი და იმიტომ. ისიც გასაკვირია, როგორ დაიკავა თავის დროზე მე-10 პოზიცია ბილბორდის პოპ ჩარტებში. თუმცა ის, რომ სიმღერა უაღრესად დახვეწილია, ორიგინალური და სრულიად მოულოდნელი დინამიკა აქვს, ტარანტინოს წყალობით დღეს უკვე ყველამ კარგად იცის.

 2. Silver Apples - Oscillations (1968)

ეს სიმღერა, რა თქმა უნდა, არ არის ამ წლის საუკეთესო ტრეკი, მაგრამ ნოვატორულობის და დროის წინსწრების თვალსაზრისით, ძნელად თუ რომელიმე შეედრება. დასარტყამი ინსტრუმენტები და პრიმიტიული თვითნაკეთი სინთეზატორი - აი, მთელი ბენდი. მუსიკოსებმა რამდენიმე გენერატორის და ოსცილოგრაფის გამოყენებით ააწყეს რაღაც მანქანა, რომელიც ძნელი დასამორჩილებელი იყო და უაღრესად პრობლემური. სამაგიეროდ ისეთი საუნდი მიიღეს, როგორიც დღესაც კი ძნელად მისაღწევია. 

უფრო სწორედ იმ სპონტანურობის და არაპროგნოზირებადობის მიღწევაა ძნელი, რაც ასე ბუნებრივად გამოსდიოდათ „ვერცხლის ვაშლებს“. ბუნებრივად კი იმიტომ გამოსდიოდათ, რომ უხარისხო მოწყობილობის გამო, საუნდი გაურბოდათ და ატონალური მუსიკის ეფექტი იქმნებოდა, რაც ისე მოსწონდათ თავად მუსიკოსებს, რომ არაფერს ასწორებდნენ. ამიტომაც ლეიბლის გაბრაზებულმა მესვეურებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს, თავიდან მოიცილეს და ძალიანაც მიქარეს. Oscillations ალბომში ყველაზე "ნორმალურად" ისმინება. ეპოქის ფსიქოდელიურობაც სახეზეა, ამიტომაც დავდე აქ.

1. The Stooges - I Wanna Be Your Dog (1969)

დღეს იგი პოპი დინოზავრიცაა და სახალხო არტისტიც, მაშინ კი არავინ იყო. დეტროიტის გარეუბანში, ვაგონში ცხოვრობდა და თავის პონტში უბერავდა, მაგრამ ძალიან მაგრად. მანამდე, მთელი ერთი წელი, ჩიკაგოს კლუბებში, შავკანიან ბლუზმენებთან მუზიცირებდა დრამზე და ერთ რამეს მიხვდა - ის ვერასდროს იგრძნობდა ბლუზს ისე, როგორც ამას „შავები“ ახერხებდნენ. ამიტომაც ფიქრობდა, თეთრი კაცის სენსიტიურობით გაჟღენთილი რიტმ-ენდ-ბლუზი დაეკრა.

რაც გამოუვიდა, თავადაც ხედავთ - სამი აკორდი დისტორშენიან გიტარაზე, ერთი ნოტი პიანინოზე (ჯონ კეილი უკრავს, რომელიც ალბომის პროდუსერიცაა) და მონოტონური რიტმი. მაგრამ ის, თუ როგორ წარმოგვიდგენენ ამ ყველაფერს იგი და მისი ამფსონები, უკვე სულ სხვა თემაა. ნამდვილი აკუსტიკური შტურმი, ზღვარზე მისული, სადომაზოხისტური ვნებები და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ინტელიგენტურობა (ნონკომფორმისტი მასწავლებლების ოჯახიდან ტყუილად კი არ იყო). 

ვინ არ შეასრულა ეს სიმღერა მომდევნო წლებში, მაგრამ ისეთი სახიფათო და ორაზროვანი, როგორც "სთუჯიზს" მაინც არავის გამოუვიდა. ასე დასრულდა სიყვარულის, ყვავილებისა და ემპათიის ეპოქა. 


0. Tiny Tin - Tiptoe Through the Tulip (1968)

60-იანებში, ყველაფერთან ერთად, უამრავი ფრიკი არტისტი გამოჩნდა და აყვავდა. მაგრამ მათ ფონზეც კი, თაინი თიმი ნამდვილი ფენომენია. კაზუსი, რომლის ამოხსნაც დღემდე ჭირს.

საქმე იმაშია, რომ მის მიერ გადამღერებული ეს არქაული ჰოლივუდური ბალადა სრულიად ამერიკის მასშტაბით გაჰიტდა. თიმი ყველაზე რეიტინგული ტელეგადაცემების ხშირი სტუმარი გახდა. თვით ედ სალივანმაც კი მიიწვია თავის ლეგენდარულ შოუში. აუდიტორია მის გამოსვლებს ისე აღიქვამდა, როგორც სთენდაფ შოუს და ძალიან მხიარულობდა. ამ ყველაფერში კი დამნაშავე მისი ფალცეტი და შესრულების კომიკური მანერა იყო.  

ძნელი გასარკვევია, თაინი თიმი ხუმრობდა თუ მართლა შერეკილი იყო. ამაში მისი მშობლებიც კი ვერ გაერკვნენ თავის დროზე. ჯერ კიდევ 50-იანებში მოზარდმა თიმმა თმები მხრებამდე გაუშვა და გაოგნებულმა დედამისმა ფსიქოანალიტიკოსიც კი დაიქირავა, შვილი გამიგიჟდაო. მაგრამ, მეორეს მხრივ, ნამდვილი ერუდიტი იყო, ჰარვარდის პროფესორივით ბაზრობდა თურმე.

აი. სწორედ ამ შეუსაბამობებშია დაფარული თაინი თიმის და მისი “თითის წვერებით ტიტებში შესვლის“ კურიოზული წარმატების საიდუმლო, რაც პრინციპში სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში 60-იანებთან. მაშინ ხომ ყველა ისედაც შეშლილი იყო.

► 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული