Thumbnail

მაისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2018 წლის მაისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას: 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Childish Gambino - This Is America

მაისის დასაწყისში ამერიკელმა არტისტმა დონალდ გლოვერმა, სასცენო სახელით Childish Gambino, ახალი სიმღერა This Is America და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარმოადგინა. ტრეკი ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის პრობლემას ეხმაურება. არაჩვეულებრივ კლიპზე იაპონელმა რეჟისორმა ჰირო მურაიმ იმუშავა, რომელსაც გამბინოს სერიალის Atlanta რამდენიმე ეპიზოდიც აქვს გადაღებული.

9. Skee Mask - Via Sub Mids

ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე გერმანელმა არტისტმა Skee Mask ახალი ტრეკი Via Sub Mids გამოსცა. კომპოზიცია მის ალბომში Compro არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 16 მაისს ჩაეშვა. ჩანაწერი ცნობილმა ლეიბლმა Ilian Tape გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა 25 მაისს საგურამოში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 4GB დაუკრა.

8. Nine Inch Nails - God Break Down The Door

ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი სიმღერა God Break Down The Door გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Bad Witch იქნება წარმოდგენილი, რომელიც 22 ივნისს გამოიცემა. მუსიკოსებმა ჩანაწერის მხარდასაჭერი ტურნეც დააანონსეს.

7. The Black Eyed Peas - Ring The Alarm pt.1, pt.2, pt.3

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The Black Eyed Peas ახალი სიმღერა Ring The Alarm pt.1, pt.2, pt.3 და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჰიპ ჰოპ ჩანაწერში რეგეისა და ჯაზ მუსიკის ელემენტებია გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ კოლექტივი მსმენელებს შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, სინგლით Street Livin' დაუბრუნდა. 

6. BTS - Fake Love

სამხრეთ კორეული ბენდი BTS პირველი კეიპოპ ჯგუფი გახდა, რომლის ალბომმაც Love Yourself: Tear ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მაისში კოლექტივმა თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერა Fake Love და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი შესთავაზა. ჩანაწერი ტრადიციულად კეიპოპსა და ჰიპ ჰოპ მუსიკას აერთიანებს.

5. ერეკლე დეისაძე - მე ვცეკვავ

ქართველმა არტისტმა ერეკლე დეისაძემ ახალი სიმღერა "მე ვცეკვავ" და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. კომპოზიცია 12 მაისს კლუბ “ბასიანსა“ და კაფე "გალერეაში“ პოლიციის სპეცრაზმის შეჭრასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება. 

4. Death Grips - Flies

ამერიკულმა ექსპერიმენტულმა ჰიპ ჰოპ ბენდმა Death Grips ახალი სიმღერა Flies და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი შემოგვთავაზა. კომპოზიცია ჯგუფის რიგით მე-6 ალბომში Year of the Snitch შევა, რომლის გამოსვლაც წელს იგეგმება. 2016 წლის შემდეგ, ეს პროექტის პირველი სტუდიური ნამუშევარი იქნება. 

3. Cas - CoMIX ft. Goofy, Sf-x, Dzvali & Kabu

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, სასცენო სახელით Cas, მსმენელს ახალი კომპოზიციით CoMIX უბრუნდება. ნამუშევარში ცნობილი რეპერები Sf-x (ზაზა ნოზაძე), გუფი (ლაშა ხუციშვილი), ძვალი (აჩი ვანიშვილი) და კაბუ (კახა აბუაშვილი) მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი თავად კასპერი გახლავთ. ნამუშევარი კი სტუდიაში Ghost Records ჩაიწერა. 

2. James Blake - Don't Miss It

ბრიტანელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლეიკმა ახალი სიმღერა Don't Miss It გამოუშვა. კომპოზიციაზე მან ინგლისური დუეტის Mount Kimbie ერთ-ერთ წევრთან, დომ მეიქერთან ერთად იმუშავა. ტრეკის პრემიერა BBC Radio 1-ის ეთერში შედგა.

1. Pusha T - Santeria

მაისის ბოლოს ჰიპ ჰოპ არტისტმა ტერენს თორნტონმა, იგივე Pusha T-იმ, გაყიდვაში წლების წინ დაანონსებული ალბომი DAYTONA ჩაუშვა. 7 ტრეკისგან შემდგარი ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული მუსიკოსი ქანიე ვესთი გახლავთ. Santeria ახალი ალბომის გამორჩეული კომპოზიციაა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული