Thumbnail

2017 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსიკის მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება დაიწყო, როკმა დაკარგა ყველაზე პოპულარული ჟანრის სტატუსი და პირველობა არენბი/ჰიპ ჰოპს დაუთმო. 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომიდან 7 სწორედ ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ.

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეორე. ემსიინგი

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეოთხე. Def Jam-ის ეპოქა

თუმცა, ჰიპ ჰოპი ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ მუსიკა. ის საკუთარ თავს არა მხოლოდ ჟანრად, არამედ კულტურადაც მოიაზრებს. თანამედროვე სამყაროში მისი მნიშვნელობის აღსაქმელად გაყიდული ჩანაწერების თვლა საჭირო ნამდვილად არ არის. 1970-იანი წლების ნიუ იორკში ჩასახულმა ახალგაზრდულმა არტ მოძრაობამ, 90-იანებიდან იატაკქვეშეთიდან ამოაღწია და დღეს მეინსტრიმის ნაწილია.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

გაინტერესებთ, როგორ გაჩნდა ჰიპ ჰოპი და რა ევოლუცია განიცადა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში? ამისთვის საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკა და ამ ეპოქის გავლენა სამხრეთ ბრონქსზე - ადგილზე, სადაც ყველაფერი დაიწყო.

ბრონქსი იწვის

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 1970-იანი წლები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. უოტერგეიტის სკანდალს და პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომას, საიგონის დაცემა და სამხრეთ ვიეტნამის დანებება მოჰყვა, რაც აშშ-ის ისტორიაში პირველი და ერთადერთი სამხედრო მარცხი გახდა. ეს მოვლენები ეკონომიკური პრობლემების, ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდის ფონზე ვითარდებოდა. ვიეტნამის ომი ამერიკას ზედმეტად ძვირი დაუჯდა.

სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები განსაკუთრებით მძიმედ ნიუ იორკის ჩრდილოეთით მდებარე რაიონზე, ბრონქსზე აისახა. სიღარიბე, უფუნქციო ინფრასტრუქტურა და მიტოვებული კორპუსები მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშნები გახდა. უმუშევრობისა და ცხოვრების გაუსაძლისი პირობების გამო, ქალაქის ამ ნაწილში მცხოვრებთა რიცხვი 300,000 ადამიანით შემცირდა.

ბრონქსი 1970-იან წლებში

ბრონქსში უძრავი ქონების ფასი ისე დაეცა, რომ მფლობელებისთვის გაქირავებაზე მომგებიანი სახლების გადაწვა და სადაზღვევო კომპენსაციის მიღება გახდა. 1977 წელს, ნიუ იორკის “იანკების” სტადიონიდან ბეისბოლის მატჩის ტრანსლაციის დროს, ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში რაიონში მძვინვარე ხანძრის კერები გამოჩნდა. მათ დანახვაზე სპორტულმა კომენტატორმა მაყურებლებს ასე მიმართა: "ქალბატონებო და ბატონებო, ბრონქსი იწვის!".

დანახშირებული ბრონქსი პოსტაპოკალიპტურ სამყაროს დაემსგავსა. მას ორგანიზებულ დამნაშავეთა ბანდები დაეპატრონენ. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჰეროინი იყო, რომლის გასაყიდადაც საჭირო ტერიტორიების დასაუფლებლად უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. Black Spades, Savage Nomads, Ghetto Brothers, Javelins, Screaming Phantoms - იმ კრიმინალური ფორმირებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქალაქს საომარი მოქმედებების ზონად აღიქვამდნენ.

კრიმინალური ბანდების Black Spades და Savage Nomads წევრები

თავიდან იყო დისკო

იმ პერიოდის ამერიკულ კლუბებში დისკო ისევე დომინირებდა, როგორც ბრონქსში დანაშაულებრივი დაჯგუფებები. ადგილობრივი დიჯეებიც რაიონის პარკებსა თუ ეზოებში შეკრებილ ახალგაზრდებს სწორედ დისკოსა და ფანკის სელექციით ართობდნენ.

წვეულება ბრონქსის ერთ-ერთ უბანში

ერთი კომპოზიცია მეორეს ცვლიდა და ისინი ამჩნევდნენ, რომ ინსტრუმენტული ნაწილის დროს ხალხი ენერგიულად ცეკვავდა, ვოკალის გაჟღერებისას კი ძირითადად გაუნძრევლად იდგა. ამიტომაც, ბრონქსელმა დიჯეებმა თანდათან სიმღერის მხოლოდ იმ მონაკვეთების დაკვრა დაიწყეს, რომელთა საშუალებითაც დენსფლორზე მუდმივ მუხტს შეინარჩუნებდნენ.

ერთ ფირსაკრავზე დასრულების შემდეგ, დიჯეები კომპოზიციის იმავე სეგმენტს მეორეზე უშვებდნენ და ამ გზით საცეკვაო მუსიკის უწყვეტ რიგს ქმნიდნენ. ამ პროცესში, მათთვის სრულიად გაუცნობიერებლად, ახალი ჟღერადობა დაიბადა. ცოცხალი ინსტრუმენტების გარეშე, ფირსაკრავის გამოყენების ნოვატორული მეთოდებით, ბრონქსელმა დიჯეებმა რევოლუციურ მუსიკალურ მიმართულებას ჩაუყარეს საფუძველი.

ბრონქსელი ჰერაკლე

ყველა რევოლუციას საკუთარი ლიდერი ჰყავს. იმდროინდელ ბრონქსს ასეთ გმირად კლაივ კემბელი მოევლინა.

Kool Herc

სკოლაში კლაივი კალათბურთს თამაშობდა. სიმაღლის გამო “ჰერაკლეს” სწორედ თანაგუნდელები ეძახდნენ. როდესაც წამოიზარდა, გრაფიტი არტისტების ერთ-ერთ დაჯგუფებას შეუერთდა და სახელად “ქულ ჰერქი” დაირქვა.

წარმოშობით იამაიკელი დიჯეის კარიერა უბნის ივენთებით დაიწყო. მამამისი აუდიოტექნიკის გაქირვებით არჩენდა ოჯახს. თუმცა, კლაივს საჭირო აპარატურის შეგროვება მაინც ნაცნობ-მეგობრებში უწევდა. უფროსი კემბელი მას საკუთარი ტექნიკით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა.

ერთ დღეს, კლაივმა მამას აუხსნა, როგორ შეიძლებოდა მისი მუსიკალური სისტემიდან საუკეთესო ჟღერადობის მიღება. ამით მან მშობლის ნდობა მოიპოვა და აპარატურის გამოყენების ნებართვაც მიიღო. გახარებულმა თინეიჯერმა საკუთარ დასთან, სინდისთან ერთად, 25 დოლარად მათსავე საცხოვრებელ კორპუსში მდებარე დარბაზი იქირავა, უბანში ხელით დახატული ფლაერები დაარიგა და სტუმრების დასახვედრად მზადება დაიწყო.

ქულ ჰერქის პირველი წვეულების ხელით დახატული მოსაწვევი, რომლის ავტორიც ჰერქის და იყო.

1973 წლის 11 აგვისტოს, კემპბელების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისული გოგო-ბიჭები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ისტორიული მოვლენის თვითმხილველები გახდებოდნენ.

„ხალხი ადგილიდან არ იძვროდა და საცეკვაოდ სიმღერის კონკრეტულ მონაკვეთებს ელოდებოდა”, - იხსენებს ქულ ჰერქი იმ საღამოს.

ამიტომაც, ახალბედა დიჯეიმ გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და მის მიერ შერჩეული სიმღერების მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილი, ე.წ. ბრეიქები გაეჟღერებინა. ამისთვის მან ფირსაკრავებზე ერთი და იმავე ჩანაწერის ერთდროულად ორი ასლი მოათავსა და საჭირო ადგილზე რიგრიგობით ხელით ატრიალებდა. ასე გაჩნდა მუსიკის ახალი ჟანრი - ბრეიქბიტი.

ამაღლებულ ადგილზე განთავსებული აპარატურის უკან მდგომი ორმეტრიანი ჰერქი, თავდავიწყებით მოცეკვავე ახალგაზრდებს - ბრეიქ დანსერებს, ოლიმპოს მთიდან მოვლენილი ზევსის შვილივით გადმოჰყურებდა. ტრეკებს შორის პაუზებში კი, დამსწრე საზოგადოებას, პრიმიტიულ ექოს ეფექტში გატარებული მიკროფონის საშუალებით, გარითმული წინადადებებით მიმართავდა. ეს უკვე რეპის ადრეული ჩანასახი იყო. სეჯვიქ ავენიუზე გამართული წვეულება ისტორიაში პირველი ჰიპ ჰოპ ივენთი გახდა.

კლაივი დასაკრავად ისეთ ჩანაწერებს ირჩევდა, რომელთა მეშვეობითაც საკუთარი ხელით აწყობილი მუსიკალური სისტემის სიმძლავრის სრულყოფილად დემონსტრირებას შეძლებდა. მისი ფავორიტი კომპოზიციები ჯეიმს ბრაუნის Give It Up or Turnit a Loose, ჯიმი კასტორის It's Just Begun, “ინქრედიბლ ბონგო ბენდის” Bongo Rock და Apache, ასევე ბრიტანული როკ ჯგუფ “ბეიბ რუთის” The Mexican იყო. 

ერთი წლის შემდეგ, ჰერქი უკვე ადგილობრივ კლუბებში უკრავდა. იქ მას ფირსაკრავებზე სრული კონცენტრაცია ესაჭიროებოდა. ამიტომაც, მიკროფონი თავის მეგობარს, კოუქ ლა როკს გადაულოცა, რომელიც ბრეიქებს შორის შეკრებილ ხალხს გარითმული ფრაზებით ართობდა. ითვლება, რომ სწორედ ის არის პირველი MC (Master of Ceremonies, ანუ ცერემონიის ოსტატი) ჰიპ ჰოპის ისტორიაში.

Afrika Bambaataa

ისევე, როგორც ბრონქსში მცხოვრები ბევრი სხვა მისი თანატოლი, აფრიკა ბამბაატაც ახალგაზრდული დაჯგუფების, Black Spades-ის წევრი იყო. პიროვნული თვისებებით გამორჩეულმა მოზარდმა საკმაოდ სწრაფად შეძლო ავტორიტეტის მოპოვება და ბანდის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ლიდერიც გახდა. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, რომ არა 1975 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვება. ბამბაატას მიერ დაწერილმა ესემ ბრონქსელ სკოლის მოსწავლეს აფრიკის კონტინენტზე მოგზაურობა მოაგებინა.

Afrika Bambaataa

ნიგერიაში, კოტ-დ’ივუარსა და გვინეა-ბისაუში გატარებულმა ორმა კვირამ ბამბაატაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სახლში დაბრუნების შემდეგ, მან დაჯგუფება დატოვა, დიჯეები, გრაფიტის არტისტები და ბრეიქ დანსერები შემოიკრიბა და Zulu Nation დააარსა. დღეს ზულუ საერთაშორისო ინსტიტუტია, რომლის მიზანიც ჰიპ ჰოპ კულტურის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაა. თუმცა, სამოცდაათიანებში ამ გაერთიანების მთავარი დანიშნულება კრიმინალური ცხოვრების წესის ალტერნატივის შექმნა იყო. აფრიკა ბამბაატამ ბრონქსელ ახალგაზრდებს ახალი ასპარეზი შესთავაზა, რომელიც მათთვის დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრობაზე არანაკლებ მიმზიდველი იყო.

1976 წელს, სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, დედამ, რომელიც თავადაც მუსიკის დიდი მოყვარული იყო, ბამბაატას აუდიოსისტემა აჩუქა.

"ჩემი პირველი ივენთისთვის, მე უკვე საკმაოდ პოპულარული ვიყავი. ამიტომ, ხალხის მოყვანა საერთოდ არ გამჭირვებია", - იხსენებს დიჯეი.

Afrika Bambaataa

თუ ქულ ჰერქის მთავარი კოზირი მისი აპარატურის მძლავრი ხმა იყო, აფრიკა ბამბაატა პოპულარობას მუსიკალური გემოვნებისა და ცოდნის ხარჯზე იხვეჭდა. დედის მიერ შეგროვებული ფირფიტების კოლექციის წყალობით, მის სეტებში უმეტესწილად ბრონქსისთვის სრულიად უცნობი მუსიკა ჟღერდა.

"როლინგ სთოუნზი" და "აეროსმიტი" პირველად სწორედ ბამბაატას ფართიზე მოვისმინე და ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. მაშინ მივხვდი, რომ მუსიკას რასა არ განსაზღვრავს და ეს სწორედ ბამბაატას დამსახურებაა", - იხსენებს პიონერი ბრონქსელი დიჯეი თეოდორი.

ქულ ჰერქის და აფრიკა ბამბაატას წარმატების ფონზე, სხვა დიჯეებმაც საკუთარი სეტებისთვის ისეთი კომპოზიციების შერჩევა დაიწყეს, რომლებშიც საცეკვაო ბრეიქ მონაკვეთი იქნებოდა. მალე ასეთ ჩანაწერებს ცეცხლის ფასი დაედო. მუსიკალური მაღაზიების მფლობელები ამა თუ იმ ივენთზე გაჟღერებული სიმღერების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ, შემდეგ მათ უკანონოდ, საავტორო უფლებების დაცვის გარეშე ამრავლებდნენ და მსურველებზე ყიდდნენ. ამ მოვლენამ იმდენად გავრცელებული სახე მიიღო, რომ დიჯეებმა ფირფიტებიდან ეტიკეტების აძრობა დაიწყეს, რათა ვინმეს შემთხვევით ტრეკის სახელწოდება არ წაეკითხა.

Grandmaster Flash

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქულ ჰერქს, მუსიკალური სისტემის ხმის სიმძლავრით, ბრონქსში ვერავინ შეედრებოდა. თუმცა, მის დაკვრის ტექნიკას სრულყოფილებამდე ბევრი აკლდა. ჰერქის სეტებში ერთი ბრეიქიდან მეორეზე გადასვლა ყოველგვარი რიტმული ბმის გარეშე, უხეშად ხდებოდა, რაც ყოვლად მიუღებელი იყო პედანტი ჯოზეფ სადლერისთვის. გრენდმასტერ ფლეშის სახელით ცნობილ ახალგაზრდა დიჯეის ქულ ჰერქის მიერ გამოგონებული ტექნიკის დახვეწა სურდა. მისი მიზანი 15-წამიანი ბრეიქ მონაკვეთების 5 წუთამდე გახანგრძლივება იყო, შემდეგ კი სხვა სეგმენტზე გადასვლა ისე, რომ მოცეკვავეებისთვის რიტმი არ დარღვეულიყო.

Grandmaster Flash

ერთ დღეს, ამ იდეით შეპყრობილი სადლერი დისკო დიჯეის პიტ ჯოუნსის ივენთზე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი თავის ფირფიტებს ისე უკრავდა, როგორც ჯოზეფს წარმოედგინა - ერთი სეგმენტიდან მეორეზე შეუმჩნევლად გადადიოდა, რაც მსმენელებს უწყვეტი სეტის შთაბეჭდილებას უქმნიდა. ნანახით აღტაცებული ფლეში ჯოუნსს მოსწავლედ მიებარა და ფირსაკრავის აგებულებასა და მისი ამა თუ იმ დეტალის დანიშნულებაში გარკვევა დაიწყო.

შედეგად, გრენდმასტერ ფლეშმა თავის ორ ფირსაკრავს ხმის კიდევ ერთი არხი დაუმატა, რაც მას საშუალებას აძლევდა ფირფიტებისთვის ყურსასმენითაც მოესმინა. სანამ ერთი კომპოზიცია დასრულდებოდა, ფლეში მომდევნოს ბრეიქ სეგმენტს ამოწმებდა, თან ისე, რომ მსმენელებისთვის ეს შეუმჩნეველი რჩებოდა. საჭირო მონაკვეთის მოსაძებნად კი ფირფიტას ფირსაკრავის ნემსის აუღებლად, ხელით ატრიალებდა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

ის ვინილებს ისრის მსგავსი სიმბოლოთი ნიშნავდა, რათა ადვილად დაენახა, სად იწყებოდა ბრეიქ სეგმენტი. მას შეეძლო სიმღერის წყობა ფუნდამენტურად შეეცვალა და უკვე არსებული ნაწილების სტრუქტურის გადაწყობით სრულიად ახალი კომპოზიცია მიეღო. შესაკრებთა გადანაცვლებით ფლეში სწორედ რომ ჯამს ცვლიდა.

გრენდმასტერ ფლეშის ინოვაციები - ამა თუ იმ ტრეკის ნაწყვეტებით ახალი კომპოზიციის შექმნა, ანუ სემფლინგი და ამ ნაწყვეტების გადაბმულად გაჟღერება, ანუ ლუფინგი ჰიპ ჰოპის ფუნდამენტური ელემენტები გახდა.

1976 წლისთვის, გრენდმასტერი უკვე ორ სხვადასხვა კლუბში უკრავდა. როგორც ყველა სხვა დიჯეი, ისიც სცენაზე რეპ კოლექტივთან ერთად გამოდიოდა. 80-იანების დასაწყისში სწორედ მან და მისმა ჯგუფმა სახელწოდებით The Furious Five ჩაწერეს სიმღერა, რომელმაც ჰიპ ჰოპი ძირფესვიანად შეცვალა. თუმცა, ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

Grand Wizzard Theodore

ადრეული ეპოქის ჰიპ ჰოპზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით კიდევ ერთ პიონერ დიჯეის, გრენდ ვიზარდ თეოდორს. ადამიანს, რომელმაც ფირსაკრავზე დაკვრის სრულიად ახალ მეთოდს მიაკვლია.

Grand Wizzard Theodore

ერთ დღეს, როდესაც თეოდორი საკუთარ საძინებელში ფირსაკრავით ერთობოდა, ოთახის კარი გაბრაზებულმა დედამ შეუღო და მუსიკის ხმის ჩაწევა უბრძანა. მომავალ დიჯეის ჩართული სიმღერის ბრეიქ სეგმენტის გამოტოვება არ სურდა. ამიტომაც, სანამ მშობელი ჭკუას არიგებდა, ფირფიტას ხელი დაადო და ნემსის აუღებლად შეაჩერა. რამდენიმე წამის შემდეგ თეოდორმა გააცნობიერა, რომ ხმა, რომელიც გაფხაჭნილმა ვინილმა გამოსცა, აქამდე არასდროს მოესმინა. გაოცებულმა, ფირფიტა ჯერ წინ წასწია, შემდეგ უკან და მიხვდა, რომ ამ უცნაური ბგერებით მანიპულირება შეეძლო. ჰიპ ჰოპ დიჯეებისთვის უმნიშვნელოვანესი ტექნიკა - სქრეჩი, სწორედ დატუქსული ბრონქსელი მოზარდის ოთახში შეიქმნა.

პიონერი ბრონქსელი დიჯეების მიერ გამოგონებულ დაკვრის ყველა ტექნიკას ერთი დანიშნულება ჰქონდა - რაც შეიძლება მეტი მუხტის შეტანა საცეკვაო მოედანზე. ჰიპ ჰოპიც წლების განმავლობაში ერთმნიშვნელოვნად საცეკვაო მუსიკა იყო. თუმცა, დიჯეინგი საკუთარ ფესვებს ნელ-ნელა ჩამოშორდა და მსმენელის განწყობაზე ზრუნვის ნაცვლად, სანახაობის მოწყობაზე გახდა ორიენტირებული. ჟანრმა კი სოციალური დატვირთვა შეიძინა და ყურადღების ცენტრში დიჯეის ნაცვლად, უკვე ემსი მოექცა. ამ ეპოქის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეორე. ემსიინგი

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეოთხე. Def Jam-ის ეპოქა

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული