Thumbnail

"ახლა ისიც აღარაა და იმ სულელურ კლუბს შეუერთდა", - ეს სიტყვები Nirvana-ს ფრონტმენის, კურტ კობეინის დედამ წარმოთქვა, 1994 წელს, როდესაც შვილის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო. თუ წინა საუკუნის 60-70-იან წლებში არტისტების 27 წლის ასაკში გარდაცვალება უბრალოდ დამთხვევად ითვლებოდა, დღეს ეს უკვე სტატისტიკური პარადოქსია. 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ მუსიკოსებს, რომლებიც მსოფლიომ 27 წლის ასაკში დაკარგა. 

27. რობერტ ჯონსონი

27 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსთა კლუბის სათავეში ლეგენდარული ბლუზმენი, რობერტ ჯონსონი დგას, რომლის ცხედარიც 1938 წელს, მისისიპის შტატის ქალაქ გრინვუდში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ეჭვიანმა ქმარმა მოკლა, რომლის ცოლსაც ჯონსონი ეფლირტავებოდა.

26. ჰელმუტ კოლენი (Triumvirat)

გერმანული პროგრესივ როკ ჯგუფის, Triumvirat-ის ბასისტი და ვოკალისტი, ჰელმუტ კოლენი საკუთარ ავტოფარეხში ნახშირჟანგის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ის ბენდის ნამუშევრებს მანქანაში უსმენდა და ძრავი ჩართული ჰქონდა.

25. კრის ბელი (Big Star)

70-იანი წლების ცნობილი როკ ბენდის, Big Star-ის ვარსკვლავი კრის ბელი 1978 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. რეპეტიციიდან მომავალმა მუსიკოსმა სპორტული მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. 

25. პიტ ჰემი (Badfinger)

ჯგუფ Badfinger-ის წევრი, პიტ ჰემი თვითმკვლელობამდე წამგებიანმა ბიზნესგარიგებებმა მიიყვანა. ტომ ევანსთან ერთად, სწორედ მას ეკუთვნის სიმღერა Without You, რომელიც მოგვიანებით მერაია ქერის შესრულებით გაჰიტდა. 

24. დი ბუნი (The Minutemen)

80-იანი წლების კალიფორნიული პანკ როკ ბენდის, The Minutemen-ის გიტარისტი ტურნეს დროს დაიღუპა, როდესაც ჯგუფის კუთვნილი მინივენი ბოძს შეასკდა. 

23. რიჩი ჯეიმს ედვორდსი (Manic Street Preachers)

უელსიური როკ ჯგუფის, Manic Street Preachers-ის გიტარისტი 1995 წელს, 27 წლის ასაკში გაუჩინარდა, ოფიციალურად გარდაცვლილად კი 2008 წლიდან ითვლება. 

22. რუდი ლუისი (The Drifters)

ამერიკელი არენბი მომღერალი და ჯგუფის The Drifters ვოკალისტი, 1964 წელს ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა. თუმცა, მისი ოჯახი აცხადებდა, რომ რუდის გულის შეტევა მოუვიდა. 

21. ალან ვილსონი (Canned Heat)

ამერიკული როკ ბენდის Canned Head გიტარისტი და ვოკალისტი ალან ვილსონი დამამშვიდებელი პრეპარატების ზედოზირებით დაიღუპა. დღემდე დაუდგენელია, ეს შემთხვევითობა იყო თუ სუიციდი. თუმცა, ცნობილია, რომ მან თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა.

19. რიჩარდ ტერნერი (Friendly Fires)

რიჩარდ ტერნერი, ჯგუფ Friendly Fires-ის მესაყვირე, 2011 წლის 19 აგვისტოს აუზში ცურავდა, როდესაც მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

18. ფრიკი თა (Lost Boyz)

ნიუ იორკში შექმნილი ჰიპ ჰოპ კოლექტივის Lost Boyz-ის წევრი, ფრიკი თა 1999 წელს მოკლეს. ის მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა, როდესაც სასტუმროდან გამოსულს, რამდენიმე ტყვია ესროლეს. 

17. ლესლი ჰარვი (Stone the Crows)

შოტლანდიური ბლუზ როკ ჯგუფის Stone the Crows-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლესლი ჰარვი 1972 წელს, ქალაქ სუონსიში, წვიმიან ამინდში კონცერტის დროს დაუმიწებელ მიკროფონს შეეხო და დენმა დაარტყა. ტექნიკური პერსონალის წევრები მისი გიტარის გამორთვას უშედეგოდ ცდილობდნენ. მუსიკოსი გარდაიცვალა. 

16. შონ მაკკეიბი (Ink and Dagger)

შონ პატრიკ მაკკეიბის გადამდები ენერგია სწორედ ის იყო, რაც 90-იანების ფილადელფიურ პანკ სცენას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. სამწუხაროდ, მაკკეიბი 2000 წელს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ იმსხვერპლა.

15. პიგპენი (Grateful Dead)

Grateful Dead-ის ვოკალისტი და მეკლავიშე პიგპენი შინაგანი სისხლდენისგან გარდაიცვალა, რაც ჭარბმა სმამ გამოიწვია. 

14. ჯეიკობ მილერი

იამაიკელ მომღერალს, ჯეიკობ მილერს ხავერდოვანი ბალადებისა და როკის შტრიხებით გაჟღენთილი რეგეის შესრულება ერთნაირად კარგად გამოსდიოდა. მილერს ბობ მარლის ამერიკულ ტურნეშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 1980 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. 

13. ჯერემი მაიკლ ვარდი (The Mars Volta) 

მაიკლ ვარდი ამერიკული პროგრესივ როკ ბენდის, "მარს ვოლტას" განუყოფელი ნაწილი იყო. სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, მუსიკოსი ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

12. პიტ დე ფრეიტასი (Echo & The Bunnymen)

დრამერი პიტ დე ფრეიტასი ლივერპულურ პოსტ პანკ ბენდს 1979 წელს შეუერთდა და პირველი 5 ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.1989 წელს ის ავტოავარიაში დაიღუპა. 

11. მია ზაპატა (The Gits)

გრანჟ ჯგუფი The Gits 90-იანების ალტერნატიული მუსიკის სცენას ნელ-ნელა იპყრობდა, როდესაც ვოკალისტი მია ზაპატა მოულოდნელად გაუჩინარდა. 1993 წლის 7 ივლისს მისი სხეული შემზარავ მდგომარეობაში აღმოაჩინეს - ქალი ნაცემი, გაუპატიურებული და გაგუდული იყო. მკვლელობის გახსნას 10 წელზე მეტი დასჭირდა. 

10. კურტ კობეინი (Nirvana)

90-იანი წლების მუსიკის ლეგენდა, კურტ კობეინი 1994 წლის 8 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

9. კრისტენ პფაფი (Hole)

კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან 2 თვის შემდეგ, მისმა მეუღლემ, კორტნი ლავმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა. მისი მეგობარი და Hole-ის ბასისტი, 27 წლის კრისტენ პფაფი ჰეროინის ზედოზირებამ იმსხვერპლა.  

8. გარი თეინი (Uriah Heep)

Uriah Heep-ის ყოფილი ბასისტი, გარი თეინიც ჰეროინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვით ადრე ის ჯგუფიდან სწორედ ნარკოდამოკიდებულების გამო გააგდეს.

7. ემი უაინჰაუსი

ემი უაინჰაუსი გარდაცვალებამდეც ტრაგიკულ ფიგურად ითვლებოდა. ნარკოტიკებთან მის ბრძოლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. 2011 წელს კი ემი ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ იმსხვერპლა.

6. დეივ ალექსანდერი (The Stooges)

დეივ ალექსანდერი, The Stooges-ის პირველი შემადგენლობის ბასისტი, პანკ როკის პიონერად ითვლება. ის 1975 წელს პნევმონიითა და მწვავე პანკრეასით გარდაიცვალა.

5. ბრაიან ჯონსი (The Rolling Stones)

ლეგენდარული "როლინგ სთოუნზის" ერთ-ერთი დამაარსებელი და გიტარისტი საკუთარ საცურაო აუზში დაიხრჩო.

4. კიმ ჯონგჰიუნი (SHINee)

სამხრეთ კორეული ბოიბენდის SHINee ვოკალისტი, კიმ ჯონგჰიუნი 2017 წლის 18 დეკემბერს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ცნობილია, მომღერალი დეპრესიას ებრძოდა.

3. ჯიმი ჰენდრიქსი

ლეგენდარულმა მუსიკოსმა ალკოჰოლთან ერთად საძილე აბები მიიღო, რის შემდეგაც მძინარე ღებინებისგან გაიგუდა.

2. ჯენის ჯოპლინი

ლეგენდარული მომღერალი, ჯენის ჯოპლინი ჯიმი ჰენდრიქსის სიკვდილიდან ზუსტად 16 დღეში, ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

1. ჯიმ მორისონი (The Doors)

ჯიმ მორისონი 1960-იან წლებში ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული, რაც მის სასცენო გამოსვლებზე აისახებოდა კიდეც. ის 27 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, რადგან გვამის გაკვეთა არ მომხდარა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული