Thumbnail

ლიტერატურული წიაღსვლები ქენდრიქ ლამარის შემოქმედებაში

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მუსიკა და ლიტერატურა რომ მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული, არაერთ ჟანრსა და ეპოქაში გამოვლენილა - ბობ დილანის ფსევდონიმის კავშირი დილან თომასის სახელთან, The Cure-ის მიერ ალბერ კამიუს ნოველის "უცხო" შთაგონებით დაწერილი Killing an Arab, ჯონ ტოლკიენის სამყაროს უზარმაზარი გავლენა მძიმე მეტალის სხვადასხვა მიმართულებაზე და ა.შ. ბუნებრივია, რომ ჰიპ ჰოპი, რომელშიც ტექსტს, ყველა სხვა მიმდინარეობისგან განსხვავებით, უზარმაზარი დატვირთვა აქვს, ამ მხრივაც გამორჩეულია. Andre 3000, The Roots, Jay-Z, Method Man, MF DOOM - ამ არტისტებმა ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყველა ეპოქის მწერლებისგან მიიღეს შთაგონება, დაწყებული ჰომეროსით და დამთავრებული ჩარლზ დიკენსით.

ლიტერატურული ძიებები დიდი ოდენობით გვხვდება თანამედროვე ჰიპ-ჰოპ სამყაროს სუპერვარსკვლავის, პულიცერის პრემიის ლაურეატის, ქენდრიქ ლამარის შემოქმედებაში. კომპტონელი არტისტით აღსაფრთოვანებლად საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს - ბრწყინვალე ბითები, კონცეპტუალური ალბომები, მუდმივი ინოვაციები და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებულ ინტერესს მაინც მისი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ, რეალურად ღრმა შინაარსისა და სარჩულის მქონე ტექსტები იწვევს.

ასე მაგალითად, ალბომის To Pimp a Butterfly მეშვიდე ტრეკში Alright გვხვდება ვერსი Alls my life I has to fight (მთელი ცხოვრებაა, ბრძოლა მიწევს). ფრაზა ელის უოქერის რომანის "იისფერი" ერთ-ერთი პერსონაჟის, სოფიას მონოლოგიდანაა აღებული, რომელიც საუბრობს არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან რასობრივ ჩაგვრაზე, არამედ საკუთარი ოჯახის, ახლობლებისა და გარემოცვის მხრიდან მუდმივ ზეწოლაზეც. ის არაერთხელ ხდება გაუპატიურებისა თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. ნაწარმოებიდან ამონარიდის ხსენებით, ქენდრიქი ხაზს უსვამს აფროამერიკული სოციუმის შიდა პრობლემებს.

თვითკრიტიკა აქ არ წყდება. ალბომის მეცამეტე ტრეკს The Blacker the Berry უოლეს თურმანის წიგნის სათაური ჰქვია. თურმანის ნოველის მთავარი პერსონაჟი უკიდურესად მუქი კანის მქონე აფროამერიკელი ქალია, რომელიც მუდმივ დისკრიმინაციას განიცდის მასზე უფრო ღია შეფერილობის კანის მქონე აფროამერიკელების მხრიდან. ტექსტში ქენდრიქი დაუფარავი ირონიითა და აგრესიით სწორედ ამ პრობლემას აკრიტიკებს.

King Kunta ერთ-ერთი უპოპულარულესი კომპოზიციაა ქენდრიქის შემოქმედებიდან, მაგრამ მასში ჩადებული ალუზიების მნიშვნელობას მსმენელთა აბსოლუტური უმრავლესობა ყურადღებას არც კი აქცევს. ტექსტში ქენდრიქი გამუდმებით ახსენებს მეფე კუნტას, რომლის დასუსტებასაც ყველა ცდილობს - Everybody wanna cut the legs off him, King Kunta (ყველას უნდა მეფე კუნტას ფეხები მოაჭრას). 

კუნტა კინტე ალექს ჰეილის რომანის "ფესვები - ამერიკული ოჯახის საგა" მთავარი პერსონაჟია, რომელსაც ოთხი წარუმატებელი გაქცევის მცდელობის შემდეგ, მონათმფლობელი ქვედა კიდურს აჭრის. მისი სახელისა და მეფის ტიტულის ერთ სიტყვათაშეთანხმებად ქცევით ქენდრიქი მიგვანიშნებს, რომ სიმდიდრე და დიდება აფროამერიკელისთვის "ფეხის მოჭრის" საფრთხეს აათმაგებს.

ანალოგიური ნარატივი გვხვდება ჯეი ზის 2017 წლის ჰიტში The Story of O.J. - Rich n*gga, poor n*gga, house n*gga, field n*gga, still n*gga (მდიდარი ნ*გერი, ღატაკი ნ*გერი, სახლის ნ*გერი, მინდვრის ნ*გერი, მაინც ნ*გერი).

მაგრამ ჯეი ზი პირდაპირ საუბრობს კანის ფერით განპირობებულ სამუდამო სოციალურ დამღაზე, ხოლო ქენდრიქი სათქმელს შეფარვით, გაცილებით ოსტატურად გადმოგვცემს. ამის მაგალითს ისევ და ისევ King Kunta-ში ვაწყდებით, სადაც ქენდრიქი რამდენჯერმე, სხვადასხვა კონტექსტში ახსენებს ბატატის სახელით ცნობილ კარტოფილის ჯიშს (Yam), ამის მიღმა კი ღრმა სიმბოლიკა იმალება.

რალფ ელისონის რომანში "უხილავი კაცი", რომელშიც აფროამერიკელი საზოგადოების ყოველდღიურობის შესახებაა მოთხრობილი, ბატატი მთავარი პერსონაჟისთვის ფესვებთან, აფრიკულ წარმომავლობასა და იდენტობასთან ასოცირდება. ამიტომაც სვამს კომპოზიციაში ქენდრიქი ერთგვარად რიტორიკულ შეკითხვას - What’s the Yams? (რა არის ბატატი?)

ეს სიმბოლიკა აქ არ მთავრდება. ჩინუა აჩებეს სახელი ალბათ კარგად ეცნობა ქართველ მკითხველს, ის ხომ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა" მთავარი პერსონაჟის ერთ-ერთი ფავორიტი ნიგერიელი მწერალია. აჩებეს რომანში "და მოვიდა განადგურება" პრე და პოსტ-კოლონიური ნიგერიის ყოფაა აღწერილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბატატის მოყვანით ირჩენს თავს. მოსავლის რაოდენობა კი მფლობელის სოციალურ სტატუსსა და გავლენას განსაზღვრავს. დაგვეთანხმებით, ახლა გაცილებით გასაგები ხდება ქენდრიქის ვერსი The yam is power that be (ბატატი ის ძალაა, რომელიც გვმართავს).

სწორედ ამ ალუზიაზე დაყრდნობით გრძელდება ტექსტი:  

The yam brought it out of Richard Pryor, manipulated Bill Clinton with desires.
 ბატატი ბილ კლინტონის ვნებებს მართავდა, რიჩარდ პრაიორს კი უბიძგა.

დიდებამ და გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნამ კომიკოსი რიჩარდ პრაიორი დეპრესიამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. მან 1980 წელს, ნარკოტიკების გადამეტებული მოხმარებით გაბრუებულმა, კონიაკი გადაისხა, სანთებელა აანთო და ლოს ანჯელესის ერთ-ერთ უბანში ცეცხლმოკიდებული გავარდა. ბილ კლინტონი კი მისი პრეზიდენტობის პერიოდში სექსუალურმა ლტოლვამ შეიპყრო და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდო. სწორედ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ინტიმური ურთიერთობით გამოწვეული სკანდალის გამოძახილი აისახება ამ ალუზიაში - Yam სლენგის მნიშვნელობითაც გამოიყენება და ქალის მიმზიდველ ფეხებს აღნიშნავს. ამგვარად, მივიღეთ სექსის, სიმდიდრისა და ძალადობის სიმბოლო. მთელმა ამ ნარატივმა კი ქენდრიქის 2017 წლის კომპოზიციაში DNA მოკლე მანიფესტის ფორმა მიიღო. შემდეგი ვერსით - Sex, money, murder – our DNA (სექსი, ფული, მკვლელობა - ესაა ჩვენი დნმ).

ქენდრიქ ლამარის შემოქმედება ერთგვარი დოკუმენტური შინაარსის მქონე არტეფაქტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, თუ რას ნიშნავს, იყო შავკანიანი და პოპულარული ოცდამეერთე საუკუნის ამერიკაში, რამდენად მრავალშრიანი თემაა რასობრივი დიფერენციაცია და რა გამოწვევების წინაშე დგას აფროამერიკული სოციუმი. მთელი ამ თემატიკის ორიგინალური, მაღალმხატვრული ფორმით გადმოცემას კი 30 წლის ასაკში უკვე საკულტო სტატუსის მქონე არტისტი უმეტესწილად ლიტერატურულ ძიებათა ხარჯზე ახერხებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული