Thumbnail

ქართული ელექტრონული მუსიკის სცენა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და მსოფლიო ყურადღების ცენტრშიც მოექცა. თბილისის კლუბები მსურველებს ვერ იტევენ. სახელგანთქმული არტისტები ერთიმეორის მიყოლებით სტუმრობენ ქალაქის მთავარ საცეკვაო მოედნებს. ადგილობრივი მუსიკოსები კი, ცნობილ უცხოურ ლეიბლებზე გამოსცემენ საკუთარ ნამუშევრებს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ეს ყველაფერი წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია გრაფიკით, დღეში სულ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. სწორედ ამ დროს, ცალკეული ენთუზიასტები ელექტრონული მუსიკის სცენას უყრიდნენ საფუძველს. იქმნებოდა ქართველი მსმენელის ყურისთვის ჯერ კიდევ უჩვეულო, ახალი ჟღერადობის ნამუშევრები, იხსნებოდა პირველი ღამის კლუბები. 

ამის შემდეგ შეიცვალა თაობა, შეიცვალა დომინანტი ქვეჟანრები. ერთ დროს პოპულარული ტექჰაუსი და მინიმალი, 2010-იანი წლებიდან ტექნომ ჩაანაცვლა. დედაქალაქში მუშაობა დაიწყო ახალმა, უმაღლესი ხარისხის ხმის აპარატურით აღჭურვილმა კლუბებმა. დიჯეის პროფესია კი ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც ადრე ექიმის ან იურისტის. ქვეყანაში ელექტრონული მუსიკის ნამდვილი ბუმი დაიწყო.

თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ამ ჟანრში მოღვაწე ქართველმა არტისტებმა არაერთი გამორჩეული ნამუშევარი შექმნეს. გთავაზობთ მათ მიერ ჩაწერილ 10 ელექტრონულ კომპოზიციას, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინოთ:

10. Post Industrial Boys - Post Industrial Boys

2004 წლის ამავე სახელწოდების ალბომში შესული ტრეკი კარგად ასახავს გოგი ძოძუაშვილის, როგორც არტისტის შემოქმედებას. ლეგენდარული Mother on Mondays-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ჩანაწერებს 1994 წლიდან გამოსცემს და მისი ნამუშევრები დღემდე აქტუალურია. 

9. Nikakoi - City Lights (Tutta2)

ნიკა მაჩაიძე ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ემბიენთის ჟანრში მუშაობა დაიწყო. 1990-იანი წლების ცივ და ნაცრისფერ თბილისში ნიკაკოიმ ელექტრონული მუსიკის ფასდაუდებელი ნიმუშები შექმნა. 

8. Natalie Beridze & Ryuichi Sakamoto - Blue Shadow 

ნატალია ბერიძის მუსიკა უკიდურესად ემოციური და სიღრმისეულია. გამოჩენილ იაპონელ მუსიკოსთან, რუიტი საკამოსტოსთან ეს კოლაბორაცია კი ზედმიწევნით კარგად გადმოსცემს მისი, როგორც არტისტის ხედვას. 

7. Bajoo - Nushi

ქუთაისური პანკ ჯგუფ "აუტსაიდერის" ერთ-ერთ დამაარსებელი გიგა ერისთავი, იგივე ბაჯუ, გარკვეულწილად ეპოქალური ფიგურაა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ელექტრონული და ჰიპ ჰოპ მუსიკის დამკვიდრება. გია ყანჩელის მოტივებზე შექმნილი ეს კომპოზიცია კი ბაჯუს ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც მასობრივად გავრცელდა. 

6. Okinawa Lifestyle - Sunrise

ეს ელექტრონული დუეტი 2009 წელს, დავით დათუნაშვილმა და გიგი ჯიქიამ დააარსეს. არტისტებმა პროექტის ფარგლებში რამდენიმე ციფრული რელიზი გამოსცეს. Sunrise კი მათ 2010 წლის ჩანაწერში Naha შევიდა. 

5. Greenbeam & Leon - Tale VIII

აჩი თაბუკაშვილმა (Greenbeam) და ლევან ლოლიშვილმა (Leon) მუსიკის შექმნა 2002 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, მათი შემოქმედებითი კარიერა მხოლოდ აღმასვლას განიცდის. დუეტის ნამუშევრები არაერთ ცნობილ ლეიბლზე გამოიცემა. მსოფლიოს წამყვანი დიჯეები კი მათ საკუთარ სეტებში აჟღერებენ. ეს ტრეკი 2017 წელს გამოშვებული EP-ის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა. 

4. Gacha - Remember

გაჩა ბაქრაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი პროდიუსერია. მისი მუსიკა რეგულარულად გამოიცემა ლეგენდარულ ბელგიურ ლეიბლზე Appolo Records. მათი თანამშრომლობა კი 2012 წელს, სწორედ ამ კომპოზიციით დაიწყო. 

3. Rezo Glonti - Yellow Tone (Unashamedly Romantic) 

რეზო ღლონტი ზღვით ძალიან ბევრს მოგზაურობს. შესაბამისად, მისი მუსიკაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იქმნება. საკუთარი ნამუშევრებისთვის არტისტი ხშირად იწერს ხმებს ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებში. 2016 წლის ალბომი Budapest, ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. 

2. Kancheli - Discotrancemaker From USSR

ლეიბლ Bassiani-ის რიგით მეხუთე რელიზში შესული გიორგი ყანჩელის ტრეკი ნამდვილად გამორჩეულია. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის რეზიდენტი არტისტის მიერ შექმნილი ეს კომპოზიცია კარგად ასახავს თანამედროვე ქართული ელექტრონული სცენის მიმართულებას. 

1. Newa - Dance of the Warrior

ანა კუბლაშვილი თანამედროვე ქართულ ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსი საკუთარი ნამუშევრებისთვის ინსპირაციას ჯაზში პოულობს. მისი ეს ტრეკი კი ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი არტისტის, ბენ კლოკის ლეიბლის კომპილაციურ ალბომში შევიდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული