Thumbnail

"რეალის" და "ლივერპულის" გულშემატკივარი მუსიკოსები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

დღეს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. "ლივერპული" შეეცდება, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაეუფლოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ თასს. რაც შეეხება "რეალს", მადრიდულ გუნდს ამ ტიტულის ზედაზედ მესამედ მოგების უნიკალური შანსი აქვს.

ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ 6 პოპულარულ მუსიკოსს, რომლებიც სწორედ ამ კლუბებს გულშემატკივრობენ.

REAL MADRID ⇒ ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესი და კრიშტიანუ რონალდუ

80 მილიონი გაყიდული ალბომი, საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და წარმატებული კინოკარიერა - ჯენიფერ ლოპესი ყველაზე ცნობადი და გავლენიანი შემსრულებლების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. წარმოშობით პუერტორიკოელ სუპერვარსკვლავს არასდროს დაუმალავს, რომ მადრიდის "რეალის“ გულმხურვალე ქომაგია. ის რამდენჯერმე ეწვია "სამეფო გუნდის" საწვრთნელ ბაზას საყვარელი ფეხბურთელების მოსანახულებლად და კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობრადაც იქცა. ჯეილო სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მატჩებსაც ესწრება ხოლმე და საჯაროდაც აფიქსირებს "თეთრების" მიმართ სიყვარულს.

LIVERPOOL F.C. ⇒ ლანა დელ რეი

ლანა დელ რეი და სტივენ ჯერარდი

ლანა დელ რეის "ლივერპული" მისმა მენეჯერმა, ბენ მოუზონმა შეაყვარა. პოპვარსკვლავი "მერსისაიდელებს" აქტიურად გულშემატკივრობს და ამის საჯაროდ გამოხატვასაც არ ერიდება. ის საყვარელი კლუბის მატჩებს ხშირად ესწრება, რაც ფოტოკამერას არაერთხელ დაუფიქსირებია.

REAL MADRID ⇒ ხულიო იგლესიასი

ხულიო იგლესიასი

300 მილიონი გაყიდული ალბომითა და 5,000 ჩატარებული კონცერტით ხულიო იგლესიასი ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულად წარმატებულ არტისტად ითვლება. საინტერესოა, რომ მომავალი სუპერვარსკვლავი თავდაპირველად საერთოდ არ ფიქრობდა მომღერლობაზე. ის ჯერ კიდევ მოზარდობისას ჩაირიცხა მადრიდის "რეალის" აკადემიაში და მცირე ხანში კლუბის სარეზერვო შემადგენლობის, "კასტილიის" მეკარეც გახდა.

ხულიო 19 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რამაც იმედისმომცემი სპორტსმენის კარიერას სამუდამოდ დაუსვა წერტილი. სწორედ ამის შემდეგ სცადა იგლესიასმა ბედი მუსიკალურ ინდუსტრიაში და კოლოსალურ წარმატებასაც მიაღწია. ლათინო პოპის ლეგენდა დღემდე "სამეფო გუნდის" თავგამოდებულ გულშემატკივრად რჩება.

LIVERPOOL F.C. ⇒ DR. DRE

დოქტორ დრე

რთულია ჰიპ ჰოპის ისტორიაში Dr. Dre-ს კოლოსალური ღვაწლის შეფასება. სწორედ მან დაუდო საფუძველი ე.წ. განგსტა რეპს საკულტო ჯგუფის N.W.A. შემადგენლობაში. მან გაუკაფა გზა ემინემს წარმატებისაკენ და ა.შ. ათობით ჰიტის ავტორის თქმით, ის "მერსისაიდელთა" სტილით ჯერ კიდევ 1988 წელს მოიხიბლა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე ჯონ ბარნსის თამაშმა დატოვა. ლეგენდარული რეპერი დღემდე "ლივერპულის" გულშემატკივრად რჩება.

REAL MADRID ⇒ პლასიდო დომინგო

პლასიდო დომინგო

ხულიო იგლესიასის მსგავსად, საოპერო მუსიკის ლეგენდა, პლასიდო დომინგოც მადრიდში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ავლენდა უჩვეულო მუსიკალურ ტალანტს, 16 წლის ასაკში კი დიდ სცენაზე მისი დებიუტი შედგა.

ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში დომინგომ 147 სხვადასხვა როლი შეასრულა და გრემის 14 ჯილდოც მოიპოვა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტენორის გულში მშობლიური ქალაქის გუნდს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 2016 წელს მან "რეალის" რიგით მეთერთმეტე ჩემპიონთა ლიგის ტიტული კლუბის ჰიმნის გადამღერებით აღნიშნა.

LIVERPOOL F.C. ⇒ ელვის კოსტელო

ელვის კოსტელო

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრის, ელვის კოსტელოს კარიერა მილიონობით გაყიდულ ჩანაწერსა და ათობით ჯილდოს მოიცავს. მუსიკოსი ბავშვობიდან "ლივერპულის" თავგადაკლული გულშემატკივარია.

2005 წელს "მილანის" წინააღმდეგ გამართული მატჩის პარალელურად კოსტელოს კონცერტის ჩატარება უწევდა. ელვისმა კი ღონისძების დაწყება ერთი საათით გადადო, რათა საყვარელი კლუბი თამაშის ერთი ტაიმი მაინც ენახა. როგორც მოგეხსენებათ, ისტორიულ ფინალში "მერსისაიდელებმა" სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს და პენალტების სერიაში იმარჯვეს. ამ სასიხარულო ამბის გაგების შემდეგ აღფრთოვანებულმა ელვისმა "წითლების" ჰიმნი You’ll Never Walk Alone შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული