Thumbnail

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გოგი გვახარიას 10 საყვარელი სიმღერა:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Bob Dylan - Forgetful Heart (2009)

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში - წვიმიანი ნოემბრის საღამო, 2013 წელს, პარიზში, მყუდრო "გრანდ რექსში" (პირველი დიდი კინოთეატრი ევროპაში) გამართული ბობ დილანის კონცერტი. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ბილეთიც ადვილად ვიყიდეთ და ვისხედით დარბაზში, რომელიც ბოლომდე არც შეივსო.

იმ საღამოს "გრანდ რექსში" თითქმის ერთმა თაობამ მოიყარა თავი - ჩემმა თაობამ, რომელიც ბობ დილანის სიმღერებზე გაიზარდა. არადა, დილანის ფანი არასდროს ვყოფილვარ. მისი სიმღერების ტექსტი არ მესმოდა. მუსიკალურადაც კი არ მხიბლავდა, ერთფეროვანი მეგონა და მალე მბეზრდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დილანი სულ სხვაა ლაივში მოსმენისას და არა იმიტომ, რომ სანახაობას ქმნის. სწორედ პირიქით, სასტიკად უჟმურია და არაარტისტული. არაფერმა, არაფერმა არ უნდა გაფანტოს შენი ყურადღება.

ეს სიმღერა კონცერტის ბოლოს იმღერა. ვიოლინო, კონტრაბასი, ჰარმონიკა და, ცხადია, ბობის დაბერებული და კიდევ უფრო თბილი ხმა ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ყველანაირი ზღვარი გაქრა. ამაზე იტყვიან, ”გულით მღერისო”, მაგრამ სიმღერაა ისეთი, რომ არ შეიძლება, გულით არ იმღერო.

9. Lhasa de Sela - Pa' llegar a tu lado (2003) 

ეს ალბომი ლასამ მესაყვირე იბრაგიმ მაალუფთან ერთად ჩაწერა. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ სწორედ ამ სიმღერაში ემსგავსება ლასას ხმა სასულე მუსიკალური საკრავის ჟღერადობას. სიკვდილი ჯერ ადრეა, მაგრამ ლასა მადლობას უხდის ყველას, მადლობას უხდის სამყაროს.

”ხმამაღლა სუნთქავს” - ეს სიმღერა იუთუბზე შეგიძლიათ მოისმინოთ ესპანელი მომღერლების შესრულებით. ყველა სადღაც ჩქარობს, ლასა - არა. ის დროს აჩერებს, პაუზებს მელოდიაში რთავს, თავის თბილ ხმას ისეთ სიღრმეს ანიჭებს, რომ მუსიკა რელიეფური ხდება და ბგერა სადღაც სივრცეში იშლება.

8. Alain Bashung - Malaxe (1998)

ყველა კარგ პატარა სიმღერას ერთი უპირატესობა აქვს - დასრულების შემდეგ გული გწყდება, რომ მორჩა და თავიდან უსმენ.

ყოველთვის, როცა ფრანგული როკის ლეგენდის, ალენ ბაშუნგის ”მალაქსი” სრულდება, ნაკლულობის განცდა მიჩნდება და მინდა, ეს შედევრი არასდროს დასრულდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველგვარ სენტიმენტალიზმს მოკლებული მუსიკოსის ხმაში ბზარი ჩნდება. ბზარიც არა, ”ქვითინი”. ცრემლები პირდაპირ ხმაში აისახება. ბოლოს კი ხვდები, რომ შესრულდა ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა-დატირება ფრანგებისთვის უჩვეულოდ მკაცრი მუსიკოსისა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ფილტვის კიბოს მსხვერპლი გახდება.

7. David Bowie - I'm Deranged (1995)

ხშირად მიფიქრია, რომელი ტექსტი, ფილმი თუ მუსიკალური ნაწარმოები გამოხატავს ყველაზე მეტად მესამე ათასწლეულის მოლოდინს. ან უფრო მეტსაც, ვიღაცისთვის შესაძლო აპოკალიფსის მოახლოების შიშს.

ჩემი აზრით ბოუის ეს ალბომი ყველაზე ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 90-იანი წლების ნევროზებს. თუმცა მთავარი, ცხადია, აქ მუსიკაა. აი, თუნდაც ამ სიმღერაში (რომელიც, ჩემი აზრით, საუკეთესოა ამ შედევრ-ალბომში) ბოუი იმავე სიმაღლეს აღწევს შოუბიზნესში, როგორსაც ბეთჰოვენმა მიაღწია კლასიკურ მუსიკაში. თუმცა, რატომ ეს შედარება? ბოუი თავადაა უკვე კლასიკა - სწორედ იმ მუსიკის გამგრძელებელი, რომელსაც გენიოსები ქმნიდნენ.

მთელი ეს თხრობა, ეს ვითომ ”ნათან ადლერის ისტორია” და ბოუის მისტიფიკაციები საერთოდ არ მაღელვებს. შეიძლება კარგიცაა, რომ არ მესმის რას ყვება. ასე უკეთ აღვიქვამ ბგერისა და ჰარმონიის ამ შედევრს.

6. Noir Desir - Si rien ne bouge (1991) 

ეს სიმღერა პირველად სირილ კოლარის ფილმ "ველურ ღამეებში" მოვისმინე. კოლარი ახალი გარდაცვლილი იყო შიდსით და ”ველური ღამეები” ხელახლა დაუბრუნდა კინოთეატრებს. სწორედ მაშინ, როცა პარიზში ვსწავლობდი.

ფილმში ორ სიმღერას თავად კოლარი ასრულებს, თუმცა, ჩემი აზრით, ”ველური ღამეების” მთავარი მუსიკალური თემა სწორედ ესაა - ”თუკი არაფერი მოძრაობს”, იმხანად ჩემთვის სრულიად უცნობი ფრანგული ბენდის შესრულებით.

მოგვიანებით, ”ნუარ დეზირის” ვოკალისტი ბერტრან კანტა საზარელი ტრაგედიის გმირი ხდება - სადისტურად კლავს თავის შეყვარებულს, მარი ტრენტინიანს (ჟან-ლუი ტრენტინიანის ქალიშვილს). მას 8 წლით აპატიმრებენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, აქციებს უწყობენ, როგორც სადისტს, მოძალადესა და მკვლელს. ”ნუარ დეზირი” არსებობას წყვეტს. თუმცა,  საფრანგეთში ამ ბენდს ბევრი დღესაც მთავარ ფრანგულ როკ-ჯგუფად მიიჩნევს. გამოუვალობის და სასოწარკვეთის განცდა განსაკუთრებით ჩანს ამ სიმღერაში, რომელსაც პირველივე მოსმენის შემდეგ ვერ ვივიწყებ.

5. Freddie Mercury & Montserrat Caballe - Guide Me Home (1988)  

მესმის, რომ ფრედის ამაზე უკეთესი სიმღერები აქვს. ზოგიერთი, უბრალოდ, გენიალური. უფრო მეტიც, ამ ალბომში ეს მინიატურა, ალბათ, ყველაზე შეუმჩნეველია და ნაკლებად ეფექტური. მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს მუსიკალური თემაა ფრედი მერკურის სახე, მისი ცხოვრება.

სიმღერის ჩაწერის დროს გავრცელდა ხმა, რომ ფრედი შიდსის ვირუსის მატარებელია. დისკი მალევე შემოვიდა საბჭოთა კავშირში (ახლა დავფიქრდი, რომ შიდსის ეპიდემია და სსრკ-ს დაშლა ერთმანეთს დაემთხვა), 1991 წელს ფრედი მერკური გარდაიცვალა. 1992 წელს კი ”ბარსელონა” ოლიმპიური თამაშების ჰიმნი გახდა. ამ თარიღებში თითქოს იკარგება ეს პატარა შედევრი, სიცოცხლისადმი სიყვარულის ახსნა, რომელიც შესაძლოა, სწორედ ფრედის სიკვდილმა გახადა ასეთი ლამაზი.

4. Tom Waits - Time (1985) 

ძალიან ძნელია, ტომ უეითსთან აირჩიო საყვარელი სიმღერა - იმდენია საყვარელი! მაგრამ ეს ისეთი ბალადაა, პირველივე მოსმენით რომ გამახსოვრდება და თავადაც რომ გიჩნდება სიმღერის სურვილი (მაშინაც კი, როცა ინგლისური არ იცი და აზრზე არ ხარ, რომელი ”ტაიმის” შესახებ მღერის ტომი).

სხვათა შორის, ეს მელოდია შესანიშნავად ემორჩილება ინტერპრეტაციას, თანაც ყველანაირს. განწყობას გააჩნია - შეგიძლია, იმღერო ისე უბრალოდ, როგორც ტომი მღერის, ზედმეტი ორნამენტების გარეშე. შეგიძლია, ეროტიკით გაამდიდრო, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ტორი ამოსი და შეგიძლია, შეასრულო, როგორც ჰიმნი, ცოტა პათეტიკურად. ვერაფრით გააფუჭებ - ტომ უეითსის სიმღერები ყველასთვისაა.

3. Led Zeppelin - Going to California (1971)

ჩემთვის ეს მარგალიტი ჰიპების ეპოქის სახეა - ძალიან ფერადი მუსიკა, წითელი, მწვანე, ყვითელი სამყარო და ამავე დროს შავ-თეთრი მომავლისა და ილუზიების მსხვრევის წინათგრძნობა. ამიტომაა ნიშანდობლივი, რომ სიმღერის ყოველი მომდევნო შესრულება თემას ამძიმებს, იმ გამჭვირვალობასა და სინაზეს უკარგავს, რაც სტუდიურ ალბომში იგრძნობა. ჩემი აზრით, ამ ჯგუფის საუკეთესო დისკში. უფრო მეტიც, როკის ისტორიის საუკეთესო ალბომში.

2. Barbra Streisand - My Favorite Things (1967)

"მუსიკის ჰანგები" ჩვენს ეკრანებზე 1971 წელს გამოვიდა. ამ დროისთვის ბაბუაჩემმა, თუ არ ვცდები, ინგლისიდან ჩამოიტანა ბარბარას ”საშობაო ალბომი”, რომელიც, როგორც ცნობილია, მაშინ ჩაიწერა, როცა სტრეიზანდი ფეხმძიმედ იყო. ჰოდა, ეს სიმღერა კინოში ვერც კი ვიცანით. რა ”კარგი რაღაცეები”, რა სიხარული და ბედნიერება, როცა ბარბარა ასეთი სევდიანია.

მერე გავიგეთ, რომ უფრო ადრე კოლტრეინს შეუსრულებია ეს სილამაზე მინორულ ტონალობაში. ყველაფერი გადმოტრიალდა - ბედნიერება და კარგი რაღაცები მხოლოდ სიტყვებშია! დანარჩენი კი მარტოობაა, მიუხედავად იმისა, რომ ბარბარა შვილს ელოდება.

1. The Beatles - A Day in the Life (1967)

ლენონისა და მაკკარტნის თემების, ამ ორი ”მოტივის” ცვლა ნამდვილ, კლასიკურ კონტრაპუნქტს ქმნის, ორკესტრი კი, ქაოსის გამომხატველი ხმებით, ისეთი ძალით აღრმავებს ბგერას, სიმღერის მოსმენისას შეიძლება, ამ ახლადშექმნილ სივრცეში დაიხრჩო.

”ყოფითი ტექსტი” და თხრობითობა, თავის მხრივ, სრულიად არათხრობით მუსიკას უპირისპირდება, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი საფორტეპიანო აკორდით სრულდება. მუსიკის დრამატურგია კინოს ჰგავს. ჰოდა, როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს სიმღერა, რომელიც კინოს ჰგავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული