Thumbnail

შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში კარგად იცოდნენ, რომ მათ კონცერტებზე მხოლოდ უკვდავი ჰიტების შესრულება საკმარისი არ იყო და დამსწრე საზოგადოების ყურადღება აუდიოსთან ერთად, ვიზუალურ მხარითაც უნდა მიეპყროთ. ამიტომაც, ისინიც და მათი პროდიუსერებიც მუდმივად ახალი, საინტერესო და მიმზიდველი ეფექტების ძიებაში არიან და სასცენო დეკორაციებზე თანხას არ ზოგავენ.

ეს წამოწყებები ყოველთვის წარმატებით არ სრულდებოდა. ასე მაგალითად, 1974 წელს ჯგუფ Yes-ის დრამერი სცენაზე დამონტაჟებულ გიგანტურ ნიჟარაში ჩავარდა. Fleetwood Mac-მა კი ერთ-ერთი ტურნეს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი 20 მეტრიანი გასაბერი პინგვინის დასამზადებლად დახარჯა, რომელმაც კონცერტის დროს გაბერვა არ მოინდომა. თუმცა, ეს ის იშვიათი გამონაკლისებია, რომლებიც ჩრდილს ვერ მიაყენებენ დიზაინერებისა და დეკორატორების სასარგებლო და შრომატევად პროფესიას.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 9 ყველაზე შთამბეჭდავ სასცენო დეკორაციას.

1. ბიონსეს 7,500 ლიტრიანი გასაბერი აუზი

ბიონსეს კონცერტების დროს სცენაზე მოვლენები ისეთი სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს, რომ შოუს რომელიმე ერთ კონკრეტულ ელემენტზე კონცენტრირება ძალიან რთულია. მსოფლიოს საუკეთესო ვიზუალური არტისტები პოპ ვარსკვლავისთვის ნამდვილ საოცრებებს ქმნიან. მათ შორისაა 7,500 ლიტრის მოცულობის გასაბერი აუზიც.

L I F E >>>> #Lemonade #formationworldtour #beyonce #beyoncé #Pittsburgh @twuuuu

A post shared by Beyslayy (@beyslayy) on

2. "რამშტაინის" გიგანტური ოხშივარავარდნილი ქვაბი

ეს გერმანული ინდასტრიალ მეტალ ჯგუფი პიროტექნიკური შოუებითაა ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ მისი წევრები საკუთარ კონცერტებზე, პირდაპირი გაგებით, ცეცხლს ანთებენ. 2004-2005 წლების ტურნეს დროს კი “რამშტაინმა” სცენაზე უზარმაზარი ქვაბი გამოდგა, რომელშიც ვოკალისტი ტილ ლინდემანი და კლავიშისტი ფლეიკ ლორენცი “იხარშებოდნენ”.

3. "პინკ ფლოიდის" მფრინავი ღორი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის 1977 წლის ალბომის Animals გარეკანზე ინდუსტრიული პეიზაჟის ფონზე მფრინავი გასაბერი ღორი იყო გამოსახული. მოგვიანებით, ჰელიუმით სავსე შინაური ცხოველი “პინკ ფლოიდის” კონცერტებზეც გამოჩნდა და სულ მალე მათ უცვლელ მონაწილედ გადაიქცა.

4. Parliament-Funkadelic-ის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

არანაკლებ ლეგენდარულმა კოლექტივმა Parliament-Funkadelic 1975 წლის ტურნესთვის უზარმაზარი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაამზადა. კონცერტების დროს, ჯგუფის ვოკალისტი ჯორჯ კლინტონი სცენაზე სწორედ ამ მფრინავი თეფშით, სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმებისთვის დამახასიათებელი ხმოვანი ეფექტებისა და განათების თანხლებით ეშვებოდა.

5. მადონას უნაგირი

2006 წლის ტურნეს დროს პოპ მუსიკის დედოფალმა 80-იანების ჰიტი Like a Virgin ელექტროუნაგირზე ამხედრებულმა შეასრულა. სიმღერის პარალელურად ჰაერში დაკიდებული მუსიკოსი მაყურებლებს აკრობატული ილეთებით აწონებდა თავს. ნამდვილად შთამბეჭდავია, განსაკუთრებით 50 წლის ასაკში.

6. U2-ს 12-მეტრიანი ლიმონი

1997 წლის ტურნეს დროს ბონო და მისი მეგობრები ბისზე გამოსვლისას სცენაზე სარკეებით მოპირკეთებული უზარმაზარი ლიმონით ეშვებოდნენ. ერთ-ერთი კონცერტის დროს 12-მეტრიანი დეკორაცია არ გაიხსნა და ირლანდიური ჯგუფის თაყვანისმცემლები დიდხანს უშედეგოდ ელოდებოდნენ საყვარელი მუსიკოსების გამოჩენას.

7. Mötley Crüe-ს ატრაქციონი

Mötley Crüe-ს დრამერის, ტომი ლის სოლოები ამ ამერიკული როკ ჯგუფის კონცერტების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იყო. თუმცა, მუსიკოსმა ეს არ იკმარა და სპეციალური მოწყობილობა დაამზადებინა, რომელიც მას თავდაყირა დაკვრის საშუალებას მისცემდა. ამ ატრაქციონის აწყობას ტექნიკური პერსონალი თითოეულ ჯერზე 4 საათს ანდომებდა, თუმცა, როგორც თავადვე დარწმუნდებით, დამსწრეთა რეაქცია ამად ნამდვილად ღირდა.

8. Iron Maiden-ის ედი

Iron Maiden-ის სიმბოლო, ურჩხული ედი ჯგუფის კონცერტებზე 70-იანი წლებიდან გამოჩნდა. თავდაპირველად ეს იყო ხელნაკეთი, პაპიე-მაშესგან დამზადებული თავი, რომლიდანაც წითელი საღებავი ისხმებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ედიმ ევოლუცია განიცადა და ელექტროგიტარაზე დაკვრაც კი ისწავლა.

9. მაილი საირუსის უზარმაზარი სასრიალო ენა

მაილი საირუსის ხსენებისას ბევრ თქვენგანს პირველ რიგში ალბათ მისი ენაგამოყოფილი სურათები გაახსენდება. როგორც ჩანს, პოპ ვარსკვლავი თვითირონიას ნამდვილად არ უჩივის. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ერთ-ერთ კონცერტზე მაილი სცენაზე უზარმაზარი ვარდისფერი ენით დაეშვა.

მომზადებულია BBC-ის სტატიის მიხედვით

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული