Thumbnail

ZillaKami-ს ალბომი, რომლის ყდაც ნიკა ქუთელიამ შექმნა, სპოტიფაის ჩარტშია

ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯუნიუს როჯერსის, სასცენო სახელით ZillaKami, სტუდიური ჩანაწერი DOG BOY, რომლის გარეკანიც ქართველმა მუსიკოსმა და დიზაინერმა, ნიკა ქუთელიამ შექმნა, პოპულარული სტრიმინგ პლატფორმის Spotify აშშ-ში გამოცემული სადებიუტო ალბომების ჩარტში მეორე ადგილზეა. 

"მუსიკოსის მენეჯერმა ინსტაგრამზე ჩემი ნამუშევრები ნახა, დამიმატა, დამირეკა და მითხრა, მინდა, ზილას სადებიუტო ალბომისთვის ყდა შენ გააკეთოო. მანამდე კი მათი ბრენდისთვის MTS გავაკეთე მერჩი, რომელსაც მალე იხილავთ", - ამბობს ნიკა popmusic-თან საუბარში. 

ZillaKami-ს სადებიუტო ალბომის DOG BOY გარეკანი, რომელიც ქართველმა მუსიკოსმა და დიზაინერმა, ნიკა ქუთელიამ შექმნა.

1990 წელს ქალაქ სოხუმში დაბადებული ნიკა ქუთელია მუსიკალური ვიდეოჟურნალის Flow Flow Magazine დამაარსებელი და პროექტების "PVP Battle", "Re:აქცია" და "Hate-ერი" ავტორია. სასცენო სახელით Shoomy ქმნიდა მუსიკას ჰიპ ჰოპის ჟანრში. 2019 წლიდან კი ვიზუალურ არტზე - გრაფიკულ დიზაინსა და მობილურ ხელოვნებაზე გადაერთო.

ზილაკამიმ, რომელმაც სახელი სკანდალებით ცნობილი რეპერის, ტეკაში სიქსნაინის სიმღერების ავტორობითა და ჰიპ ჰოპ დუეტში Сity Morque მოღვაწეობით გაითქვა, თავისი სადებიუტო სოლო ალბომი მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოუშვა. მასში ისეთ ცნობილ არტისტებთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული ნამუშევრები შევიდა, როგორებიც არიან Lil Uzi Vert და Denzel Curry. სტუდიური ჩანაწერისთვის ინტრო კი პოპულარული ნიუ მეტალ კოლექტივის Slipknot ფრონტმენმა, კორი ტეილორმა დაწერა.  

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული