Thumbnail

მოუსმინეთ: Coldplay და BTS ახალ სიმღერას My Universe ავრცელებენ

ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Coldplay და პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ახალ ერთობლივ კომპოზიციას My Universe ავრცელებენ. არტისტების თქმით, მალე მუსიკის მოყვარულები დეივ მაიერსის მიერ ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპსაც იხილავენ.

კრის მარტინი BTS-ზე: შვიდივე ძალიან მაგარი ბიჭია

My Universe ბრიტანული კოლექტივის მომავალ სტუდიურ ალბომში Music of the Spheres იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში შემავალი კიდევ ორი სიმღერა High Power და Coloratura "ქოლდფლეიმ" მაისსა და ივნისში გაავრცელა.

ნახეთ: Coldplay-მ ახალი კლიპი Higher Power გაავრცელა

ნახეთ: Coldplay-მ ახალი სიმღერა Coloratura გაავრცელა

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

BTS კი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული