Thumbnail

ნახეთ: Red Hot Chili Peppers-მა მსოფლიო ტურნე სახალისო ვიდეოთი დააანონსა

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Red Hot Chili Peppers მორიგი მსოფლიო ტურნე დააანონსა. ეს მათი პირველი საკონცერტო ტური იქნება მას შემდეგ, რაც კოლექტივის შემადგენლობაში გიტარისტი ჯონ ფრუშანტე დაბრუნდა.

► როგორ გაუშვა ჯგუფიდან Red Hot Chili Peppers-მა გიტარისტი, რათა ფრუშანტე დაებრუნებინა

მუსიკოსებმა საკუთარ თაყვანისმცემლებს სიახლე სახალისო ვიდეოთი ამცნეს, რომელშიც გამოგონილი ტელეარხის KHOT ახალი ამბების გამოშვებაა ნაჩვენები. ჯგუფის ვოკალისტი, ენტონი კიდისი და ბასისტი ფლი, რომლებიც გადაცემის წამყვანებს განასახიერებენ, ფრუშანტეს მიესალმებიან, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ტურნეს დაწყების თარიღს, 2022 წლის ივნისს აცხადებს. ვიდეოში ამინდის პროგნოზის წამყვანის როლში, ასევე, კოლექტივის დრამერს, ჩედ სმიტს იხილავთ.

ჯონ ფრუშანტე Red Hot Chili Peppers-ს პირველად 1988 წელს შეუერთდა. მან გარდაცვლილი გიტარისტი, ჰილელ სლოვაკი შეცვალა. 1988-92 წლებში მუსიკოსმა ჯგუფთან ერთად ორი ალბომი Mother’s Milk და Blood Sugar Sex Magik ჩაწერა. მალევე ენტონი კიდისთან უთანხმოებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფრუშანტემ კოლექტივი დატოვა, თუმცა 1998 წელს ის ჯგუფში დაბრუნდა და ბენდის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალბომებზე Californication, By the Way და Stadium Arcadium იმუშავა. 2009 წელს არტისტი სოლო კარიერაზე გადაერთო და კოლექტივს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა. ათი წლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში კი ბენდმა მისი მორიგი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამჯერად ფრუშანტემ ჯოშ კლინჰოფერი შეცვალა. რამდენიმე თვეში მან Red Hot Chili Peppers-სთან ერთად ბევერლი ჰილზზე გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზეც დაუკრა.

► ნახეთ: Red Hot Chili Peppers-მა 12-წლიანი პაუზის შემდეგ ფრუშანტესთან ერთად დაუკრა 

Red Hot Chili Peppers 1983 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს დღემდე 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტებმა ბილბორდის ალტერნატიული მუსიკის ჩარტის რეკორდიც მოხსნეს - სხვადასხვა დროს ჰიტ აღლუმს ბენდის 13 სინგლი ლიდერობდა. ჯგუფის ბოლო, რიგით მეთერთმეტე ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული