Thumbnail

ნახეთ: ვეს ანდერსონის მიერ ჯარვის კოკერის სიმღერაზე Aline გადაღებული ვიდეო

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, ვეს ანდერსონმა პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსის,  ჯგუფ Pulp-ის ყოფილი ვოკალისტის, ჯარვის კოკერის მიერ შესრულებულ კომპოზიციაზე Aline ანიმაციური ვიდეო გადაიღო. სიმღერა, რომლის ორიგინალი ვერსიაც ფრანგმა კომპოზიტორმა და მომღერალმა, კრისტოფმა ჯერ კიდევ 1966 წელს ჩაწერა, ანდერსონის ახალ მხატვრულ კინოსურათში "ფრანგული მაცნე" ჟღერს. 

► ნახეთ: ჯარვის კოკერმა კომპოზიცია Save The Whale გაავრცელა

► ნახეთ: ჯარვის კოკერმა The Velvet Underground-ის კომპოზიცია Venus in Furs შეასრულა

ფილმის პრემიერა კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ფართო საზოგადოება კი მის ნახვას მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან შეძლებს. სურათში, რომლის სრული სახელწოდებაა "ფრანგული მაცნე. გაზეთის 'ლიბერთი. კანზას ივნინგ სან' დამატება",  მონაწილეობას ისეთი მსახიობები იღებენ, როგორებიც არიან ბენისიო დელ ტორო, ედრიენ ბროუდი, ტილდა სუინტონი, ბილ მიურეი, ასევე, ედვარდ ნორტონი, უილემ დეფო, ანჯელიკა ჰიუსტონი და სხვები. 

► ჯარვის კოკერი: პოპულარობა პორნოგრაფიას მაგონებს

ჯარვის კოკერმა შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს ჯგუფ Pulp-თან ერთად დაიწყო. კოლექტივმა არსებობის განმავლობაში 7 ალბომი გამოსცა, მათ შორის უკანასკნელი We Love Life 2001 წელს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება ჰიტებმა Common People და Disco 2000 მოუტანა. Pulp-ის დაშლის შემდეგ, კოკერმა სოლო კარიერა დაიწყო. 2006 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Jarvis გაავრცელა. დღემდე არტისტს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. 2017 წელს შემსრულებელმა ახალი ბენდი Jarv Is... ჩამოაყალიბა, რომლის სადებიუტო ალბომი Beyond the Pale 2020 წლის ივლისში გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული