Thumbnail

ნათია ჭიჭინაძის სიმღერა Sleep On Me ამერიკულ სერიალში Lucifer გაჟღერდა

ქართველი მუსიკოსის, ნათია ჭიჭინაძის, ფსევდონიმით Creams, კომპოზიცია Sleep On Me პოპულარული ამერიკული სერიალის "ლუციფერი" მეექვსე სეზონის მეხუთე ეპიზოდში გაჟღერდა. ჩანაწერი ნათიას სადებიუტო EP-ში Sleep On Me შედის, რომელიც ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე AWAL მიმდინარე წლის თებერვალში გამოვიდა.

ქართველმა მუსიკოსმა Creams ბრიტანულ ლეიბლთან AWAL კონტრაქტი გააფორმა

ამ ფაქტს არტისტი თავის ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა:

 

"ლუციფერი" ნილ გეიმანისა და სემ კეიტის კომიქსების მიხედვით შექმნილი სერიალია, რომლის პრემიერაც 2016 წელს სამაუწყებლო კომპანია Fox-ის ეთერში შედგა. 2018 წელს ტელეშოუზე უფლებები მედიაპლატფორმა Netflix-მა შეიძინა. სერიალის ბოლო, მეექვსე სეზონი, რომელშიც Creams-ის კომპოზიციის მოსმენაა შესაძლებელი, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გავრცელდა.

► ნახეთ: Creams-მა Mutant Radio-ში ხუთი ახალი სიმღერა შეასრულა

ნათია ჭიჭინაძემ მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2012 წლიდან ის ჯგუფ Otherside-თან თანამშრომლობდა, რომელსაც შემდგომში Postotto ეწოდა. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში არტისტმა არაერთ ჟანრში, მათ შორის, ტრიპ ჰოპში, ჯაზსა და ჰიპ ჰოპში მოსინჯა ძალები. "უხეში და ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა, რომელიც შორსაა კონვენციური ჰიპ ჰოპისგან", - ასე აღწერს შემსრულებელი საკუთარ შემოქმედებას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული