Thumbnail

პაკისტანში BTS-ის ბილბორდი "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" მიზეზით ჩამოხსნეს

პაკისტანის ქალაქ გუჯრანვალას ერთ-ერთ ხალხმრავალ გზაჯვარედინზე პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის თაყვანისმცემლებმა ჯგუფის წევრის, ჯონგუქის დაბადების დღის აღსანიშნი ბილბორდი განათავსეს. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ბანერი, რომელზეც 24 წლის მუსიკოსის ფოტოსურათი, მილოცვა და წარწერა "ჯონგუქი BTS გუჯრანვალას არმი" იყო გამოსახული, ჩამოხსნეს. 

BTS გინესის რეკორდების დიდების დარბაზში შეიყვანეს

გამოცემა VICE-ის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს, პენჯაბის პროვინციის ასამბლეის წევრობის კანდიდატმა და პაკისტანის უმსხვილესი რადიკალური ისლამისტური პარტიის, ჯამაათ-ე-ისლამის წევრმა, ფურქან აზიზ ბუტმა ბილბორდის სურათი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ნახა.

"ჩვენ ხალხისგან უამრავი საჩივარი მივიღეთ, ბილბორდმა დიდი მღელვარება გამოიწვია. ქალაქში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს, BTS მათზე უარყოფით გავლენას ახდენს და არასწორი ქმედებებისკენ უბიძგებს. ეს ჯგუფი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეწევა. რატომ გამოფინეს ეს ბანერი? მასზე ვერც ბრენდის სახელს ვხედავთ და ვერც რომელიმე პროდუქტის შეძენის შემოთავაზებას. ადამიანები, რომლებმაც ის დაკიდეს, თავს გუჯრანვალას არმის უწოდებენ, მაგრამ აქ მხოლოდ პაკისტანის არმიაა", - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ბანერის ჩამოხსნამ BTS-ის ადგილობრივი თაყვანისმცემლების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ჯგუფის ფანებმა სოციალურ ქსელებში საპროტესტო კამპანია წამოიწყეს. მათი თქმით, გუჯრანვალაში მომხდარ სამარცხვინო ინციდენტს საფუძვლად მცდარი წარმოდგენები უდევს, ისლამისტი პოლიტიკოსის განცხადებებს კი რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. 

"ის, რაც გუჯრანვალაში მოხდა, BTS-ის პაკისტანელი მსმენელისთვის ძალზე გულდასაწყვეტია. არსაიდან მოსული პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ჯგუფი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეწევა და უზნეობას ავრცელებს, არადა, მუსიკოსები საკუთარ სიმღერებში უცენზურო სიტყვებსაც კი არასდროს იყენებენ. ის ვერც კი ხვდება, რა დიდი ზიანი მიაყენა საკუთარი ქმედებით პაკისტანის იმიჯს", - ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში. 

► ნახეთ: BTS და Megan Thee Stallion კომპოზიციის Butter რემიქსს ავრცელებენ

BTS სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული