Thumbnail

თალიბებმა ავღანელი მუსიკოსი სიკვდილით დასაჯეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც ფუნდამენტალისტური მოძრაობის, "თალიბანის" სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთში მუსიკა კვლავ აიკრძალება, დაჯგუფების წევრებმა ფოლკ შემსრულებელი, ფავად ანდარაბი სიკვდილით დასაჯეს. როგორც მუსიკოსის ოჯახმა გამოცემა Associated Press-ს განუცხადა, ექსტრემისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა თავდაპირველად მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ანდარაბისთან ერთად ჩაი დალიეს, რამდენიმე დღეში კი დაბრუნდნენ და ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

"თალიბანის" ლიდერის თქმით, ავღანეთში მუსიკა ისევ აიკრძალება

"საკუთარ ფერმაში, თავის არეში ესროლეს. ის სრულიად უდანაშაულო იყო. უბრალოდ მღეროდა და ადამიანებს ართობდა", - განუცხადა გამოცემას გარდაცვლილის ვაჟმა, სახელად ჯავადმა.

არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი შინ იმყოფებოდა, როდესაც თალიბები მივიდნენ და სახლიდან გამოიყვანეს. ის ქაბულიდან 100 კილომეტრში მდებარე ბაღლანის პროვინციაში, ანდარაბის ხეობაში ცხოვრობდა, სიმებიან საკრავ გაიჩაკზე უკრავდა და ავღანეთის შესახებ დაწერილ ტრადიციულ სიმღერებს ასრულებდა. ვიდეო, რომელშიც ანდარაბი უკრავს და მღერის, ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მასოუდ ანდარაბიმ ტვიტერზე გაავრცელა.

"თალიბანის" სისასტიკე გრძელდება. მათ მხეცურად მოკლეს ფოლკ მომღერალი ფავად ანდარაბი, რომელიც ხეობის მაცხოვრებლებს, უბრალოდ, ახალისებდა. როგორც ის ამ სიმღერაში ამბობს, "ჩვენი მშვენიერი ხეობა, ჩვენი წინაპრების მიწა" არ დამორჩილდება თალიბების სისასტიკეს", - დაასათაურა მან პოსტი.

Associated Press დაჯგუფების სპიკერს, ზაბიჰულა მუჯაჰიდს დაუკავშირდა, რომელმაც გამოცემას განუცხადა, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს და მომხდარს გამოიძიებენ.

მოძრაობა "თალიბანის" სპიკერი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი

მომხდარს გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International გენერალური მდივანი, აგნეს კალამარდი.

"ნელ-ნელა ფაქტებით დასტურდება, რომ 2021 წლის "თალიბანი" არაფრით განსხვავდება იმ შეუწყნარებელი, სასტიკი და რეპრესიული თალიბანისგან, როგორიც 2001 წელს იყო", - დაწერა მან ტვიტერზე.

ხოლო კუტურული უფლებების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, კარიმა ბენუნმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს მიმართა, თალიბებს ადამიანის უფლებებისა და ხელოვანების პატივისცემისკენ მოუწოდონ.

ცნობისთვის, ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის აღებიდან მალევე, "თალიბანის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში მუსიკა აიკრძალებოდა. მსგავსი შეზღუდვა 1996-2001 წლებში მოქმედებდა, როდესაც ხელისუფლების სადავეები ამ ისლამურ ფუნდამენტალისტურ ორგანიზაციას ეკავა. მაშინ ქვეყანაში იკრძალებოდა მუსიკის საჯარო შესრულება და მოსმენა, განადგურდა აუდიოჩანაწერები, იშვიათი გამონაკლისი კი მხოლოდ ცალკეული, რელიგიური დანიშნულების მქონე ვოკალური ნაწარმოებებისთვის დაიშვებოდა.

"ისლამი მუსიკას კრძალავს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავარწმუნებთ ადამიანებს, არ მოუსმინონ მას და არც მოგვიხდება მათი იძულება", - განუცხადა ცოტა ხნის წინ გამოცემას The New York Times ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

"თალიბანის" მიერ ქაბულის აღების შემდეგ, ქვეყნის ტელევიზიასა და რადიოში მუსიკალური ნაწარმოებების გადაცემა შეწყდა. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიებმა თალიბების მხრიდან ბრძანების გარეშე, ახალ ხელისუფლებასთან შესაძლო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მიიღეს.

"თალიბანის" დამოკიდებულება მუსიკისადმი ერთ-ერთ ჰადისს - ისლამის დამაარსებლის, წინასწარმეტყველ მუჰჰამადის ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ გადმოცემას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, მას, ვინც ამქვეყნად სიმღერებს უსმენს, განკითხვის დღეს ყურში გამდნარ ტყვიას ჩაასხამენ. თუმცა, მუსლიმ ღვთისმეტყველთა ნაწილი აღნიშნულ ჰადისს ავთენტურად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ წმინდა ყურანი მუსიკის საწინააღმდეგო დებულებებს არ შეიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული