Thumbnail

"თალიბანის" ლიდერის თქმით, ავღანეთში მუსიკა ისევ აიკრძალება

მოძრაობა "თალიბანის" სპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთში მუსიკა მალე ისევ აიკრძალება. მსგავსი შეზღუდვა 1996-2001 წლებში მოქმედებდა, როდესაც ხელისუფლებაში ეს ისლამური ფუნდამენტალისტური ორგანიზაცია იყო. მაშინ ქვეყანაში აკრძალული იყო მუსიკის საჯარო შესრულება და მოსმენა, განადგურდა აუდიოჩანაწერები, იშვიათი გამონაკლისი კი მხოლოდ ცალკეული, რელიგიური დანიშნულების მქონე ვოკალური ნაწარმოებებისთვის დაიშვებოდა.

"ისლამი მუსიკას კრძალავს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავარწმუნებთ ადამიანებს არ მოუსმინონ მას და არ მოგვიხდება მათი იძულება", - განუცხადა გამოცემას The New York Times ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, რომელიც ავღანეთის ახალ მთავრობაში ინფორმაციისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატად განიხილება.

მოძრაობა "თალიბანის" სპიკერი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი

აღსანიშნავია, რომ "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აღების შემდეგ, ქვეყნის ტელევიზიასა და რადიოში მუსიკალური ნაწარმოებების გადაცემა შეწყდა. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიებმა თალიბების მხრიდან ბრძანების გარეშე, ახალ ხელისუფლებასთან შესაძლო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მიიღეს.

"თალიბანის" დამოკიდებულება მუსიკისადმი ერთ-ერთ ჰადისს - ისლამის დამაარსებლის, წინასწარმეტყველ მუჰჰამადის ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ გადმოცემას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, მას, ვინც ამქვეყნად სიმღერებს უსმენს, განკითხვის დღეს ყურში გამდნარ ტყვიას ჩაასხამენ. თუმცა, მუსლიმ ღვთისმეტყველთა ნაწილი აღნიშნულ ჰადისს ავთენტურად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ წმინდა ყურანი მუსიკის საწინააღმდეგო დებულებებს არ შეიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული