Thumbnail

10 საუკეთესო ალბომი, რომელიც ჯგუფისვე სახელითაა დასათაურებული

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ალბომის სათაურად მისივე ავტორი ბენდის სახელწოდების შერჩევა მუსიკის ინდუსტრიაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის, მსგავს ჩანაწერებს შორის კი არაერთი ბრწყინვალე, უზომოდ პოპულარული თუ ეპოქალური მნიშვნელობის მქონე ნამუშევარი მოიძებნება.

ჩვენს სიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ ალბომს წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

10. The Doors - The Doors (1967)

ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, The Doors-ის მიერ 1967 წელს გამოცემული, ამავე სახელწოდების ჩანაწერი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომადაა აღიარებული. უაღრესად შთამბეჭდავმა, ეკლექტური ჟღერადობის მქონე ნამუშევარმა პოპულარობა გამოსვლიდან მცირე ხანშივე, ელვის სისწრაფით მოიპოვა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად შესანიშნავად დაგეგმილი სარეკლამო კამპანიისა და ალბომის კონტროვერსიული შინაარსით გამოწვეული მითქმა-მოთქმის შედეგი გახლდათ.

გასაკვირი არაა, რომ The Doors ფსიქოდელიური როკის სამყაროში საკულტო სტატუსით სარგებლობს. ალბომი ნარკოტიკული თრობით გამოწვეულ, დაუსრულებელ ჰალუცინაციას წააგავს, რომელიც თავაშვებულ ჰედონიზმთან და ეროტიკულ ფანტაზიებთან ერთად ეგზისტენციური სევდითა და რომანტიკული სენტიმენტებითაა გაჯერებული. ამერიკული ბენდისთვის დამახასიათებელი უნიკალური ესთეტიკა ასე სრულფასოვნად მათ არცერთ სხვა ნამუშევარშია წარმოდგენილი.

მოუსმინეთ ალბომს

9. The Velvet Underground & Nico - The Velvet Underground & Nico (1967)

1967 წელს ენდი უორჰოლმა თავისი პროტეჟეები, ჯგუფ The Velvet Underground-ის წევრები და გერმანელი შემსრულებელი, კრისტა პეფგენი, იგივე Nico, ნიუ იორკში სადებიუტო ალბომის ჩასაწერად შეკრიბა. ნამუშევარი გამოსვლისას, ნაწილობრივ თავისი ავანგარდული ჟღერადობის, ნაწილობრივ კი კონტროვერსიული ლირიკის გამო, კომერციული თვალსაზრისით ჩავარდა, თუმცა დროის სვლასთან ერთად მისი ცნობადობა უფრო და უფრო იზრდებოდა, დღეს კი ის საკულტო სტატუსით სარგებლობს.

ნიჰილიზმი, საზოგადოებასთან გაუცხოება, სადომაზოხისტური სექსუალური ფეტიშები და მწვავე ნარკოდამოკიდებულება - ნონკორფომისტული ტექსტებითა და ხისტი, დისონანსური ჟღერადობით სავსე ალბომი 1960-იან წლებში მეინსთრიმად ქცეული ჰიპების ესთეტიკისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ჩანაწერმა ათობით მუსიკალური მიმდინარეობის განვითარებაზე მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი კი პანკის ჩამოყალიბებაში ითამაშა.

მოუსმინეთ ალბომს

8. Black Sabbath - Black Sabbath (1970)

1970 წელს ბირმინგემულმა კოლექტივმა Black Sabbath თავისი სადებიუტო, ამავე სახელწოდების მქონე ალბომი გამოსცა, რომელმაც პოპულარული მუსიკის ევოლუციის გზა სამუდამოდ შეცვალა. ეს უაღრესად შთამბეჭდავი და თავისი ეპოქისათვის სრულიად უჩვეულო, ხაზგასმით პირქუში ატმოსფეროს მქონე ნამუშევარი პირველ ჭეშმარიტ ჰევი მეტალ ჩანაწერად ითვლება, მის მიერ ჟანრის განვითარებაზე მოხდენილ გავლენაზე კი საუბარი, ალბათ, სრულიად ზედმეტია.

აპოკალიპტური, ხაზგასმით მინორული ჟღერადობა, ოკულტისტური ესთეტიკა და მისტიკური შინაარსის მქონე ტექსტები ეპიზოდურად იმ პერიოდში მოღვაწე სხვა ჯგუფების ჩანაწერებშიც ჩნდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი არსად გვხვდება იმდენად თვითმყოფადი და დამოუკიდებელი სახით, როგორც Black Sabbath-ში. აღსანიშნავია, რომ კოლექტივის წევრებმა ამ დიდებულ ნამუშევარს თავისი რიგით მეორე, არანაკლებ ეფექტური ალბომი Paranoid იმავე წელს, სულ რაღაც შვიდ თვეში მოაყოლეს.

მოუსმინეთ ალბომს

7. The Beatles - The Beatles (1968)

The Beatles-ის მეცხრე სტუდიური ალბომი ოფიციალურად ჯგუფის სახელწოდებითაა დასათაურებული, თუმცა მინიმალისტური, თითქმის სრულიად თეთრი გარეკანის გამო, მას ხშირად White Album-ის (ინგლისურად: "თეთრი ალბომი") სახელითაც მოიხსენიებენ. თაობების ჰიმნებად ქცეული ჰიტებით სავსე ნამუშევარი ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად მიიჩნევა, როგორც ლივერპულური ოთხეულის შემოქმედებაში, ასევე ზოგადად პოპულარული მუსიკის ისტორიაში

ჯგუფის წევრებმა ალბომში შესული კომპოზიციების უმეტესობა ინდოეთში სპირიტუალური მოგზაურობისას დაწერეს. სავარაუდოდ, ამ ფაქტითაა განპირობებული ის, რომ "თეთრ ალბომში" სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის უჩვეულო სიმწირეს ვაწყდებით. თუმცა, ლეგენდარული კოლექტივის სხვა ნამუშევრების მსგავსად, არასწორ ინტეპრეტაციას ვერც ეს უწყინარი ჩანაწერი გადაურჩა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩარლზ მენსონს რასობრივი ომის წინასწარმეტყველება სწორედ მისმა მოსმენამ შთააგონა.

მოუსმინეთ ალბომს

6. Buena Vista Social Club - Buena Vista Social Club (1997)

1932 წელს ჰავანაში, ბუენა ვისტას უბანში ადგილობრივმა შემსრულებლებმა ამავე სახელწოდების კლუბი დააარსეს, რომლის სცენიდანაც დანსონის, პუნტო გუახირასა და სონ კუბანოს ჟანრებში გადაწყვეტილი სიმღერები ჟღერდა. 1953-59 წლების რევოლუციის შემდეგ, ფიდელ კასტროს ხელისუფლებამ გასართობი დაწესებულებების დახურვა დაიწყო, რამაც Buena Vista-ს არსებობას წერტილი დაუსვა. არტისტების ნაწილმა მოღვაწეობა დამოუკიდებლად განაგრძო, ზოგმაც კი მსმენელის წინაშე გამოსვლას საერთოდ მიანება თავი.

1996 წელს ცნობილი ამერიკელი გიტარისტის, რაი კუდერის ინიციატივით უკვე ასაკში მყოფი მუსიკოსები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ანსამბლი Buena Vista Social Club ჩამოყალიბეს. ერთი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო, ძალზე ეფექტური, განუმეორებელი კოლორიტითა და ხიბლით აღსავსე ჩანაწერი გამოსცა, რომელმაც მნიშვნელოვან კომერციულ წარმატებასთან ერთად გრემის ჯილდოც მოიპოვა და პროექტის წევრებს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა.

მოუსმინეთ ალბომს

5. The Stooges - The Stooges (1969)

როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექტივი, The Stooges ქალაქ ენ-არბორში 1967 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის შემოქმედება პანკის წინამორბედი მუსიკალური სტილის, ე.წ. პროტოპანკის ეტალონადაა მიჩნეული - ხაზგასმული პრიმიტიულობის ის ფორმულა, რომელიც მოგვიანებით Ramones-მა, Sex Pistols-მა, The Clash-მა და ჟანრის სხვა ლეგენდარულმა წარმომადგენლებმა ისესხეს, პირველად სწორედ ამ ჯგუფის ალბომებში გამოჩნდა.

ბენდის სადებიუტო ალბომი, რომლის პროდიუსერადაც ზემოხსენებული The Velvet Underground-ის წევრი, ჯონ კეილი მოგვევლინა, 1969 წელს გამოიცა და ნახევარი საუკუნის შემდეგაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ რაოდენ მარტივ და ბანალურ აკორდების პროგრესიაზეა აგებული ეს ეპოქალური სტატუსის მქონე ჩანაწერი, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხანდახან წარმატების მისაღწევად ზედმეტი ძალისხმევა აუცილებელი სულაც არ არის.

მოუსმინეთ ალბომს

4. Suicide - Suicide (1977)

საკულტო პროექტი Suicide უსახლკარო მხატვარმა, ალან ვეგამ და ავანგარდისტმა ჯაზმენმა, მარტინ რევმა 1969 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის პირველი კონცერტების სარეკლამო ფლაერები იუწყებოდა: "პანკ მუსიკა ყოველ პარასკევ საღამოს Suicide-სგან", რაც არტისტის მიერ საკუთარი შემოქმედების პანკად დახასიათების პირველი შემთხვევა იყო. არადა, მათ მიერ გატეხილი სინთეზატორისა და პრიმიტიული დრამ-მანქანის გამოყენებით შექმნილი, მონოტონური სიმღერების სპეციფიკა პანკ მუსიკის ადრეულ დეფინიციას ოდნავადაც არ ემთხვეოდა.

Suicide-ის სადებიუტო ალბომზე საუბრისას კრიტიკოსები ხშირად ინოვაციურ ჟღერადობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც საკუთარ ეპოქას ბევრად უსწრებდა. თუმცა, ნამუშევრის კიდევ ერთი, არანაკლებ ხაზგასასმელი ღირსება ავთენტურობისა და გულწრფელობის ის უნიკალური განცდაა, რომლის მსგავსსაც მხოლოდ ვეგასა და რევის მსგავს მარგინალებთან წააწყდებით. მისი მოსმენის შემდეგ სავსებით გასაგები ხდება, თუ რატომ უწოდებდნენ ამ ორ უცნაურ მუსიკოსს "ერთადერთ ჭეშმარიტ პანკებს მთელ სამყაროში".

მოუსმინეთ ალბომს

3. Run-D.M.C. - Run-D.M.C. (1984)

ნიუ იორკული კოლექტივის, Run-D.M.C.-ის მიერ 1984 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა ჰიპ ჰოპში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ჟანრში მანამდე შექმნილ ჩანაწერთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი განწყობითა და პროდაქშენით ხასიათდებოდა, ამ ნამუშევარმა კი თავისი აგრესიული ჟღერადობითა და მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კრიტიკის შემცველი ტექსტებით მიმდინარეობის ისტორიაში ახალ მოვლენას, ე.წ. ნიუ სქულს დაუდო საფუძველი.

Run-D.M.C. სამართლიანადაა აღიარებული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომად. მასში შესული ცალკეული კომპოზიციების მნიშვნელობის გაცნობიერების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი ხდება, რა მონუმენტური როლი შეასრულა ამ ნამუშევარმა ჟანრის ევოლუციის საქმეში - It's Like That პირველ ჰარდკორ ჰიპ ჰოპ ჩანაწერად ითვლება, Rock Box რეპ როკის ქვეჟანრის ყველაზე ადრეული ნიმუში გახლავთ, Sucker M.C.'s ერთ-ერთი პირველი დის ტრეკი და ა.შ.

მოუსმინეთ ალბომს

2. Led Zeppelin - Led Zeppelin I (1969)

საკულტო კოლექტივის წევრებს პირველი ოთხი სტუდიური ალბომის შემთხვევაში სათაურზე ფიქრით თავი დიდად არ შეუწუხებიათ და თითოეულ ნამუშევარს ჯგუფის სახელწოდება, Led Zeppelin დაარქვეს, რასაც ნუმერაციის აღმნიშვნელი სიმბოლო მოსდევდა. ამ ბრწყინვალე ჩანაწერებს შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ჩვენი სიისთვის ბრიტანული ჯგუფის სადებიუტო ალბომი თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამო შევარჩიეთ.

ალბომში შესულ კომპოზიციათა დიდი ნაწილი პოპულარული ბლუზ და ფოლკ ბალადების სრულიად ახალ, ორიგინალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა, რისი მსგავსიც მანამდე არავის არაფერი მოესმინა. ნამუშევრის ინოვაციურმა არანჟირებამ, იმ პერიოდისთვის უჩვეულოდ მძიმე, ინტენსიურმა ჟღერადობამ და ენერგიულმა რიტმ სექციამ ჰარდ როკის მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. ამასთანავე, ჩანაწერი პროტო ჰევი მეტალის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშადაც ითვლება.

მოუსმინეთ ალბომს

1. Portishead - Portishead (1997)

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში 1991 წელს ჩამოყალიბებული Portishead ტრიპ ჰოპის ერთ-ერთ პიონერად და ჟანრის ისტორიაში გამორჩეულად მნიშვნელოვან პროექტად იქცა. ჯგუფის შემოქმედება კრიტიკოსების, კოლეგებისა თუ მსმენელების მხრიდან თითქმის ერთსულოვან აღფრთოვანებას იმსახურებს. თუმცა, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ხანგრძლივი მოღვაწეობის მიუხედავად, ამ გენიალურ ტრიოს დღემდე მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ზემოხსენებულ ალბომებს შორის რიგით მეორე, 1997 წელს გამოცემული ჩანაწერი ჯგუფის სახელწოდებას ატარებს. ტრადიციულად, ჟღერადობა ამ ნამუშევარშიც ძალზე დახვეწილი და ელეგანტურია, თუმცა სადებიუტო ჩანაწერთან შედარებით Portishead-ს გაცილებით ცივი, გოთიკური ატმოსფერო გამოარჩევს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის ვოკალისტის, ბეტ გიბონსის სპეციფიკური ხმის ტემბრი და შესრულების მანერა, რომელიც ჩანაწერს განუმეორებელს ხიბლს მატებს.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული