Thumbnail

ბიჭუნა Nirvana-ს ალბომის ყდიდან 30 წლის შემდეგ ჯგუფს უჩივის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის 4 თვის ასაკში გადაღებული ფოტოც ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ალბომის Nevermind გარეკანზეა გამოსახული, ჩანაწერის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ ბენდს სასამართლოში უჩივის.

► Nirvana-ს "ღვთაებრივი კომედიიდან" ილუსტრაციის გამოყენებისთვის უჩივიან

ელდენმა საჩივარი კოლექტივის ყოფილი წევრების: დეივ გროლის, კრის ნოვოსელიჩის, ასევე, კურტ კობეინის წარმომადგენლების, ხმის ჩამწერი სტუდიებისა და ფოტოგრაფ კირკ უედლის წინააღმდეგ შეიტანა. ის მათ ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალის ფლობაში, გავრცელებასა და კომერციული მიზნით გამოყენებაში, ასევე, ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ ნამუშევრის ყდაზე ელდენი სრულიად შიშველია გამოსახული.

Nirvana-ს ალბომის Nevermind გარეკანი, რომელზეც 4 თვის სპენსერ ელდენია გამოსახული
 

გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებული საჩივრის ტექსტიდან ვიგებთ, რომ Nirvana-სთან შეთანხმების თანახმად, ალბომის გარეკანზე ბავშვის სასქესო ორგანო სტიკერით უნდა ყოფილიყო დაფარული, რაც ასე არ მოხდა.

მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ბენდის წევრებმა არაფერი გააკეთეს მისი სექსუალური ექსპლუატაციისგან დასაცავად. ამასთანავე, სპენსერის მშობლებს არასდროს გაუციათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილის სურათის გამოყენების ნებართვა და არ მიუღიათ შემოსავალი ალბომის გაყიდვებიდან.

ელდენი სულ 17 ადამიანს უჩივის და ფსიქოლოგიური და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად თითოეულისგან 150,000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ 2001, 2008 და 2016 წლებში, მოზარდობისას და ზრდასრულ ასაკშიც, სპენსერ ელდენმა მსგავსი ფოტო თავადვე გადაიღო და გაავრცელა.

სპენსერი 2008 წელს, 17 წლის ასაკში
სპენსერი 2016 წელს, 25 წლის ასაკში

თავისი რიგით მეორე სტუდიური ალბომი Nevermind ამერიკულმა გრანჟ კოლექტივმა 1991 წელს გაავრცელა. ჩანაწერმა გამოსვლისთანავე ბილბორდის ჩარტში წამყვანი პოზიციის დაკავება მოახერხა. სულ მსოფლიოში ნამუშევრის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ალბომმა ბრილიანტის სტატუსიც მოიპოვა.

► დეივ გროლი: ალბომი Nevermind იმიტომ გამოვუშვით, რომ სახლები გვეყიდა

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა Nirvana არსებობის განმავლობაში მხოლოდ სამი სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, მისი დამაარსებლის, კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული