Thumbnail

ახალი დეტალები ბობ დილანის მიერ არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მუსიკოსის, ბობ დილანის მიერ 24 წლის ასაკში 12 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გამოცემა Consequence წერს, იმ პერიოდში, როდესაც, ბრალმდებლის მონათხრობის მიხედვით, ნიუ იორკში სავარაუდო დანაშაული მოხდა, დილანი ბრიტანეთში მართავდა ტურნეს და მოვლენათა ქრონოლოგია დილანის გადაადგილების მარშრუტს დროში არ ემთხვევა.

ბობ დილანს 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

68 წლის ქალი, რომელიც სასამართლო დოკუმენტებში ინიციალებით J.C. არის მოხსენიებული, ირწმუნება, რომ 1965 წლის აპრილისა და მაისის თვეში დილანი დაუმეგობრდა, მასთან ემოციური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებებით დაათრო და სექსუალურად იძალადა.

"სარჩელის თანახმად, ძალადობის ფაქტი ნიუ იორკის სასტუმრო Chelsea-ში მოხდა. ექვსკვირიანი პერიოდი 1965 წლის აპრილიდან მოყოლებული მაისამდე დილანის საგასტროლო თარიღებს ემთხვევა, ამ კონცერტების უმეტესობა ოკეანის გაღმა ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ შოუებს შორის რჩებოდა ხოლმე რამდენიმე თავისუფალი დღე, როდესაც ძალიან მონდომებულ ადამიანს შეეძლო, უკან, ნიუ იორკში გადაფრენილიყო. თუმცა, როგორც ირკვევა, არსებობს ცნობები, თუ როგორ გაატარა დილანმა ამ დასვენების დღეების უმეტესობა, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის მონათხრობს", - წერს გამოცემა.

ჯონ ლენონი: პოლ მაკკარტნი ბობ დილანს პატივს არ სცემდა

Consequence-ს 80 წლის დილანის ბიოგრაფის, კლინტონ ჰეილინზე დაყრდნობით, დეტალურად მოჰყავს შემსრულებლის გადაადგილების მარშრუტი.

"1965 წლის იანვრიდან 24 აპრილის პერიოდში დილანი ჩრდილოეთ ამერიკაში მართავდა ტურნეს. აპრილის უდიდესი ნაწილი მან დასავლეთ სანაპიროზე გაატარა. 3 აპრილს ქალაქ ბერკლიში ჰქონდა კონცერტი, რასაც 9-ში ვანკუვერში, 23-ში პორტლენდში, 24-ში კი სიეტლში გამართული შოუები მოჰყვა. 26 აპრილს ის უკვე ლონდონში იყო. შუალედებში დილანი ლოს ანჯელესს სტუმრობდა, ერთი-ორი დღე კი ნიუ იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, ვუდსტოკში გაატარა.

26 აპრილს ბობი ლონდონში ჩაფრინდა, 30 აპრილიდან 10 მაისის პერიოდში ინგლისში რვა კონცერტი ჩაატარა, 12 მაისს კი ხმის ჩამწერ სტუდიაში Levy’s ჰქონდა ლაივი. მთელი ამ დროის განმავლობაში მისგან მრავალი ინტერვიუ აიღეს, ის მუდმივად ჩნდებოდა საგაზეთო სტატიებში. მას ასევე დაჰყვებოდა გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ საკონცერტო ტურნეს შესახებ დოკუმენტურ ფილმს Don't Look Back იღებდა. აგრეთვე, დილანს ახლდა მისი მომავალი ცოლი, სარა ლოუნდსი, რომელიც მათ საერთო შვილზე, ჯესიზე იყო ორსულად. ევროპაში ბობის არასამუშაო დღეებიც ასახულია ფილმში, მათ შორის პორტუგალიაში გატარებული ხანმოკლე შვებულება, სადაც უცნობი დაავადება შეეყარა და 24 მაისს საავადმყოფოში მოხვდა. 1 ივნისს მან ლონდონში, BBC Studios-ში სტუმრობით დაასრულა მოგზაურობა და ნიუ იორკში მხოლოდ 3 ივნისს დაბრუნდა", - იხსენებს ჰეილინი.

თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, დილანი ნიუ იორკში კიდევ უფრო გვიან ჩაფრინდა. დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ ის იქ იმყოფებოდა 15 ივნისს, როდესაც მეექვსე სტუდიური ალბომის Highway 61 Revisited ჩაწერა დაიწყო.

ბობ დილანი

ქალის ადვოკატი, დენიელ აიზეკი კი აცხადებს, რომ, როდესაც არტისტი ტურნეში იმყოფებოდა, საკმარისი თავისუფალი დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ ნიუ იორკში დაბრუნებულიყო.

"ტურნეს გრაფიკი წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მონათხრობთან. სიმართლეს დავამტკიცებთ სასამართლო სხდომაზე", - განუცხადა აიზეკმა გამოცემას Page Six.

ბრალმდებელმა საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა და კომპენსაციის მიღება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ 14 აგვისტოს, ერთი დღის შემდეგ, რაც სასამართლოში სარჩელი შევიდა, ნიუ იორკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან დაკავშირებული აქტის მოქმედება შეჩერდა. დროებითი კანონი ადამიანებს საშუალებას აძლევდა, მათზე სავარაუდო მოძალადეებისთვის 1970-იან წლებსა და უფრო ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის ეჩივლათ.

ბობ დილანის სიმღერა, რომელიც რობერტ პლანტის შთაგონების წყაროდ იქცა

ამერიკელმა ფოლკ მუსიკოსმა, ბობ დილანმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. არტისტის პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი 60-იან წლებშია დაწერილი. დილანს ამ ეპოქის თაობის ხმასაც უწოდებდნენ. მისი კომპოზიციები Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin ადამიანის უფლებების დაცვისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობების ჰიმნადაც კი იქცა.

11 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ მუსიკოსს საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი აქვს გაყიდული. ამ შედეგით, ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად რჩება. 2016 წელს დილანს მის მიერ დაწერილი სიმღერების ტექსტების გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული