Thumbnail

ჩამოშორდება თუ არა ჯეიმი სპირსი ბრიტნის მეურვეობას - ახალი დეტალები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის მამამ, ჯეიმი სპირსმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა, შვილის მეურვეობას ჩამოშორებოდა, როდესაც "დარჩენილ საქმეებს მოაგვარებდა". ამ სიახლემ მომღერლის მხარდამჭერი მოძრაობის #FreeBritney მომხრეებს იმედი გაუჩინა, რომ ეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყო 39 წლის არტისტის დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, თუმცა, მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ჯეიმის ადვოკატები სინამდვილეში ლოს ანჯელესის სასამართლოში შეტანილი განცხადებით მოითხოვენ, ბრიტნის ახალ ადვოკატს, მეთიუ როზენგერტს უარი ეთქვას 26 ივლისის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომელშიც ის მოსამართლეს მუსიკოსის მამისთვის მეურვის სტატუსის ჩამორთმევას და მომღერლის ქონების მმართველად სერტიფიცირებული ბუღალტერის, ჯეისონ რუბინის დანიშვნას სთხოვდა.

ჯეიმი სპირსი: ბრიტნის მეურვეობას ჩამოვშორდები, თუმცა, ახლავე არა

იურიდიული კომპანიის Greenspoon Marder წარმომადგენელი, მეთიუ კენინი, რომელიც ჯეიმი სპირსის მიერ სასამართლოში შეტანილ დოკუმენტს დეტალურად გაეცნო, ხაზს უსვამს, რომ ის სულაც არ ამბობს უარს მეურვის სტატუსზე და მეტიც, ბრიტნის ადვოკატის შუამდგომლობას აპროტესტებს კიდეც.

"ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს თანხმობას უფლებამოსილების შეწყვეტაზე. რეალურად ამით ჯეიმი სპირსის ადვოკატმა მეურვეობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნა გააპროტესტა", - აღნიშნავს ადვოკატი.

იურისტისვე ცნობით, ჯეიმი სპირსის განაცხადში აღნიშნულია, რომ ის საჭიროდ თვლის, შვილის მეურვის პოსტზე დარჩეს "მანამ, სანამ 2019 წლის ფინანსურ ანგარიშებს არ შეადგენს და ბრიტნის ქონების აღრიცხვის პროცესს არ დაასრულებს".

ბრიტნი სპირსს სასამართლომ ავტომობილის მართვის უფლება მისცა

კენინის თქმით, ჯეიმის ეს არგუმენტი აზრს მოკლებულია, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება მეურვის სტატუსის გარეშეც შეუძლია.

"სასამართლოს შეუძლია, გამოსცეს მეურვეობის შეჩერების, ანაც გაუქმების განკარგულება და ამასთან, ამ პიროვნებას მაინც დაავალოს ბუღალტრული სამუშაოების ბოლომდე მიყვანა მანამ, სანამ მას საბოლოოდ გადააყენებენ. ასე რომ, ის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ დარჩება და მოუწევს, მოსამართლის განკარგულებებს დაემორჩილოს მას შემდეგაც, რაც უფლებამოსილება შეუჩერდება", - ამბობს მეთიუ კენინი.

ცნობისთვის, ჯეიმი სპირსის შუამდგომლობაში, რომლის შინაარსიც გასულ კვირას გავრცელდა, ნათქვამია, რომ მეურვეობიდან მისი ჩამოშორების რეალური საფუძველი არ არსებობს და ეს ბრიტნის საუკეთესო ინტერესებშიც არ შედის.

"ბატონი სპირსის მისამართით გამუდმებით ხორციელდება უსამართლო თავდასხმები. სინამდვილეში არ არსებობს რეალური საფუძველი იმისთვის, რომ ჯეიმი სპირსს შეუჩერდეს, ანაც ჩამოერთვას შვილის ქონების განკარგვის უფლება. სათუოა, მეურვის შეცვლა შედის თუ არა ქალბატონი სპირსის საუკეთესო ინტერესებში".

ხოლო ბრიტნის ადვოკატის მიერ 26 ივლისს სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში, რომლითაც მოსამართლეს ჯეიმი სპირსის მეურვეობიდან ჩამოშორებას სთხოვდა, აღნიშნულია:

"ნებისმიერმა მამამ, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი შვილი და მის მიმართ მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებს, თავისი ნებით უნდა დაუთმოს ეს პოზიცია ჩვენ მიერ დასახელებულ პროფესიონალ ადამიანს, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს თავის წრეში".

ამ ეტაპზე ბრიტნი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, საკუთარი ცხოვრების და ფინანსების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, მეურვეობის სრულად გაუქმებას არ მოითხოვს, თუმცა, მისი ახალი ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში სწორედ ასე დააყენოს საკითხი სასამართლოში. ამასთან, მას შემდეგ, რაც მომღერალმა ცოტა ხნის წინ მოსამართლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მამამისი მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და სურვილი გამოთქვა, მას უჩივლოს, მისმა ახალმა ადვოკატმა განაცხადა, რომ აქტიურად არის დაკავებული ჯეიმი სპირსის საქმიანობის შესწავლით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მუსიკოსის მამის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდეს სასამართლოში.

"აუცილებლად გამოვიძიებთ იმ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც ბატონი სპირსი მილიონობით დოლარს იღებდა თავისი შვილის ქონებიდან", - ამბობს როზენგერტი.

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული