Thumbnail

ჯეიმი სპირსი: ბრიტნის მეურვეობას ჩამოვშორდები, თუმცა, ახლავე არა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნის სპირსის მამა, ჯეიმი სპირსი მზადაა, შვილის მეურვეობაზე უარი თქვას. 39 წლის მუსიკოსმა, რომელსაც, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, პირადი ცხოვრებისა და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, ახლახან მშობელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და მეურვის შეცვლა მოითხოვა. სწორედ "შვილთან არსებული დავის საჯაროობას" ასახელებს ჯეიმი გადაწყვეტილების მიზეზად, თუმცა, აქვე დასძენს, რომ მეურვეობიდან მისი ჩამოშორების რეალური საფუძველი არ არსებობს, ის საზოგადოების უსამართლო თავდასხმის მსხვერპლია და არც ბრიტნისთვის მოაქვს სარგებელი იმას, რომ მათ შორის არსებული დავა საჯარო განხილვის საგანია.

ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს მოუთხრო, როგორ ჩაიკეტა სააბაზანოში

"იმის მიუხედავად, რომ ბატონი სპირსის მისამართით გამუდმებით ხორციელდება უსამართლო თავდასხმები, ის არ თვლის, რომ საკუთარ ქალიშვილთან საჯარო დავა ბრიტნის საუკეთესო ინტერესში შედის. იმის ნაცვლად, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრიტნის ადვოკატის მიერ სასამართლოში შეტანილ დაუსაბუთებელ შუამდგომლობას ასაჩივრებდეს მისი მეურვის პოსტიდან მოხსნის თაობაზე, ჯეიმი აპირებს სასამართლოსთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ საქმის გადაბარება ახალი მეურვისთვის ყველა წესის დაცვით მოხდეს. მისი ფორმალური სტატუსის მიუხედავად, ჯეიმი ყოველთვის ქალბატონი სპირსის მამად დარჩება, ის უპირობოდ ეყვარება და მხოლოდ შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს", - წერს გამოცემა TMZ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემა Variety-ს კი ამავე დოკუმენტებიდან კიდევ ერთი ციტატა მოჰყავს:

"სინამდვილეში არ არსებობს რეალური საფუძველი საიმისოდ, რომ ჯეიმი სპირსს შეუჩერდეს, ანაც ჩამოერთვას შვილის ქონების განკარგვის უფლება. სათუოა, მეურვის შეცვლა შედის თუ არა ქალბატონი სპირსის საუკეთესო ინტერესებში".

ჯეიმი სპირსმა ლოს ანჯელესის სასამართლოს ხუთშაბათს მიმართა, თუმცა, საქმიანობის შეწყვეტის ზუსტი თარიღი არ მიუთითებია. როგორც ის ამბობს, მანამ ბრიტნის მეურვეობას სხვა გადაიბარებს, მას გარკვეული საკითხები აქვს მოსაგვარებელი.

"როდესაც ყველა საქმეს მოაგვარებს, ბატონ სპირსს გვერდზე გადგომა შეეძლება. არ არსებობს გარემოებები, რომ მეურვეობიდან მისი დაუყოვნებელი ჩამოშორების საჭიროება არსებობდეს", - წერს Variety სასამართლო დოკუმენტებზე დარყდნობით.

სემ ასგარი ეხმაურება ინფორმაციას, რომ ის და ბრიტნი სპირსი დაინიშნენ

მომღერლის ახალი ადვოკატის, მეთიუ როზენგერტის განცხადებით, ჯეიმის გადადგომა მათთვის დიდი გამარჯვებაა.

"ეს ბრიტნის დიდი გამარჯვება და სამართლიანობის აღდგენის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მე მოსამართლეს მივმართე, რომ 13 წლის შემდეგ დრო იყო, ჯეიმი სპირსი მეურვის პოზიციას ჩამოშორებოდა და ამ მიზნის მისაღწევად ჩემს გუნდთან ერთად აგრესიულად და ოპერატიულად ვიმუშავებდი", - ამბობს ადვოკატი.

როზენგერტისვე თქმით, ის აპირებს, ჯეიმი სპირსის მიერ ბოლო 13 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები საგულდაგულოდ შეისწავლოს.

"აუცილებლად გამოვიძიებთ იმ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც ბატონი სპირსი მილიონობით დოლარს იღებდა თავისი ქალიშვილის ქონებიდან", - ამბობს როზენგერტი.

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

ზაფხულის დასაწყისში ბრიტნი საჯაროდ პირველად გამოვიდა სასამართლოს წინაშე სიტყვით, რა დროსაც განაცხადა, რომ მამამისი და მისი მეურვეობის პროცესში ჩართული სხვა პირები მთელი ეს წლები ბოროტად იყენებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ივლისში მუსიკოსი კიდევ ერთხელ წარდგა სასამართლოს წინაშე, რა დროსაც დაადასტურა, რომ სურს, მამამისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

"აქ იმიტომ ვარ, რომ მამაჩემისგან გავთავისუფლდე და მას მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ვუჩივლო", - მიმართა ბრიტნიმ მაშინ მოსამართლეს.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული