Thumbnail

როგორც წესი, მხატვრულ ფილმებზე მუშაობის პროცესში არაერთი დეტალი იცვლება, დაწყებული სცენარის განვითარებითა და დამთავრებული სამსახიობო ანსამბლის შემადგენლობით. ამ მხრივ, გამონაკლისს არც მუსიკალური გაფორმება წარმოადგენს. კინემატოგრაფის ისტორიას უამრავი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ამა თუ იმ სურათისთვის შექმნილი საუნდტრეკი ნამუშევრის საბოლოო ვერსიაში ვერ მოხვდა. მათ რიცხვში რამდენიმე უაღრესად შთამბეჭდავი ჩანაწერიც შედის, რომელთა მოსმენის შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას მოგვიანებით მაინც მიეცა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში სწორედ ათ გამორჩეულ, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო დაწუნებულ საუნდტრეკს წარმოგიდგენთ.

10. Bernard Herrmann - Torn Curtain

საკულტო რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკისა და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპოზიტორის, ბერნარდ ჰერმანის ხანგრძლივ თანამშრომლობას წერტილი 1966 წელს დაესვა. ჰიჩკოკი და პროდიუსერები ფილმისთვის "დახეული ფარდა" მსუბუქ, ჯაზ პოპის ესთეტიკაში გადაწყვეტილ საუნდტრეკს მოითხოვდნენ, თუმცა სიჯიუტით განთქმულმა ხელოვანმა საკუთარ სტილს არ უღალატა და პროექტის დატოვებაც მოუწია. სურათის მუსიკალური გაფორმებისთვის მისი ბრიტანელი კოლეგა, ჯონ ედისონი დაიქირავეს, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას არცთუ ურიგოდ გაართვა თავი, მაგრამ ამ უკანასკნელის ნამუშევარი ბერნარდის დაწუნებულ ჩანაწერს ნამდვილად ვერ შეედრება.

9. Jimmy Page - Lucifer Rising

Led Zeppelin-ის მსმენელებს ამ ჯგუფის წევრის, ჯიმი პეიჯის მისტიციზმით გატაცების შესახებ კარგად მოეხსენებათ. გიტარისტმა რეჟისორი კენეთ ენგერი სწორედ ცნობილი ბრიტანელი ოკულტისტის, ალისტერ კროულის ნივთების აუქციონზე გაიცნო და მოგვიანებით მისი ფილმის "ლუციფერის აღზევება" მუსიკალურად გაფორმებაზეც დათანხმდა. 1976 წელს პეიჯის იმდროინდელ ცოლს, შარლოტს ენგერთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ჯიმისთან მეგობრობას წერტილი დაუსვა და სურათიდან მის მიერ დაწერილი, უაღრესად ავანგარდული საუნდტრეკიც ამოიღო. მოგვიანებით, ფილმისთვის მუსიკა ამერიკელმა კომპოზიტორმა, ჩარლზ მენსონის ავადსახსენებელი სექტის წევრმა, ბობი ბოსოლეიმ ციხის გისოსებს მიღმა შექმნა, სადაც ის მკვლელობის გამო აღმოჩნდა.

8. Lalo Schifrin - The Exorcist

საკულტო საშინელებათა ფილმის "ეგზორცისტი" მუსიკალურ გაფორმებაზე გამოჩენილი კინოკომპოზიტორი, ლალო შიფრინი მუშაობდა. თუმცა, მის მიერ შექმნილი, საცდელი ჩანაწერის ჟღერადობა და ატმოსფერო რეჟისორ უილიამ ფრიდკინის ხედვას რადიკალურად არ ემთხვეოდა. ხანგრძლივი და ფუჭი კამათის შემდეგ, ამ უკანასკნელმა არგენტინელი ხელოვანი დაითხოვა (ამ ფაქტმა მათი მეგობრობაც სამუდამოდ დაასრულა) და მის ნაცვლად ამერიკელი მუსიკოსი, ჯეკ ნიცშე დაიქირავა, საუნდტრეკის დიდი ნაწილი კი მოდერნისტი კომპოზიტორების, ანტონ ვებერნისა და კშიშტოფ პენდერეცკის ნაწარმოებებით დააკომპლექტა.

7. Elmer Bernstein - Gangs of New York

ელმერ ბერნშტაინმა 2002 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ისტორიული დრამისთვის "ნიუ იორკის ბანდები" შესანიშნავი საუნდტრეკ ალბომი შექმნა. მთელ რიგ მიზეზთა გამო, ლეგენდარული კომპოზიტორის ჩანაწერი ფილმის ფინალურ ვერსიაში ვერ მოხვდა. მისი მუსიკალური გაფორმება კი ელმერის კოლეგამ, ჰოვარდ შორმა ითავა. ეს უკანასკნელი უდავოდ ბრწყინვალე ხელოვანი და თავისი საქმის ერთ-ერთი გამორჩეული დიდოსტატი გახლავთ, მაგრამ აშკარაა, რომ სურათის ატმოსფეროს ბერნშტაინის ემოციური, კელტური ფოლკლორული მუსიკით შთაგონებული ნამუშევარი არანაკლებ დაამშვენებდა.

6. Coil - Hellraiser

პიტერ კრისტოფერსონისა და ჯონ ბელანსის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფი Coil პოსტ-ინდასტრიალის მიმართულების ერთ-ერთ პიონერად და ჟანრის ისტორიაში გამორჩეულად მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევა. 1987 წელს დუეტს საშინელებათა ფილმისთვის "ჯოჯოხეთიდან აღმდგარი" საუნდტრეკის შექმნა დაუკვეთეს, მაგრამ ნამუშევრის მოსმენის შემდეგ პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩანაწერი ზედმეტად ავანგარდული და ხაზგასმით არაკომერციული იყო. ამიტომ, რეჟისორმა კლაივ ბარკერმა ამერიკელი კომპოზიტორი, კრისტოფერ იანგი მოიწვია, კრისტოფერსონმა და ბელანსმა კი სურათში გამოუყენებელი მუსიკა იმავე წელს მინი ალბომის The Unreleased Themes for Hellraiser სახით გამოსცეს.

5. Ennio Morricone - What Dreams May Come

რეჟისორმა ვინსენტ უორდმა "საით მივყავართ ოცნებებს" ცნობილი მწერლის, რიჩარდ მეთისონის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღო. ბრწყინვალე ვიზუალისა და ფერთა პალიტრის მქონე სურათისთვის (ნამუშევარმა ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების 71-ე ცერემონიაზე საუკეთესო სპეცეფექტების კატეგორიაში ოსკარიც დაიმსახურა) არანაკლებ შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმება კინომუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ, ენიო მორიკონემ შექმნა. თუმცა, პროდიუსერებს უფრო "კომერციული" ჟღერადობა სურდათ, რის გამოც ფილმში იტალიელი კომპოზიტორის ნამუშევრის ნაცვლად მისი ამერიკელი კოლეგის, მაიკლ კეიმენის ჩანაწერი მოხვდა.

4. Henry Mancini - Frenzy

ისევ და ისევ ალფრედ ჰიჩკოკი, რომელსაც კომპოზიტორებთან მეგობრული ურთიერთობა აშკარად არ გამოსდიოდა. ეპოქალურმა რეჟისორმა ფილმზე "სიგიჟე" მუშაობისას ამჯერად ჰენრი მანჩინი დაითხოვა, რადგანაც ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი ჩანაწერი თავისი ძველი კოლაბორატორის, ბერნარდ ჰერმანის ხელწერას აგონებდა. საბოლოოდ, სურათი მუსიკალურად რონ გუდვინმა გააფორმა, მანჩინის თქმით კი, მისი ნამუშევრის ჟღერადობის ჰერმანის საფირმო სტილთან შედარება სრული აბსურდია - ქვემოთ წარმოდგენილი ნაწარმოების მოსმენის შემდეგ ძალზე რთულია, ლეგენდარული ხელოვანის მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.

3. Gabriel Yared - Troy

2004 წელს ბლოკბასტერის "ტროა" საუნდტრეკზე მუშაობა ლიბანური წარმოშობის ფრანგმა კომპოზიტორმა, გაბრიელ იარედმა დაიწყო. ამ უკანასკნელმა დაახლოებით ასი მუსიკოსით დაკომპლექტებულ ორკესტრთან ერთად ბულგარული ფოლკლორითა და ძველბერძნული მუსიკალური ტრადიციებით შთაგონებული, ძალზე შთამბეჭდავი ჩანაწერი შექმნა, რომელმაც ფილმის რეჟისორის, ვოლფგანგ პეტერსენის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამწუხაროდ, სატესტო ჩვენების შემდეგ ფოკუს ჯგუფის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ჩანაწერი ზედმეტად ძველმოდურად ჟღერდა, რის გამოც იარედი ამერიკელმა კონოკომპოზიტორმა, ჯეიმს ჰორნერმა ჩაანაცვლა.

2. Black Rain - Johnny Mnemonic

სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი "ჯონი მნემონიკი" ჟანრის ლეგენდის, უილიამ გიბსონის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. კიანუ რივზისა და დოლფ ლუნდგრენის მონაწილეობით გადაღებული სურათისთვის საუნდტრეკი ინდასტრიალ კოლექტივმა Black Rain შექმნა, თუმცა რეჟისორმა რობერტ ლონგომ მათი ჩანაწერის გამოყენება გადაიფიქრა და სანაცვლოდ გამოჩენილი კინოკომპოზიტორი, ბრედ ფიდელი მოიწვია. "ტერმინატორის" უკვდავი თემის ავტორმა საკუთარ საქმეს ნამდვილად კარგად გაართვა თავი, თუმცა, დიდი ალბათობით, ფილმის კიბერპანკულ, ფუტურისტულ ატმოსფეროს ამერიკული ჯგუფისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა უფრო მოუხდებოდა.

1. Georges Delerue - Platoon

რეჟისორ ოლივერ სტოუნს ფილმისთვის "ოცეული" ეპოქალური კომპოზიტორის, სემუელ ბარბერის მელანქოლიური შედევრის Adagio for Strings მსგავსი განწყობის მქონე მუსიკალური გაფორმება სურდა. მისი მითითებით ფრანგმა კინოკომპოზიტორმა, ჟორჟ დელარიუმ დაახლოებით ნახევარსაათიანი ჩანაწერი სწორედ ზემოხსენებული ნაწარმოების ინსპირაციით შექმნა, თუმცა სტოუნმა ამ ნამუშევრის გამოყენება გადაიფიქრა და სანაცვლოდ საუნდტრეკი ვიეტნამის ომის პერიოდთან ასოცირებული, პოპულარული სიმღერებით შეავსო. სურათში დელარუას ჩანაწერიდან მხოლოდ რამდენიმე მცირე პასაჟი და ერთი კომპოზიცია Barnes Shoots Elias ჟღერს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული