Thumbnail

რატომ ეგონა ბიონსეს, რომ კარიერას 13 წლის ასაკში დაასრულებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ მუსიკალური მოღვაწეობა 1990 წელს ჯგუფის Destiny's Child შემადგენლობაში დაიწყო. ის ამ დროს მხოლოდ ცხრა წლის გახლდათ. არტისტმა ჟურნალ Harper's Bazaar-თან ახალ ინტერვიუში გაიხსენა, რატომ შიშობდა, რომ მისი სასიმღერო კარიერა 13 წლის ასაკში დასრულდებოდა.

ნახეთ: ბიონსე Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

"ვოკალის გაკვეთილებზე სიარული ცხრა წლის ასაკში საოპერო მომღერალთან დავიწყე. 10 წლისას უკვე სულ მცირე 50-60 სიმღერა მექნებოდა ჩაწერილი სტუდიაში. მაშინ ხმას ჯერ კიდევ ლენტაზე იწერდი და არა Pro Tools-ის საშუალებით. ვოკალთან დაკავშირებული პირველი ტრავმა 13 წლის ასაკში მივიღე იმის გამო, რომ ძალიან ბევრი საათის განმავლობაში ვმღეროდი სტუდიაში. იმ პერიოდში ხმისჩამწერ კომპანიასთან ახალი გაფორმებული გვქონდა ჩვენი პირველი კონტრაქტი და შემეშინდა, რომ სახმო სიმებზე კვანძები განმივითარდა, ხმა დავკარგე და შეიძლებოდა, ჩემი კარიერა დასრულებულიყო. ექიმებმა მთელი ზაფხული დამასვენეს, სულ ჩუმად ვიყავი", - აღნიშნავს მომღერალი.

რატომ არ სურდა ბიონსეს 25 წლამდე დაქორწინება

39 წლის არტისტის თქმით, თავის კარიერას თინეიჯერობიდან მოყოლებული ძალიან სერიოზულად უდგებოდა.

"მუდმივად სწავლისკენ და ზრდისკენ ვიყავი მიდრეკილი. ჩემს სკოლაში არავინ იცოდა, რომ სიმღერა შემეძლო, რადგან თითქმის არ ვლაპარაკობდი. მთელი ჩემი ენერგია Destiny’s Child-ისკენ და იმ ოცნებისკენ იყო მიმართული, რომ კონტრაქტი გაგვეფორმებინა და მუსიკოსები გავმხდარიყავით. თუ მიზნების მიღწევაში რაიმე არ მეხმარებოდა, იმაში დროს არც ვხარჯავდი. მივიჩნევდი, რომ არ მქონდა მეგობრებთან ჭორაობის ან გართობის დრო. ბევრი რამ დავთმე და გავურბოდი ნებისმიერ რამეს, რასაც შეეძლო, მოვეცდინე. ვიცოდი, რომ გასაოცარი შესაძლებლობა მომეცა და მხოლოდ ერთი გასროლა მქონდა. ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა”, - ამბობს ბიონსე.

Destiny’s Child, რომელსაც თავდაპირველად Girl's Tyme ერქვა

ნახეთ: ბიონსე კომპოზიციაზე OTHERSIDE გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული