Thumbnail

ჰარი სტაილზი: არ ვიცოდი, რომ ზეინს One Direction-დან წასვლა უნდოდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრმა, ჰარი სტაილზმა ახალზელანდიელ რადიოწამყვანთან, ზეინ ლოუსთან ინტერვიუში 2015 წელს ბენდიდან ზეინ მალიკის წასვლის ისტორია გაიხსენა. მომღერლის თქმით, მას ვერ წარმოედგინა, რომ კოლექტივის იმჟამინდელი წარმატების ფონზე მალიკი მათ დატოვებდა.

One Direction-ის ლიამ პეინი: ზეინი ჯგუფიდან ისე წავიდა, არც კი დაგვემშვიდობა

"ზეინის ჯგუფიდან წასვლა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მძიმე იყო. ვწუხდით, რომ ბენდის წევრი გამოგვაკლდა. ასევე, გვადარდებდა, რომ წარმატებული პერიოდის მიუხედავად, ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და კოლექტივის დატოვება არჩია. არადა, მაშინდელი ტურნე არაჩვეულებრივად მიდიოდა. მეგონა, ყველა ბედნიერი იყო და სიამოვნებას იღებდა, ვერ ვხვდებოდი, რომ ზეინი სხვაგვარად ფიქრობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მის გარეშე დანარჩენები უფრო დავახლოვდით, რადგან გაუთვალისწინებელი პრობლემის გადალახვა ერთად მოგვიწია", - ამბობს ჰარი სტაილზი.

ზეინ მალიკმა ჯგუფის დატოვების შემდეგ სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში კი ბენდმა განუსაზღვრელი დროით შემოქმედებითი პაუზა აიღო. კოლექტივის დანარჩენემა წევრებმაც სოლო მოღვაწეობას მიჰყეს ხელი.

One Direction 2010 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი მსმენელმა ბრიტანულ სატელევიზიო შოუში The X Factor მონაწილეობით გაიცნო. მუსიკოსების ხუთი ალბომი Up All Night, Take Me Home, Midnight Memories, Four და Made in the A.M სხვადასხვა დროს ჩარტების სათავეში მოექცა. არტისტებს ჯამში 200 ჯილდო აქვთ მიღებული. ისინი ისეთი ღონისძიებების გამარჯვებულები არიან, როგორებიცაა: Brit Awards, MTV Video Music Awards, Billboard Music Awards, American Music Awards და სხვა. შემსრულებლებს მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული