Thumbnail

BTS-ის ჯიმინი საუბრობს, როგორ დაეხმარნენ მშობლები რთული პერიოდის გადალახვაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრმა, ჯიმინმა ჟურნალ Weverse-თან ინტერვიუში იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებდა და არ სურდა იმის აღიარება, რომ ყველაფერს მარტო ვერ გაართმევდა თავს. 25 წლის მუსიკოსის თქმით, იმის გამო, რომ საკუთარი სისუსტეების ჩვენება არ სურდა, ხშირად უწევდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში თავის მოჩვენება, თითქოს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

მამაკაცი, რომელმაც BTS-ის წევრის სახელი, ჯიმინი დაირქვა

"სულ ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რომ ძალიან არასტაბილური ვიყავი. სხვების გარემოცვაში, მაგალითად, ჩემი ოჯახის და მეგობრების გვერდით, თავდაჯერებულ ადამიანს ვთამაშობდი. ხშირად მჭირდებოდა თავის მოჩვენება. სულ ასეთ პოზიციაში ვიყავი - მე არაფერი მიჭირს, თქვენ ხომ ხართ კარგად? ისე ვლაპარაკობდი, თითქოს შემეძლო, ყველა სიტუაციას გავმკლავებოდი, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და იმან, რომ ამ ასაკში ბევრ ფულს გამოვიმუშავებ, დამაფიქრა, საერთოდ რას ნიშნავს ფული და წარმატება. ჩემს მდგომარეობას ბევრი განიხილავს, ზოგს შურს კიდეც, მაგრამ მე ბევრი ადამიანის წინაშე მაკისრია ფინანსური ვალდებულება, ბევრ ურთიერთობას უნდა გავუფრთხილდე. დიდი ხანი არ არის, რაც გავიაზრე, რომ ზედმეტ პასუხისმგებლობას ვიღებდი. ეს ჩემი სიჯიუტის ბრალია. როდესაც ჯიუტი ხარ, სხვები რომ გიყურებენ, დაახლოებით ასეთ რაღაცას ფიქრობენ - ამას საკუთარი თავისთვისაც ვერ მიუხედავსო. ახლა უკვე ვხვდები, რომ ასე შორს არ უნდა წავსულიყავი, დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ შემიძლია, გავუშვა ის, რაც გასაშვებია. როდესაც ამას არ ვაკეთებდი, ჩემი პასუხისმგებლობები იზრდებოდა და იზრდებოდა ჩემი ტკივილიც", - ამბობს მუსიკოსი.

ჯიმინმა იმაზეც ისაუბრა, როგორ დაეხმარა ოჯახი რთული პერიოდის გადალახვაში.

"ხანდახან ჩემს თავში სიცარიელეს ვგრძნობდი. მეჩვენებოდა, რომ საკუთარ ფიქრებსა და შეხედულებებს უარვყოფდი. ჩემს მშობლებთან ბევრი ვისაუბრე ამ თემაზე, ვკითხე - იცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი-მეთქი? მათ კი მიპასუხეს - არ ვიცოდით, რის გადატანა გიწევდა, მაგრამ ვხვდებოდით, რომ შენს თავს რაღაც ისე ვერ იყოო. მსგავსი ფიქრები ახლაც რომ მეუფლება, მათ სულ სხვა გონებით ვხვდები. თუ აქამდე უფრო მეტად გარშემომყოფებზე ვიყავი ორიენტირებული, ახლა უკვე საკუთარ თავზეც შემიძლია ფოკუსირება. როგორც დედამ მითხრა, ეს იმის ნიშანია, რომ ვიზრდები და ზრდასრული ადამიანი ვხდები. მე კი ვუთხარი, რომ არ მინდა, ვიყო ზრდასრული - ძალიან რთულია", - აღნიშნავს არტისტი.

ნახეთ: BTS-მა BBC Radio 1-ის ეთერში I'll Be Missing You შეასრულა

ჯიმინმა პოპულარობა "ბითიესის" წევრობით მოიპოვა. 2013 წელს სეულში ჩამოყალიბებულ ბოიბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. BTS კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც ჩარტებში Hot 100, Billboard 200 და Billboard Artist 100 პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს BTS ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა, ბიჭებმა ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული