Thumbnail

პრესლის ბიოგრაფი: ელვისი განწირული იყო იმისთვის, რომ ახალგაზრდა მომკვდარიყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გასული წლის დეკემბერში ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნი Elvis: Destined To Die Young (ელვისი: განწირული ახალგაზრდობაში სიკვდილისთვის) გამოიცა, რომლის ავტორი, ისტორიკოსი სალი ჰოდელი აღნიშნავს, რომ არტისტის ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზები არა მის წამალდამოკიდებულებაში, არამედ გენებში უნდა ვეძებოთ. უფრო კონკრეტულად ჰოდელი იმაზე მიუთითებს, რომ ელვისის ახლო ნათესავებს დედის, გრედის პრესლის მხრიდან, სიბერემდე არ უცოცხლიათ.

როგორ გაატარა ელვის პრესლიმ სიცოცხლის უკანასკნელი დღე

სალი ჰოდელს მაგალითად მოჰყავს პრესლის ბებია და ბაბუა, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. ამასთან, ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ელვისის დედის სამივე ბიძაც ნაადრევად გარდაიცვალა და თავად გრედისიც 46 წლის ასაკში გულის შეტევას ემსხვერპლა.

"მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ერთნაირი, ოთხწლიანი პერიოდი ჰქონდათ და ეს საინტერესოა, რადგან გრედისი იმ მედიკამენტებს არ იღებდა, რომლებსაც ელვისი. პრესლის ჯანმრთელობის პრობლემებს მისი ცხოვრების ისტორიას მიაწერდნენ. მას ადამიანის სხეულის 11 სისტემიდან 9 დაავადებული ჰქონდა, აქედან ხუთი დაბადებისთანავე. ელვისს ჩვეულებრივ ადამიანად არ მოიაზრებენ, მასზე, ხან უფრო მაღალი წარმოდგენა არსებობს, ხანაც უფრო დაბალი. ის იქამდე დაიყვანეს, თითქოს როკ-ენ-როლის შემსრულებელი ბიჭი იყო, რომელიც საკუთარ სააბაზანოში აბების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას ემსხვერპლა. ეს არასაკმარისია იმ ადამიანის პირობაზე, რომელმაც კულტურულ დონეზე ჩვენი სამყარო შეცვალა. ელვისი დაავადებული ადამიანი იყო, რომელიც თავისი სისუსტის უდიდეს ნაწილს მალავდა, რათა საკონცერტო დარბაზები შეევსო და ოჯახს დახმარებოდა. მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესწავლა დაგვეხმარება, რომ ისევ დავინახოთ მისი ადამიანური მხარე", - განუცხადა ჰოდელმა გამოცემას Observer.

რა ვითარებაში გარდაიცვალა ელვის პრესლი სააბაზანოში

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს საკუთარ სახლში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მდებარე გრეისლენდის რეზიდენციის სააბაზანოში იპოვეს გარდაცვლილი. 42 წლის არტისტის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა, ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ კი პრესლის ორგანიზმში 10 სხვადასხვა პრეპარატი გამოავლინა, მათ შორის კოდეინი, დიაზეპამი და სხვა დამამშვიდებელი საშუალებები. რაც შეეხება მისი ცხედრის გაკვეთის შედეგებს, ექსპერტიზის დასკვნა პრესლის ოჯახმა 50 წლით დალუქა და მისი გახსნა მხოლოდ 2027 წელს იქნება შესაძლებელი. ტენესის შტატის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, დენ უორლიკმა, რომელიც მუსიკოსის სიკვდილის დღეს ჩატარებულ გაკვეთას პირადად დაესწრო, დაადასტურა თეორია, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

"პრესლის ქრონიკული ყაბზობა აწუხებდა, რაც მრავალწლიანი წამალდამოკიდებულებისა და ცხიმისა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე საკვების ხშირი მიღების შედეგია. დეფეკაციის მცდელობისას, როდესაც ძალა დაატანა, მას მუცლის აორტა შეეკუმშა, რის შედეგადაც გული გაუჩერდა", - განაცხადა უორლიკმა.

მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ელვის პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული