Thumbnail

მუსიკოსი Kris Wu, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, დააპატიმრეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს ყოფილი წევრი, ჩინელ-კანადელი მუსიკოსი, მსახიობი და მოდელი, კრის ვუ, რომელსაც 19 წლის სტუდენტი, დუ მეიჩჟუ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააპატიმრეს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პეკინის პოლიციის ჩაოიანის რაიონულმა განყოფილებამ გაავრცელა.

პოლიციამ კრის ვუს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

"დაკავებას საფუძვლად უდევს ინტერნეტში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მან მოტყუებით არაერთ ახალგაზრდა ქალთან დაამყარა სექსუალური კავშირი", - წერს სამართალდამცველი უწყება ადგილობრივ სოციალურ ქსელში Weibo.

ამასთან, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაზეთი The People’s Daily იუწყება, კრის ვუ, რომელიც კანადის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩინეთში კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

"სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ინდულგენცია არ არის და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად სახელგანთქმულია ადამიანი - მას ამის გამო შეღავათი არ ექნება. რამდენადაც მაღალია პოპულარობა, მით უფრო უნდა გამოიჩინოთ თვითდისციპლინა - ვინც მეტად ცნობილია, მან მეტად უნდა დაიცვას კანონი", - წერს სახელისუფლებო გამოცემა.

ხოლო ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს:

"ეს საქმე გადაიზარდა რაღაც უფრო დიდში, ვიდრე ცნობილი ადამიანების შესახებ არსებული ჭორებია. ეს იურიდიული პროცესი და დიდი სოციალური მუხტის მქონე საზოგადოებრივი მოვლენაა, რომელიც სრულფასოვან გამოძიებას და პასუხისმგებელი ორგანოების მიერ დამატებითი გამარტებების გაკეთებას მოითხოვს".

შეგახსენებთ, რომ დუ მეიჩჟუმ, რომელიც მუსიკოსის თაყვანისმცემელი იყო, 8 ივლისს Weibo-ზე დაწერა, რომ 17 წლის ასაკში კრის ვუმ ის თანამშრომლობაზე სასაუბროდ სახლში დაიბარა, სადაც ალკოჰოლური სასმელით გათიშვამდე დაათრო და გააუპატიურა. გოგონას მტკიცებით, ვუ ახალგაზრდა გოგონებს ხშირად სთავაზობდა სასიმღერო და სამსახიობო საქმიანობაში დახმარებას, შემდეგ კი ათრობდა და მათთან ღამეს ატარებდა. მას შემდეგ, რაც მუსიკოსის მიმართ ბრალდებები გამოითქვა, მასთან თანამშროლობა შეწყვიტეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა Porsche, Louis Vuitton, Bulgari და სხვები.

 დუ მეიჩჟუ

30 წლის არტისტმა, ისევე, როგორც მისმა კომპანიამ Beijing Fanshi Culture and Media აღნიშნული ბრალდებები უარყვეს.

"რასაც ის ამტკიცებს, იქიდან რაიმე მაინც თუ გავაკეთე, ციხეში ჩავჯდები. არასრულწლოვნები არასდროს მყოლია. თუ კი მსგავსი რამ მოხდება, მერწმუნეთ, თავად წავალ საპატიმროში. ჩემს სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", - დაწერა ვუმ Weibo-ზე.

ვუ იფანმა, სასცენო სახელით Kris Wu, აზიაში პოპულარობა სწორედ EXO-ს წევრობით მოიპოვა. ის კოლექტივში 2012-14 წლებში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ მან ჩინეთში სოლო კარიერა დაიწყო, ასევე, ხელი მიჰყო სამსახიობო და სამოდელო საქმიანობას, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი გახდა. 2017 წელს, ფილმში XXX: Return of Xander Cage მონაწილეობით, მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჰოლივუდშიც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული