Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

► ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Iggy Pop & Debbie Harry - Well, Did You Evah! (1990) 

იგი პოპსა და დები ჰარის იმდენი დრო აქვთ ერთად გატარებული, ისე უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, რომ მათი დუეტი ცუდი ვერაფრით გამოვიდოდა.

იგი პოპი მისი საფირმო ბარიტონით, როგორც ყოველთვის, აქაც მომნუსხველია. დები ჰარის ქარიზმა კი ისეთივე განმაიარაღებელია, როგორც ადრე, "ბლონდის" პერიოდში, როცა ათასგვარ მანიაკსა და პერვერტს შორის უწევდა თავის დამკვიდრება ნიუ იორკის ჯურღმულებში.

სიმღერა, რომელიც კოულ პორტერმა 1939 წელს დაწერა, პოპულარული 50-იანებში, ფრენკ სინატრასა და ბინგ კროსბის შესრულებით გახდა. ამ სიაში შესული ვერსია ძველს ნამდვილად სჯობს, მაგრამ გაჰიტება მაინც ვერ მოახერხა. თუმცა, დებისა და იგის უდარდელობას თუ გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ეს სულაც არ იყო მათი კოლაბორაციის მთავარი მიზანი.

9. The Pogues & Kristy MacColl - Fairy Tale of New-York (1987)

ჯონ ლაიდონი ამბობდა, ყველაფერი კარგი, რაც ბრიტანულ მუსიკაშია, პაბებიდან მოდის, სადაც ნებისმიერს, სქესის განურჩევლად, შეუძლია გამოთვრეს, სცენაზე ავიდეს და რაც უნდა, ის იმღეროსო. 

გამოჩენილი ირლანდიელი მუსიკოსი და ალკოჰოლიკი, შეინ მაკგოუენი ამ ცხოვრებისეული სიბრძნის ცოცხალი განსახიერებაა. ამის გამო უყვართ ის მთელ ბრიტანეთში და ამიტომაც არის, რომ რამდენიც არ ეცადნენ "ფოუგსის" წევრები, თავიდან მოეცილებინათ ლოთი შეინი, არაფერი გამოუვიდათ. მის გარეშე ბენდი ერთ სტერილურ და უინტერესო კოლექტივად გადაიქცეოდა ხოლმე.

კრისტი მაკკოლის ესთეტიკაც ნამდვილი პაბ როკია. ირლანდიური ვისკით გაჟღენთილი შეინის სევდიანი ნარატივი და კრისტის შესრულების მხნე, ჭეშმარიტად ინგლისური მანერა იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ მრავალსაუკუნოვანი ინგლისურ-ირლანდიური შუღლი ყოველგვარ აზრს კარგავს. ამიტომაც შედგა მათი დუეტი და უზარმაზარი წარმატებაც ხვდა წილად. 

8. The Uncluded - TV on 10 (2013)

The Uncluded ალტერნატიული ჰიპ ჰოპ შემსრულებლის აესოფ როქისა და ანტი ფოლკ არტისტის კიმია დოუსონის პროექტია. ამ ორმა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა მუსიკოსმა, მოახერხა და აკუსტიკურად მონოლითური ნამუშევარი შექმნა. არადა, არცერთი ღალატობს საკუთარ ჟანრს ჟღერადობის, თუ შესრულების მანერის თვალსაზრისით. 

იდეალური ბალანსი - ეს არის ამ ალბომის მთავარი ღირსება. ნებისმიერი სიმღერა შემეძლო აქ დამედო, ყველა ერთმანეთზე უკეთესია. მაგრამ არჩევანი ამ ტრეკზე შევაჩერე. ვიდეო აქვს საკაიფო და იმიტომ. თან იმასაც გვაჩვენებს, რომ ჰიპ ჰოპ (თუნდაც ალტერნატიულ) და ფოლკ (თუნდაც ანტი) ნარატივს თურმე ბევრი რამ აქვთ საერთო. 

7. Marc Almond & Gene Pitney - Something’s Gotten Hold of My Heart (1989)

მარკ ალმონდი, რაღაც პონტში, უნივერსალური არტისტია. ელექტროპოპსაც ითვისებს, კაბარე სონგებსაც, რადიკალ ალტერნატივშიკებთანაც მღეროდა, ფრანგულ შანსონსაც და თან პირწავარდნილი "კრუნერია". საიდანღაც გამოთხარა ეს 1967 წლის სიმღერა და ოცი წლის შემდეგ გაამეგაჰიტა.

ჯინ პიტნი კი ამ ტრეკის პირველი შემსრულებელი იყო, სამოციან წლებში, როდესაც ესტრადაზე მისი სახელი ქუხდა. ალმონდის ხავერდოვანი ეროტიზმი vs პიტნის კონსპირაციული, თითქოს არაჯანსაღი მგრძნობელობა - მოკლედ, უცნაური დუეტია. ერთად რომ არასდროს უნდა ემუშავა, ისეთი. 

მაგრამ იმუშავა. ალმონდს უკვე ჩაწერილი ჰქონდა ეს სიმღერა, როდესაც პიტნიმ შესთავაზა, ჩემს ვოკალსაც დავადებო. მარკიც დასთანხმდა. როგორც ჩანს, იცოდა, რა ბებერ მელასთან ჰქონდა საქმე და როგორც აღმოჩნდა, არც შემცდარა.

6. The The & Sinead O’Connor - Kingdom Of Rain (1989)

მეთ ჯონსონი, რა თქმა უნდა, მთელი ბენდი არ არის (ბოლოს და ბოლოს ჯონი მარი უკრავდა მანდ 7 წელი), თუმცა, The The თავიდან ბოლომდე მისი პროექტია, სადაც ყველა გადაწყვეტილებას თავადვე იღებს.

ის შეგნებულად გაურბის ე.წ. საფირმო ჟღერადობას და მუსიკალურად სულ ღობე-ყორეს ედება. თანაც სიმღერებს სოციალ-პოლიტიკური კონტექსტით ტვირთავს. ალბათ, ამიტომაც ვერ მიაღწია საყოველთაო აღიარებას. თუმცა, მეთს დიდ პატივს სცემენ ე.წ. ალტერნატივშიკი მუსიკოსები და მასთან თანამშრომლობაც უყვართ. Kingdom Of Rain ამის კარგი მაგალითია. 

შინეიდ ო’კონორი ფანტასტიკურად ჟღერს - ემოციურად, ზედმეტი სენტიმენტების გარეშე და ქალურად უკომპრომისოდ. თუმცა, სიმღერა მაინც ვერ გაჰიტდა. ალბათ იმიტომ, რომ ირლანდიელი მუსიკოსი გაჯიუტდა და მეთთან ერთად კლიპში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

5. Ali Farka Toure & Toumani Diabate - Kala Djula (2010)

ვოკალურის გარდა, რა თქმა უნდა, ინტრუმენტული დუეტებიც არსებობს. თუმცა, კლასიკური მუსიკის გარდა, ისინი უმთავრესად ჯემ-კოლაბორაციებია და ჩვენი კონტექსტისთვის მიუღებელი. მაგრამ ასეთი მასალა მაინც მინდოდა სიაში ჩამესვა და ამისთვის იდეალურად ორი ლეგენდარული მალელი მუსიკოსის ეგზოტიკური დუეტი მეჩვენა.

ტუმანი დიაბეტე ურთულეს მალიურ ეთნიკურ ინსტრუმენტზე, კორაზე უკრავს, ალი ფარკა ტურე კი ექვსსიმიან გიტარაზე. მათი მუსიკა საოცრად მოქნილია, აკუსტიკური წახნაგებისა და ეგოცენტრული შეჯიბრის გარეშე. ინსტრუმენტული პარტიები თითქოს ლღვება ერთმანეთში და ისეთ ჰარმონიას ქმნის, მარტო აფრიკულ მუსიკაში რომ არის შესაძლებელი.

ზოგადად, ადამიანებთან მიმართებით იციან ხოლმე სილამაზის დაყოფა გარეგნულად და შინაგანად. თუმცა, ფაქტია, რომ მუსიკის შემთხვევაშიც შეგვიძლია ამ მიდგომის გამოყენება. მაგრამ Kala Djula-ში ასეთი დაყოფა არ არსებობს. აქ საზღვრები წაშლილია. სილამაზე კი უნივერსალური. ჩვენი სუბიექტური აღქმის მიღმა რომ არსებობს, სწორედ ისეთი.

4. Elis Regina & Tom Jobim - Aguas de Marco (1974)

“მარტის თავსხმა წვიმა“ კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიურ პოპ სიმღერად აღიარეს. მისი ავტორი, ანტონიო კარლოს ჟობიმი, მთელ მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორია. ბოლო-ბოლო ბოსა ნოვა "მოიგონა" კაცმა. ელის რეჟინა კი საკუთარ ქვეყანაში საკულტო ფიგურად ითვლება. ბრაზილიაში ხომ სწორედ პოპ მუსიკის კორიფეები მიიჩნევიან კულტურული რევოლუციის მედროშეებად და არა ალტერნატიულ-ანდეგრაუნდ თემის წარმომადგენლები.

ზოგადად, ბრაზილიური პოპ მუსიკა უნიკალური ფენომენია, აბსოლუტურად თვითკმარი, სპეციფიკური, დასავლურისგან განსხვავებულად კონსტრუირებული. თემა, მისამღერი, აკორდები, ტონალობის ცვლილებები სრულიად მოუხელთებელია და იმდენად ერწყმის სინკოპირებულ რიტმს, რომ რომელიმე მუსიკალური ელემენტის ავტონომიაზე საუბარი ყოვლად უადგილოა.

ინსტინქტურობა და აკუსტიკური უწონადობა - აი, რა არის მთავარი ბრაზილიურ მუსიკაში და Aguas de Marco ამის თვალსაჩინო მაგალითია. პირადად მე ეს კომპოზიცია ბრაზილიურ ფეხბურთს მაგონებს. ზუსტად ისევე, როგორც ქართული სიმღერები ქართულ ფეხბურთს, ჩემდა სამწუხაროდ, რაღა თქმა უნდა.

3. Rozz Williams & Gitane Demone - Manic Depression (1995)

არასდროს ვყოფილვარ გოთური მუსიკის და მისი შვილობილი დარქ თუ ქოლდ ვეივების დიდი მოყვარული. თუმცა, ვაღიარებ, რომ როზ უილიამსსა და ჟიტან დემოუნს ეს ალბომი ნამდვილად კარგი გამოუვიდათ. ნამუშევარი აკუსტიკურად ე.წ. დარქ კაბარეა, მაგრამ განწყობით ისეთი მძიმეა, იმდენად დეპრესიული, რომ გოთური როკის ვერანაირი საკულტო ნიმუში ვერ შეედრება. 

სიმღერის ავტორი ჯიმი ჰენდრიქსია, მაგრამ ამ ვერსიას ორიგინალთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ჟიტან დემოუნი ისე მღერის, თითქოს თვითმკვლელობის წინ აღსარებას ამბობს, როზ უილიამსი კი ამშვიდებს, სუიციდი რომ გადააფიქრებინოს. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ჟიტანი ცოცხალია, როზმა კი 1998 წელს თავი მოიკლა ისეთივე უკაცრიელ და მიტოვებულ სახლში, ამ კუსტარულ ვიდეოში რომ არის ნაჩვენები.

2. Bjork & Robert Wyatt - Submarine (2004)

ბიორკი არა მხოლოდ უნიჭიერესი მუსიკოსია, არამედ ისიც ზედმიწევნით იცის, ვინ და როგორ დაიხმაროს საკუთარი იდეების განხორციელებაში.

მისი პარტნიორი ამ სიმღერაში, რობერტ უაიათი სპეციფიკური შემოქმედია. მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნის გამო, სამოცდაათიანი წლებიდან სავარძელს მიჯაჭვული ლეგენდარული Soft Machine-ის დაამაარსებელი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და იმდენად არ არის ჩართული არტისტულ კონკურენციაში, რომ ერთობლივი პროექტებით მისი დაინტერესება ძალზედ ძნელია. თუმცა, ბიორკმა მოახერხა და ისეთი იდეა შესთავაზა, რომელზეც რობერტმა უარის თქმა ვერ შეძლო. 

ისლანდიელი შემსრულებლისთვის იმდენად კარგადაა ნაცნობი უაიათის მუსიკალური მსოფლშეგრძნება, რომ თავიდან ვერ კი ხვდები, რომ ტრეკის ავტორი ბიორკია. კომპოზიციაში ინსტრუმენტები გამოყენებული არ არის. მთელი სიმღერა სუფთა ა კაპელაა. თან ისეა ჩაწერილი, თითქოს უაიათი და ბიორკი ერთმანეთს შეალღვნენ. ასე "გააბრიყვა" კუდრაჭა ბიორკმა ამხელა ბრძენი და გენიოსი კაცი.  

1. Jacques Higelin & Brigitte Fontaine - Cet enfant que je t'avais fait (1968)

ჟაკ იჟელინი სახელგანთქმული ფრანგი მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელია, ბრიჯიტ ფონტეინი კი ექსცენტრული და ექსტრავაგანტული არტისტი, რომელიც ეპატაჟური ტექსტებითაა ცნობილი. მაგრამ 1968 წელს ორივე ჯერ კიდევ დამწყები მუსიკოსი იყო. ეს მათი პირველი ერთობლივი ჩანაწერია, იჟელინის შესანიშნავი მუსიკითა და ფონტეინის საოცარი ტექსტით. 

სიმღერა კი არა, მოკლე პიესაა სახელწოდებით "ბავშვი, რომელიც მე გაგიკეთე". სევდიანი დრამა, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს ჯან კლოდ ვანიეს მშვენიერი არანჟირება. მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული ნამუშევარია, რაც კი მომისმენია, რომელიც უპირობოდ იმსახურებს პირველ ადგილს.


0. Sofia Nizharadze & Chris De Burgh

ჩვენი სიების ამ უნომრო, "საპატიო“ პოზიციაზე უმთავრესად კურიოზული ტრეკები ან მუსიკალური "ინციდენტები" განთავსდება, რომლებიც ბევრს გაახალისებს, ზოგიერთს კი, ალბათ, გააღიზიანებს კიდეც. 

აღმოჩნდა, რომ ამ სახელგანთქმული და ყოვლად იდიოტური სიმღერის კიდევ უფრო გაბითურება სავსებით შესაძლებელი ყოფილა. აი, მაგალითიც - "წითელკაბიანი ქალის" კარიკატურული რეპრეზენტაცია ბათუმში. არტისტული თვითლუსტრაცია, რომელსაც ეფექტურად ახორციელებს ეს ირლანდიურ-ქართული, გენდერულად დაბალანსებული დუეტი.

განსაკუთრებით სევდიანი და სასაცილო ვიზუალური მხარეა - კრიზისულ ასაკს უკვე გადაცილებული კრის დე ბურგი რის ვაი-ვაგლახით უმკლავდება ტესტოსტერონის მოზღვავებას მისთვის იდუმალი ქართველი პოპ დივას გვერდით და ეტყობა, ვერაფრით გაუგია, რით დაიმსახურა ასეთი პატივი.

სოფო ნიჟარაძე კი თავად კეკლუცი კდემამოსილების განსახიერებაა, მისი "დახვეწილი" მოძრაობებით, ხელოვნური ღიმილითა და ნაძალადევი ფლირტის მცდელობით. რაც შეეხება შესრულებას, სოფოს ვოკალი ისეთ უადგილო ადგილებშია იმპლანტირებული, მისი ტემბრი და შესრულების მანერა იმდენად შეუსაბამოა, რომ ამ ისედაც უმსგავსო სიმღერას კიდევ უფრო აუტანელს და აბსურდულს ხდის. მოკლედ, "კომედი შოუ" ვისაც გიყვართ, მაგრად ისიამოვნებთ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული