Thumbnail

ტერმინი სიმფონია ძვ. ბერძნული სიტყვიდან συμφωνία (თანახმობა, თანაჟღერა) წარმოდგება და ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ცნებას აღნიშნავდა. მაგალითად, გვიან ბერძნულ ეპოქაში კონსონანსს, შუა საუკუნეებში - ინსტრუმენტთა განსაზღვრულ ჯგუფს და ა.შ. მე-17 საუკუნის ევროპაში ამ სახელით ძირითადად ოპერებში, სონატებსა თუ კონცერტებში გამოყენებულ ინსტრუმენტულ მონაკვეთს მოიხსენიებდნენ, რომელიც უფრო დიდი ზომის მქონე ნამუშევრის მცირე ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ მათ საფუძველზე აღმოცენდა საორკესტრო ნაწარმოების ახალი, დამოუკიდებელი ფორმა, რომელსაც დღესდღეობით კლასიკური მუსიკაში სიმფონია ეწოდება.

თანამედროვე ფორმით სიმფონია ძირითადად ოთხმოქმედებიან, რამდენიმე ათეული მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ანსამბლისთვის დაწერილ ნაწარმოებს წარმოადგენს, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ვოკალური პარტიაც ახლავს. სწორედ სიმფონიები იკავებს გამორჩეულ ადგილს მოცარტის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკისა თუ სხვა ეპოქალური კომპოზიტორების შემოქმედებაში. ჩვენს სტატიაში მათგან ათ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - მე-9 სიმფონია

საკულტო გერმანელი მუსიკოსის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე, უკანასკნელი დასრულებული სიმფონია დასავლური კულტურის ერთ-ერთ უდიდეს ნიმუშადაა აღიარებული. ამ უთვალავი ღირსებით დამშვენებულ ნაწარმოებს ეპოქალურ მნიშვნელობას მისი მეოთხე მოქმედება სძენს, სადაც წამყვანი კომპოზიტორის მიერ სიმფონიაში ვოკალის გამოყენების პირველ, ისტორიულ შემთხვევას ვხვდებით. კომპოზიციამ, რომლის ტექსტიც გამოჩენილი გერმანელი პოეტის, ფრიდრიხ შილერის ლექსს "სიხარულის ოდა" ეფუძნება, გარდამტეხი გავლენა მოახდინა სიმფონიურ მუსიკაზე.

"სიხარულის ოდა", ფაქტობრივად, სრულყოფილი ნამუშევარია, რომელიც აღმაფრენის, ერთიანობისა და ტრიუმფის განცდას არნახული ეიფორიით ასახავს. გასაკვირი არაა, რომ ამ ნაწარმოებს წმინდა მუსიკალურ ღირებულებასთან ერთად უზარმაზარი ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც გამოარჩევს - ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნად გამოცხადებული კომპოზიცია მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე იდეოლოგიური თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული რევოლუციური მოძრაობების, პოლიტიკური პარტიების თუ სხვა ტიპის ორგანიზაციების არაოფიციალური ჰიმნის როლსაც არანაკლები წარმატებით ირგებს.

9. იოჰანეს ბრამსი - მე-4 სიმფონია

1833 წელს დაბადებულმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პიანისტმა, იოჰანეს ბრამსმა კლასიკური მუსიკის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა, მისი იდეები კი სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები კოლეგებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა. გერმანელი ხელოვანი უპირატესობას ნარატივისგან დაცლილ, ე.წ. აბსოლუტურ მუსიკას ანიჭებდა, რის გამოც თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში ოპერა არ შეუქმნია და მხოლოდ ოთხი სიმფონიით შემოიფარგლა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად უკანასკნელი, 1884 წელს დაწერილი ნაწარმოები შევარჩიეთ.

ბრამსის შემოქმედებისთვის მელანქოლია უცხო ხილს არასდროს წარმოადგენდა, თუმცა მე-4 სიმფონიას განსაკუთრებით მძაფრი ტრაგიზმი და უიმედობის განცდა გამოარჩევს, რასაც ეპოქალური კომპოზიტორის ბიოგრაფები მის იმჟამინდელ სულიერ მდგომარეობასა და გარესამყაროთი იმედგაცრუებას უკავშირებენ. ეს უაღრესად კომპლექსური, ემოციური ნაწარმოები ძალზე ხშირად ყველა დროის საუკეთესო სიმფონიებს შორის სახელდება. აღსანიშნავია, რომ მისი შესრულება 1897 წლის 7 მარტს უკანასკნელი საორკესტრო კონცერტი აღმოჩნდა, რომელსაც ბრამსი გარდაცვალებამდე დაესწრო.

8. გუსტავ მალერი - მე-5 სიმფონია

ლეგენდარული კომპოზიტორის, გუსტავ მალერის სტილი მე-19 საუკუნის ავსტრო-გერმანულ ტრადიციულ ღირებულებებსა და მე-20 საუკუნის მოდერნიზმს შორის გადებული ხიდია. 1860 წელს დაბადებული მალერი თავისი ეპოქის გამორჩეულ ინოვატორად და ექსპერიმენტული ხელწერის მქონე მუსიკოსად ითვლებოდა, თუმცა, ავსტრიელი კომპოზიტორის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საუკეთესო და ამავდროულად, განსაკუთრებით პოპულარული ნაწარმოები, მე-5 სიმფონია მისი სხვა ნამუშევრების ფონზე საგრძნობლად კონვენციურია.

კონტრაპუნქტის შესანიშნავი გამოყენება, ეფექტური მონაცვლეობა მინიმალურ ინსტრუმენტიზაციასა და კომპლექსურ ორკესტრირებას შორის, ულამაზესი მელოდიური ხაზები - ამ არაამქვეყნიურად გენიალური ნამუშევრის ღირსებებზე საუბარი, ფაქტობრივად, დაუსრულებლად შეიძლება. ნაწარმოები კოლოსალურ პოპულარობას პირველ რიგში მეოთხე მოქმედებას, ადაჟიეტოს უნდა უმადლოდეს, რომელიც მალერმა, დიდი ალბათობით, საკუთარ ცოლს, ალმას მიუძღვნა. ეს კომპოზიცია დღემდე უდიდესი ცნობადობით სარგებლობს, განსაკუთრებით ხშირად კი სამგლოვიარო ცერემონიებზე სრულდება.

7. ჰექტორ ბერლიოზი - ფანტასტიკური სიმფონია

გამოჩენილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ჰექტორ ბერლიოზი 1827 წელს უილიამ შექსპირის ტრაგედიის, "ჰამლეტის" დადგმას ესწრებოდა, სადაც ოფელიას როლის შემსრულებელი, ირლანდიელი მსახიობი, ჰარიეტ სმიტსონი თავდავიწყებით შეუყვარდა. ფრანგმა მუსიკოსმა ამ უკანასკნელს ათობით წერილი გაუგზავნა, საპასუხოდ მიღებულმა გულგრილობამ კი პროგრამული სიმფონიის Symphonie Fantastique შექმნა შთააგონა, რომელიც დასავლურ კლასიკურ მუსიკაში ფსიქოდელიური ესთეტიკის ინტეგრირების ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია.

"ფანტასტიკური სიმფონია" ახალგაზრდა ხელოვანის განცდებს აღწერს, რომელიც უიმედო სიყვარულის გამო ოპიუმზე დამოკიდებული ხდება. მუსიკათმცოდნეების ვარაუდით, ნამუშევრის შინაარსი ბერლიოზის პირადი გამოცდილების ანარეკლია, მისი დიდი ნაწილი კი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ დაიწერა. ამ მოსაზრებას მხარს ნაწარმოების სიზმრისეული, ჰალუცინაციური ატმოსფერო და ავტორის მიერ დართული ანოტაციაც უმაგრებს. აღსანიშნავია, რომ ჰექტორმა და ჰარიეტმა 1833 წელს იქორწინეს, თუმცა მათ გაუთავებელი კონფლიქტებით სავსე ოჯახურ ცხოვრებას ბედნიერი ნამდვილად ვერ ეთქმოდა.

6. სერგეი რახმანინოვი - მე-2 სიმფონია

1873 წელს დაბადებული სერგეი რახმანინოვი გვიანდელი რომანტიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მიიჩნევა. მელოდიის უნიკალური შეგრძნებითა და ფენომენალური მუსიკალური მეხსიერებით დაჯილდოებული კომპოზიტორის კარიერაში სიმფონიურმა ჟანრმა გარდამტეხი როლი ითამაშა. 1897 წელს მისი პირველი სიმფონიის პრემიერა კრახით დასრულდა. ნამუშევარმა კრიტიკოსების მხრიდან იმდენად უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, რომ ახალგაზრდა ხელოვანი დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის არაფერი დაუწერია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპოზიტორმა მძიმე პერიოდი გადალახა და საკუთარი ძალების ხელახლა გამოსაცდელად საჭირო თვითრწმენაც მოიკრიბა. 1906-07 წლებში მან გრანდიოზული, ექსპრესიული, კომპლექსური სტრუქტურის მქონე მე-2 სიმფონია შექმნა, რომლის ტრიუმფალური პათოსით აღსავსე ფინალშიც რევანშს მოწადინებული ავტორის თავდაჯერებულობა განსაკუთრებით ნათლად იგრძნობა. ნაწარმოების პრემიერამ ფურორით ჩაიარა და ის დღემდე რახმანინოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად რჩება.

5. იან სიბელიუსი - მე-7 სიმფონია

ფინელი კომპოზიტორისთვის, იან სიბელიუსისთვის შთაგონების უმთავრეს წყაროს მშობლიური ქვეყნის ფოლკლორი და ბუნება წარმოადგენდა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს სიმფონიების ციკლი იკავებს, რომელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს რიგით მეშვიდე ნამუშევარი იპყრობს - ეს ნაწარმოები სიმფონიის სტანდარტული (ოთხმოქმედებიანი) ფორმის ნაცვლად ერთმოქმედებიან კომპოზიციას წარმოადგენს, რაც უაღრესად იშვიათი მოვლენაა. მის მიერ მოხდენილი ემოციური ეფექტი კი ისეთი მძლავრი და უჩვეულოა, რომ სიტყვიერად აღწერას აზრი არ გააჩნია.

სიბელიუსის მე-7 სიმფონია მისი შემოქმედების მწვერვალად აღიარეს და მუსიკოსის არაერთი გამოჩენილი კოლეგის აღფრთოვანებითაც სარგებლობდა. თუმცა, ამ შედევრის დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ კომპოზიტორმა აქტიურ მოღვაწეობაზე ხელი სამუდამოდ აიღო, ქალაქ იარვენპიააში გადასახლდა და დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მასშტაბური ნაწარმოები აღარ გამოუცია, რაც ისტორიაში "იარვენპიაას მდუმარების" სახელით შევიდა. სიბელიუსის ბიოგრაფები ამ გადაწყვეტილების მიზეზად სხვადასხვა გარემოებებს ასახელებენ, თუმცა ზუსტი პასუხი არავინ უწყის.

4. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - მე-40 სიმფონია

საკულტო კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სიმფონიები კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, მისი ნამუშევრის გარეშე ჩვენი სიაც არასრულყოფილი იქნებოდა. ავსტრიელი ხელოვანის უაღრესად მდიდარი შემოქმედებიდან არჩევანი მე-40 სიმფონიაზე შევაჩერეთ, რომლის გამხსნელი მოტივიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მელოდიაა კლასიკური მუსიკის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მოცარტის სიმფონიებიდან მხოლოდ ორია მინორში გადაწყვეტილი, მათ შორის ერთი სწორედ ეს ნაწარმოები გახლავთ.

როგორც წესი, ხელოვნების გენიალური ნიმუშები ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას იძლევიან. ავსტრიელი კომპოზიტორის ეს ნაწარმოები, რომლის ზოგადი ემოციური ფონისა და ატმოსფეროს შესახებ წამყვანი მუსიკათმცოდნეებისგან რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ, სწორედ ამ ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითია. მის ღირსებებსა და ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბარი სრულიად ზედმეტია - მოცარტის მე-40 სიმფონია ის ნაწარმოებია, რომლიდანაც მონაკვეთები სხვადასხვა დროს ბეთჰოვენის, შუბერტისა და ჰაიდნის მსგავსმა ტიტანებმა ისესხეს.

3. ანტონინ დვორჟაკი - მე-9 სიმფონია: ახალი სამყაროდან

ლეგენდარული ჩეხი კომპოზიტორი, ანტონინ დვორჟაკი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა რომანტიზმის ისტორიაში. მისი ხელწერის გამორჩეულ მახასიათებელს მშობლიური ქვეყნის ხალხური სიმღერებითა თუ საცეკვაო მელოდიებით შთაგონება წარმოადგენდა. დვორჟაკის შემოქმედებაში ყველაზე პოპულარულ, რიგით მეცხრე სიმფონიასაც ფოლკლორული მოტივები დაედო საფუძვლად, თუმცა ამ შემთხვევაში ინსპირაციის წყარო არა ჩეხური კულტურა, არამედ ოკეანის გადაღმა მდებარე სამყაროდან ნასესხები იდეები გახდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას ჩეხი კომპოზიტორი ინდიელთა ტრადიციულმა სიმღერებმა და აფროამერიკულმა რელიგიურმა მუსიკამ გაიტაცა, რასაც შედეგად ეპოქალური სიმფონიის "ახალი სამყაროდან" შექმნა მოჰყვა. სწორედ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით დაწერა დვორჟაკის მოსწავლემ, უილიამ ფიშერმა სტანდარტად ქცეული კომპოზიცია Goin' Home, რომელიც მოგვიანებით არაერთმა გამოჩენილმა ჯაზ მუსიკოსმა, მათ შორის ალბერტ ეილერმა, არჩი შეპმა და სხვებმა შეასრულეს.

2. ჰენრიკ გურეცკი - სევდიანი სიმღერების სიმფონია

ჰენრიკ გურეცკის შემოქმედებიდან მე-3 სიმფონია მისი ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც მასშტაბური პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების მიერ მრავალგზის შესრულებული ნაწარმოების ცნობადობა დიდწილად იმ ცვლილებამ განაპირობა, რომელიც პოლონელმა ხელოვანმა მასზე მუშაობისას საკუთარ სტილში შეიტანა. ხაზგასმით ავანგარდული ხელწერით განთქმულმა კომპოზიტორმა ტონალური, დისონანსებისგან დაცლილი მუსიკის შექმნა პირველად სწორედ ამ სიმფონიაში სცადა, რომელსაც გაცილებით კონვენციური ხასიათი გამოარჩევს, ვიდრე მის სხვა ქმნილებებს.

"სევდიანი სიმღერების სიმფონიის" სახელით ცნობილი, უაღრესად ტრაგიკული განწყობის ნაწარმოები სამი მოქმედებისგან შედგება. პირველი ნაწილის ტექსტი მე-15 საუკუნით დათარიღებულ, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აღვლენილ პოლონურ ლოცვას ეფუძნება, მეორის - გესტაპოს საპყრობილის კედელზე ერთ-ერთი პატიმრის მიერ დატოვებულ წარწერას, მესამის კი - სილეზიურ ხალხურ სიმღერას, რომელშიც დედა ომში დაკარგულ შვილს დაეძებს. ნამუშევარი სხვადასხვა ეპოქაში უამრავი მხატვრული ფილმისა თუ ტელესერიალის საუნდტრეკად იქცა და აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

1. პიოტრ ჩაიკოვსი - პათეტიკური სიმფონია

1840 წელს დაბადებული კომპოზიტორი, პიოტრ ჩაიკოვსკი კლასიკური მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა, მისი ინოვაციებისა და დამსახურებების თუნდაც ზედაპირულად აღწერას კი მთელი სტატიაც არ ეყოფა. გენიალური ხელოვანის შემოქმედებაში მე-6 სიმფონია უკანასკნელი ნაწარმოებია, რომლის პრემიერაც ავტორის სიცოცხლეშივე შედგა. "პათეტიკური სიმფონიის" სახელით ცნობილი ნაწარმოები პირველად 1893 წლის 28 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში, ჩაიკოვსკის ბურუსით მოცულ გარდაცვალებამდე სულ რაღაც ცხრა დღით ადრე შესრულდა.

ოთხმოქმედებიანი სიმფონია, რომელიც განწყობის, ტემპისა და ინტენსიურობის ხშირი, უეცარი ცვლილებებით ხასიათდება, ჩაიკოვსკის ეპოქალური შედევრებით სავსე შემოქმედებაშიც კი ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა აღიარებული. საინტერესოა, რომ მუსიკათმცოდნეთა ნაწილი ამ ნამუშევარს ერთგვარ გამოსათხოვარ წერილად მიიჩნევს - თავის დროზე ლეგენდარული კომპოზიტორის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ქოლერა დასახელდა, თუმცა მისი არაერთი ბიოგრაფი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სინამდვილეში საქმე თვითმკვლელობასთან გვქონდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული