Thumbnail

McDonald’s საუბრობს, როგორ აისახა BTS-თან თანამშრომლობა გაყიდვებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS "მაკდონალდსთან" თანამშრომლობის ფარგლებში თაყვანისმცემლებს სპეციალური მენიუ The BTS Meal შესთავაზა, რომელიც მიმდინარე წლის 26 მაისიდან ჩაეშვა გაყიდვაში და მსოფლიოს 50 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი. ბიზნესგამოცემა CNBC-ის ცნობით, რესტორნების ქსელმა 28 ივლისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ თვეში გაყიდვები საგრძნობლად არის გაზრდილი. მაგალითისთვის, აშშ-ის ერთ-ერთ რესტორანში ამ მაჩვენებელმა 25,9%-ით იმატა. ამასთან, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, გაყიდვები 14,9 პროცენტით არის მომატებული.

ნახეთ: BTS-მა BBC Radio 1-ის ეთერში I'll Be Missing You შეასრულა

McDonald’s-ის განცხადებით, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ "ბითიესს" მიუძღვის. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ The BTS Meal-მა რესტორნებში ვიზიტორების ნაკადის მატება გამოიწვია.

"ჩვენ გაყიდვების ზრდას The BTS Meal-სა და მენიუში ახალი, ხრაშუნა ქათმის სენდვიჩის შეტანას ვუკავშირებთ", - აცხადებენ “მაკდონალდსში”.

როგორც CNBC იუწყება, აშშ-ის მასშტაბით ,"ბითიესის მენიუს" გავრცელებიდან შვიდ დღეში, McDonald’s-ში ვიზიტორთა რაოდენობა 12 პროცენტით გაიზარდა, რაც აღემატება 2020 წელს ჰიპ ჰოპ არტისტ ტრევის სკოტთან თანამშრომლობით შედგენილი მენიუს გავრცელებიდან პირველ კვირაში დაფიქსირებულ შედეგებს, როცა ვიზიტორთა რაოდენობამ 9-პროცენტიან ზრდას მიაღწია. როგორც გამოცემა NME წერს, აშშ-ის გარდა, BTS-თან თანამშრომლობამ "მაკდონალდსის" გაყიდვებს შეუწყო ხელი საერთაშორისო დონეზეც, მათ შორის ბიჭების მშობლიურ კორეაში, სადაც მენიუს გავრცელებიდან ოთხი კვირის თავზე ვიზიტორთა რაოდენობა დღიურად საშუალოდ 250%-ით გაიზარდა.

ნახეთ: BTS-ის წევრებმა "ლუი ვიტონის" ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა

"ბითიესის" მენიუში 10 ცალი ქათმის ნაგეთსი, საშუალო ზომის კარტოფილი ფრი, საშუალო კოლა და სოუსების ორი სახეობა - ტკბილი ჩილი და Cajun Dipping არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ეს სოუსები "მაკდონალდსის" კორეული რესტორნების პოპულარული რეცეპტების შთაგონებით არის დამზადებული.

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული