Thumbnail

რეკორდი, რომელიც ბილი აილიშის ალბომმა Happier Than Ever გამოსვლამდე დაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახლახან რიგით მეორე სტუდიური ალბომი Happier Than Ever გაავრცელა. მხოლოდ Apple Music-ზე ნამუშევარი 1,028 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა წინასწარ შეიძინა, რაც ამ მუსიკალური პლატფორმის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მოუსმინეთ: ბილი აილიშმა ახალი ალბომი Happier Than Ever გამოუშვა

"ოჰო, რა სიგიჟეა. ვიმედოვნებ, იმედგაცრუებული არ დარჩებით", - აღნიშნა ბილიმ ინტერვიუში, რომელიც Apple Music-ის ჟურნალიტ ზეინ ლოუიმ ალბომის გამოშვებამდე ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ამავე პლატფორმაზე ბილის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერის When We All Fall Asleep, Where Do We Go? გაყიდვებმა 800 000 შეადგინა, რაც იმ დროისთვის რეკორდული შედეგი იყო. შემდეგ მას კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ალბომმა After Hours აჯობა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული