Thumbnail

რატომ არ სურდა Biggie-ს, რომ დედას მისი მუსიკა მოესმინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მიმდინარე წელს პლატფორმა Netflix-მა ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, კრისტოფერ უოლასის, ფსევდონიმით The Notorious B.I.G., ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი Biggie: I Got A Story To Tell გაავრცელა. ნამუშევარში იხილავთ საარქივო ვიდეომასალასა და ინტერვიუებს რეპერის უახლოეს ადამიანებთან, მათ შორის დედამის ვოლეტასთან. მის ერთ-ერთ ეპიზოდში ქალი იხსენებს, თუ რატომ არ სურდა ბიგის, რომ დედას მისი ნამუშევრებისთვის მოესმინა.

"მისი სამყარო, რეპი აბსოლუტურად აცდენილი იყო ჩემთან. ის რომ არა, საერთოდ არ მოვუსმენდი ამ მუსიკას. მე ქანთრი მიყვარს და ბალადები. როდესაც 1994 წელს სადებიუტო ალბომი Ready to Die გამოვიდა, ჩემმა მეგობარმა შეიძინა. შემდეგ მოვიდა და მითხრა - ღმერთო, მოვუსმინე და ძალიან უხამსიაო. კრისტოფერს ვკითხე, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, მან კი მომიგო - "დედა, რატომ უსმენ ჩემს ნამუშევრებს? ის შენთვის არ არის, მხოლოდ 35 წლამდე ადამიანებისთვისააო", - იხსენებს ვოლეტა უოლასი.

ბიგი დედასთან ერთად

1990-იან წლებში ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიაიჯი ამბობდა:

"დედას ნამდვილად არ აინტერესებს, რას წარმოვადგენ. მისთვის ბიგი არ ვარ, მისი შვილი ვარ, კრისტოფერი. ხვდებით ხომ, რას ვამბობ".

The Notorious B.I.G. ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო. 1994 წელს გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ არტისტს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად ასახელებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული