Thumbnail

კელი კლარკსონი ყოფილ ქმარს ყოველთვე $200 000-ს გადაუხდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის სასამართლომ ამერიკელ მომღერალ კელი კლარკსონს ყოფილი ქმრისთვის, ბრენდონ ბლექსტოკისთვის ყოველთვიურად 195 601 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ფულადი დახმარებიდან 150 000 უშუალოდ ბრენდონის საჭიროებებს მოხმარდება, $45 600 კი მათი საერთო შვილებისთვის არის გათვალისწინებული. ამასთან, კლარკსონმა ყოფილ ქმარს ერთჯერადად 1,25 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, რაშიც ადვოკატის ჰონორარი და განქორწინების პროცესში არსებული სხვა იურიდიული ხარჯები მოიაზრება. როგორც გამოცემა The Blast სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, მოსამართლის მიერ დადგენილების გამოცემას წინ უძღოდა ყოფილ პარტნიორებს შორის დავა, როგორც ქონების გაყოფასთან, ისე, ბავშვებზე მეურვეობასთან დაკავშირებით.

ნახეთ: კელი კლარკსონმა Charli XCX-ის სიმღერა Boom Clap შეასრულა

ნახეთ: კელი კლარკსონმა პრინსის სიმღერა Kiss შეასრულა

დოკუმენტების მიხედვით, ბრენდონმა, რომელიც ცნობილი ქანთრი შემსრულებლის, ბლეიკ შელტონის მენეჯერის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, გადაწყვიტა, ამ საქმიანობას ჩამოშორდეს და რანჩოს მართვას ჩაუდგეს სათავეში.

"მან გააზრებული არჩევანი გააკეთა, შეეცვალა საკუთარი ცხოვრება და რანჩოს მართვა ექცია თავისი საქმიანობის ძირითად სფეროდ", - წერს გამოცემა სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების პროცესში კლარკსონმა მოსამართლეს მონტანაში, მათი საერთო რანჩოს გაყიდვის ნებართვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სანაცვლოდ მოსამართლემ ბრენდონს რანჩოს ხარჯების დაფარვა დაავალა, რაც თვეში 81 ათას დოლარს შეადგენს.

რანჩო მონტანაში

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კელი კლარკსონი, რომელიც სატელევიზიო კონკურსის The Voice ჟიურის წევრია, თვეში $1 583 617 გამოიმუშავებს. როგორც The Blast აღნიშნავს, მომღერლისთვის დაკისრებული ყოველთვიური გადასახადი დროებითია და თანხის რაოდენობა შესაძლოა, მას შემდეგ შეიცვალოს, რაც წყვილი განქორწინების პროცესში ყველა საკითხზე შეთანხმდება. მათ შორის ლოს ანჯელესში 10-მილიონიანი სახლის გაყოფაზე, რომელიც დღეისთვის გასაყიდად არის გამოტანილი.

სახლი ლოს ანჯელესში

კელი კლარკსონმა სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით 2020 წელს მიმართა. ის და ბრენდონი შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. პირველი საერთო შვილი, რივერ როუზი მათ 2014 წელს გაუჩნდათ, 2016 წელს კი რემინგსტონ ალექსანდერი შეეძინათ. ბრენდონს წინა ქორწინებიდან კიდევ ორი შვილი ჰყავს.

კელი და ბრენდონი შვილებთან ერთად

ნახეთ: კელი კლარკსონმა Nothing Compares 2 U შეასრულა

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული