Thumbnail

Slipknot-ის ყოფილი დრამერი, ჯოი ჯორდისონი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული მეტალ ჯგუფის, Slipknot-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ყოფილი დრამერი, ჯოი ჯორდისონი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. მუსიკოსის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ჯოის გარდაცვალებამ სიცარიელე და ენით აღუწერელი სევდა დაგვიტოვა. ვინც მას პირადად იცნობდა, იცის, თუ როგორი გამგები, თავაზიანი და გულიანი ადამიანი იყო. ჯოის მუსიკა და ოჯახი სიგიჟემდე უყვარდა. თაყვანისმცემლებსა და ჟურნალისტებს გთხოვთ, ამ უმძიმესი წუთების მშვიდად გადატანის საშუალება მოგვცეთ", - ნათქვამია არტისტის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახი გეგმავს, რომ არტისტის დაკრძალვა ვიწრო წრეში, მხოლოდ ჯოის უახლოესი ადამიანების გარემოცვაში მოხდეს.

ჯოი ჯორდისონი
 

ჯოი ჯორდისონმა მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. ის Slipknot-ის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია. მუსიკოსმა ბენდთან ერთად 4 ალბომზე იმუშავა. ჯგუფი მან 2013 წლის დეკემბერში ზურგის ტვინის ანთების გამო დატოვა. სხვადასხვა დროს ჯორდისონი იყო არაერთი კოლექტივის წევრი, მათ შორისაა: Scar the Martyr, Murderdolls, Sinsaenum, Modifidious და სხვა. ამასთან, მას კარიერის განმავლობაში უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Metallica, Rob Zombie, მერილინ მენსონი და სხვები. ჯოი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული