Thumbnail

ბრიტნი სპირსის ახალი ადვოკატი სასამართლოს მიმართავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ახალმა ადვოკატმა, მეთიუ როსენგერტმა ლოს ანჯელესის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მუსიკოსის მამას, ჯეიმი სპირსს მისი მეურვის სტატუსი ჩამოერთვას, ხოლო ქონების მმართველად სერტიფიცირებული ბუღალტერი, ჯეისონ რუბინი დაინიშნოს. შეგახსენებთ, რომ ბრიტნი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, პირადი ცხოვრებისა და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, მამას მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. როსენგერტმა ბრიტნის ინტერესების დაცვა ორი კვირის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სპირსმა იურისტი, სემუელ ინგჰემი დაითხოვა.

ბრიტნი სპირსს სასამართლომ ავტომობილის მართვის უფლება მისცა

"ნებისმიერმა მამამ, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი შვილი და მის მიმართ მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებს, თავისი ნებით უნდა დაუთმოს ეს პოზიცია ჩვენ მიერ დასახელებულ პროფესიონალ ადამიანს, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს თავის წრეში", - განაცხადა ადვოკატმა როსენგერტმა.

გაზეთ New York Times-ის ცნობით, მეთიუ როსენგერტმა მემკვიდრეობის შესახებ კანონიდან ერთ-ერთი მუხლი მოიშველია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს მეურვის მოხსნის შესაძლებლობა ეძლევა, თუ "ეს მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის საუკეთესო ინტერესებში შედის". ცნობისთვის, მრავალი წელია, ბრიტნის პირადი კაპიტალიდან ხდება როგორც თავად მუსიკოსის ისე, მამის, ჯეიმის საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება. ამასთან, ჯეიმის მეურვის ფუნქციის შესრულებისთვის ხელფასიც აქვს დანიშნული.

"ბატონი სპირსის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების ხარჯვასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ყურადსაღებია ინტერესთა კონფლიქტიც".

რატომ შემცირდა ბრიტნი სპირსის ქონება 60 მილიონამდე

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუსიკოსისთვის მეურვეობის სრულად გაუქმების საკითხს იურისტი არ აყენებს.

"შესაძლოა, დადგეს დრო, როცა მოსამართლეს მოუწევს, განიხილოს, არის თუ არა მეურვეობის სრულად შეწყვეტის საჭიროება, ასევე, დაადგინოს, საკუთარი შვილისთვის ღირსების შელახვის, დამოუკიდებლობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების წართმევის გარდა, კიდევ ხომ არ იკვეთება რაიმე ისეთი დანაშაული, რომელიც ბატონი სპირსის მიმართ დამატებითი იურიდიული ზომების მიღებას, ანაც კომპენსაციის დაკისრებას ითვალისწინებს", - აღნიშნავს ადვოკატი სასამართლო დოკუმენტებში.

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული