Thumbnail

პოლიციამ კრის ვუს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს ყოფილ წევრს, ჩინელ მუსიკოსს, მსახიობსა და მოდელს, კრის ვუს ყოფილი თაყვანისმცემელი, 19 წლის დუ მეიჩჟუ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონას მტკიცებით, ორი წლის წინ ის კრისმა სახლში თანამშრომლობაზე სასაუბროდ დაიბარა, იქ მისული კი ალკოჰოლური სასმელით გათიშვამდე დაათრო და გააუპატიურა. 30 წლის მუსიკოსმა, რომელიც ბრალდებას თავიდანვე უარყოფდა, დუს წინააღმდეგ პოლიციას მიმართა. მალევე სამართალდამცველმა ორგანომ გამოძიების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა - საქმეში მესამე პირი გამოიკვეთა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, არტისტის სექს სკანდალში გახვევა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. 22 ივლისს კი პეკინის პოლიციამ სოციალური ქსელის Weibo საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული პიროვნება, 23 წლის მამაკაცი, პირობითი სახელით ლიუ, 18 ივლისს, შანხაის მახლობლად, ქალაქ ნანტონგში დააკავეს.

EXO-ს ყოფილ წევრს, კრის ვუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

"დუსთან დასაახლოვებლად და ვუსთან კავშირზე ინფორმაციის მისაღებად, ლიუმ გოგონასთან გაითამაშა, რომ იყო ქალი, რომელსაც ვუსთან ურთიერთობა ჰქონდა. 10 ივლისს კი, ლიუმ კრის ვუს დუს ადვოკატად წარუდგინა თავი, რათა ის 3 000 000 ჩინური იუანის ($463 400) გადახდაზე დაეთანხმებინა, თუმცა, მათ შორის ოფიციალური შეთანხმება არ გაფორმებულა. 11 ივლისს ლიუმ ვუს დედას შანტაჟის გზით ჩაარიცხინა დუს ანგარიშზე 500 000 იუანი ($77 200). ამის შემდეგ ლიუმ დუს სახელით მისწერა ვუს ადვოკატს და დარჩენილი 2 500 000 იუანის ($386 200) ჩარიცხვა მოითხოვა. ლიუმ, რომელიც დუსთან ვუს ადვოკატად ასაღებდა თავს, მოგვიანებით გოგონას სთხოვა, ხელი მოეწერა მხარეებს შორის მშვიდობიან შეთანხმებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, 500 000 იუანის დაბრუნება მოუხდებოდა, რომელიც ვუს დედამ გადმოურიცხა. როდესაც დუმ ფულის დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა, ლიუმ მას საკუთარი საბანკო რეკვიზიტები მისცა, რის შედეგადაც ქალისგან 180 000 იუანი (27 800 აშშ დოლარი) მიიღო", - წერია პოლიციის განცხადებაში.

ახალგაზრდა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც 14 ივლისს, კრის ვუს დედამ, სთეისი ვუმ სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ დუ მეიჩჟუ მას აშანტაჟებდა. პოლიციის ცნობით, ლიუმ თაღლითობა აღიარა. მათივე ვერსიით, თავად დუ თაღლითურ სქემაში შეგნებულად არ ყოფილა ჩართული.

დუ მეიჩჟუ

რაც შეეხება კრის ვუს საქმეს, სექსუალური ძალადობის მიმართულებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

"2020 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ვუს მაშინდელი მენეჯერი, 28 წლის ქალი დუს დაუკავშირდა და ვუს სახლში მოწყობილ სესიაზე დაიბარა იმ მოტივით, რომ მუსიკალურ ვიდეოში მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა უნდა შეერჩიათ. იქ შეკრებილი ათიოდე ადამიანი თამაშობდა და სვამდა 07:00 საათამდე. წვეულება ხალხმა ნელ-ნელა დატოვა, დუ კი ვუს სახლში დარჩა, მათ სექსუალური კავშირი ჰქონდათ. დუმ ნაშუადღევს თავად დატოვა ვუს სახლი მას შემდეგ, რაც იქ ისაუზმა. მათ ერთმანეთი სოციალურ ქსელში Wechat დაამატეს. 8 დეკემბერს ვუმ დუს ანგარიშზე 32 000 ჩინური იუანი ($4 946 USD) გადარიცხა ონლაინ შოპინგისთვის. 2021 წლის აპრილამდე ისინი კონტაქტს ინარჩუნებდნენ", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

გამოცემა Billboard-ის ცნობით, მუსიკოსის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა ჩინური კომპანიების უმეტესობამ, ისეთმა საერთაშორისო კომპანიებმა კი, როგორებიც არიან: გერმანული სპორტული ავტომობილების ბრენდი Porsche, ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton, სამკაულების, საათების, აქსესუარების და სუნამოების მწარმოებელი იტალიური კომპანია Bulgari და სხვები, გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე, ვუსთან საქმიანი ურთიერთობის შეჩერება გადაწყვიტეს. თავად კრის ვუ ადასტურებს, რომ დუ მეიჩჟუს ერთხელ შეხვდა მეგობრის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, თუმცა, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს უარყოფს.

"კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა არ მინდოდა. მაგრამ ამას ვეღარ ვუძლებ. რასაც ის ამტკიცებს, იქიდან რაიმე მაინც თუ გავაკეთე, ციხეში ჩავჯდები. არასრულწლოვნები არასდროს მყოლია. თუ კი მსგავსი რამ მოხდება, მერწმუნეთ, თავად წავალ საპატიმროში. ჩემს სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", - დაწერა მან Weibo-ზე.

ცნობისთვის, ჩინეთში სექსუალურ კავშირზე თანხმობა 14 წლიდან არის ნებადართული. სრულწლოვნების ასაკად კი 18 წელია დაკანონებული.

კანადის მოქალაქემ, ვუ იფანმა, სასცენო სახელით Kris Wu აზიაში პოპულარობა სწორედ EXO-ს წევრობით მოიპოვა. ის კოლექტივში 2012-14 წლებში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ მან ჩინეთში სოლო კარიერა დაიწყო, ასევე, ხელი მიჰყო სამსახიობო და სამოდელო საქმიანობას, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი გახდა. 2017 წელს, ფილმში XXX: Return of Xander Cage მონაწილეობით, მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჰოლივუდშიც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული