Thumbnail

ბილი აილიში საუბრობს, რატომ შეწყვიტა ინსტაგრამზე კომენტარების კითხვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გაზეთ Los Angeles Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ინსტაგრამის პოსტებზე დატოვებული კომენტარების კითხვა ახლახან შეწყვიტა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, 19 წლის არტისტმა უპასუხა:

ბილი აილიშის პასუხი კომენტარზე, რომ კარიერაში ჩავარდნა აქვს

ბილი აილიში: მგონი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია

"იმიტომ, რომ წყობიდან გამოვდიოდი. ჩემი ძმა, მაგალითად, თუ ისეთი ადამიანისგან მიიღებს შეტყობინებას, რომელიც არ მოსწონს, წაუკითხავად წაშლის. მე ასე არ შემიძლია. თვით სატანამაც რომ მომწეროს, დავინტერესდები, რის თქმა უნდოდა. მსურს იმის გაგება, თუ რას ამბობს ხალხი, ამასთან, იმის გამო, რომ ინტერნეტის თაობას წარმოვადგენ, ბევრ რამეს ვეთანხმები, რასაც იქ ვკითხულობ. ზოგიერთი რამ, რის გამოც ადამიანებს დასცინიან, მართლაც სახალისოა, რადგან მასში არის სიმართლის მარცვალი, ასე არაა? მე ზუსტად ის მაწუხებს, რომ მერე ფიქრს ვიწყებ - ო, ღმერთო, ნუთუ ყველაფერი ცუდი, რასაც ჩემზე ამბობენ, სიმართლეა? მაინც რას ამბობენ? - მინდება, რომ გავიგო და, ამავდროულად, ეს არც მინდა, რადგან რას მივიღებ ამით? არც არაფერს", - ამბობს გოგონა.

ბილის თქმით, ხალხის კომენტარების უმეტესობა მის სხეულს ეხება. არტისტმა ისიც გაიხსენა, როგორ შეხვდა საზოგადოება საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს, რომელიც მას შემდეგ გაავრცელა, რაც 18 წელი შეუსრულდა.

ბილი აილიში: ფართო ტანსაცმლის ჩაცმით მსურდა, ხალხის აზრი მეკონტროლებინა

"იმის გამო, რომ ადამიანებმა ჩემი მხრები დაინახეს, ყველა წერდა, 18-ის გახდა და გაბო*დაო. ყველა გოგოს უნდა, თავი სასურველად იგრძნოს, მაგრამ არსებობს კაცების სამყარო, სადაც ამტკიცებენ - "ქალები ამბობენ, არ გვინდა, კაცებმა სექსუალურ კონტექსტში აღგვიქვან, მაგრამ თან მაისურებში მკერდი აქვთ მოშიშვლებული და სექსის შესახებ მღერიანო". მე კი ამ დროს ვფიქრობ - ნუთუ ვერ ხვდებით, რომ იმის ჩაცმა გვინდა, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, მაგრამ არ გვინდა, თქვენ ტანსაცმელში ჩაგვიხტეთ-მეთქი - ეს ისეთი უტვინობაა", - აღნიშნავს აილიში, რომლის გამომწერების რაოდენობაც ინსტაგრამზე 88,1 მილიონს აღწევს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული