Thumbnail

სემ ასგარი ეხმაურება ინფორმაციას, რომ ის და ბრიტნი სპირსი დაინიშნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი კვირას პაპარაცებმა ლოს ანჯელესში აღბეჭდეს შეყვარებულთან, 27 წლის ფიტნეს ინსტრუქტორ სემ ასგარისთან ერთად. 39 წლის მომღერლის თაყვანისმცემლებს არ გამოჰპარვიათ ბრიტნის თითზე სამკაული, რომელიც ნიშნობის ბეჭედს მიამსგავსეს. ამის შემდეგ წყვილის სავარაუდო ნიშნობის ამბავი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა.

ბრიტნი სპირსს სასამართლომ ავტომობილის მართვის უფლება მისცა

გამოცემა TMZ ჭორის გადამოწმებას ასგარისთან შეეცადა, ქუჩაში დახვედრილ ჟურნალისტს, რომელმაც მას და ბრიტნის ნიშნობა მიულოცა, სემმა ხუმრობით უპასუხა:

"ხალხმა არ იცის, მაგრამ სადღაც ხუთი წელი იქნება, რაც დაქორწინებულები ვართ. საიდუმლოდ ვიქორწინეთ ჰავაიზე და ტყუპი შვილები გვყავს".

ცნობისთვის, ბრიტნი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ფინანსების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, მამამისს, ჯეიმის სპირსს მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის და მეურვეობის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. გასულ თვეში მუსიკოსი საჯაროდ პირველად გამოვიდა სასამართლოს წინაშე სიტყვით, რა დროსაც დაწვრილებით ისაუბრა, რა შეზღუდვები ჰქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

ბრიტნი სპირსის შეყვარებული: ბრიტნის მამა მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის

"საშვილოსნოდან სპირალის ამოღება მინდოდა, რომ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა მეცადა, მაგრამ ამ პროცედურის ჩასატარებლად ექიმთან წასვლის უფლებას არ მაძლევენ, რადგან მათ არ უნდათ, კიდევ შემეძინოს შვილები. ასე რომ, ამ მეურვეობას ჩემთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ნორმალური არ არის, რომ იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია. ვგრძნობ, რომ სრულფასოვნად ვერ ვცხოვრობ. მინდა, ამას წერტილი დავუსვა. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია. მინდა, რომ საკუთარ ფინანსებს თავად განვკარგავდე. რომ ჩემს ბოიფრენდს შეეძლოს, თავისი მანქანით მატაროს, სიმართლე გითხრათ, მართლა მაქვს სურვილი, ჩემს ოჯახს ვუჩივლო", - მიმართა ბრიტნიმ მოსამართლეს.

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

ბრიტნი და სემი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. მათ ერთმანეთი კლიპის Slumber Party გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული