Thumbnail

BTS-ის ლეიბლი ჰიტის Butter სხვა სიმღერებთან მსგავსებას ეხმაურება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ლეიბლმა Big Hit Music ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოლექტივის ჰიტთან Butter დაკავშირებით საავტორო დავა არ მიმდინარეობს. კომპანიამ განმარტება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა კომპოზიციის მისამღერი ნიდერლანდელი მუსიკოსის, ლუკა დებონაირის 2020 წლის ნამუშევარს You Got Me Down მიამსგავსა.

BTS-მა ბილბორდის ცხელ ასეულში დრეიქის მიღწევა გაიმეორა

როგორც ვებგვერდზე Soompi არის აღნიშნული, თავად დებონაირის თქმით, მელოდია, რომელიც მისამღერში აქვს გამოყენებული, 2019 წელს შეიძინა კომპოზიტორ სებასტიან გრაციასგან, რომელიც Butter-ის ერთ-ერთი ავტორია. ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა, რომ კოლექტივის ჰიტის ირგვლივ შესაძლოა, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავა დაწყებულიყო.

"არანაირი საავტორო დავა არ არსებობს. ეს არის სიმღერა, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც ყველა ავტორისგან მივიღეთ დასტური, რომ ჩანაწერთან მიმართებით პრობლემა არ არსებობდა. ამ ეტაპზე საავტორო უფლებებზე კითხვის ნიშანი არ არის, თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ამის შესახებ მაინც საუბრობს. ყველა მუსიკალური უფლება მაინც Butter-ს ეკუთვნის", - ნათქვამია განცხადებაში.

ელტონ ჯონი BTS-ის ახალ სიმღერაში მისი სახელის ხსენებას ეხმაურება

ცნობისთვის, მანამდე ინტერნეტმომხმარებლებმა სიმღერის დასაწყისი იაპონური კომპანიის Nintendo მიერ 1992 წელს გავრცელებული თამაშის Monster in my Pocket საუნდტრეკს Towering Catastrophe მიამსგავსეს. გამოცემამ Wow! Korea კომპოზიციის ავტორის კომენტარიც გამოაქვეყნა:

"მელოდიები თითქმის იდენტურად ჟღერს, ეს სემპლინგის ჩარჩოებს სცდება".

როგორც გამოცემა Allkpop წერს, ამ სტატიის ხილვის შემდეგ, იაპონელმა კომპოზიტორმა თავის ბლოგზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც მელოდიებს შორის მსგავსება პლაგიატს არ დაუკავშირა.

"BTS-ის შესახებ ვიცოდი, მაგრამ Butter მოსმენილი არ მქონდა. როდესაც მსგავსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გადავაწყდი, სიმღერას მოვუსმინე და გავიფიქრე, რომ ორი მელოდიის ერთნაირი ჟღერადობა, უბრალოდ, დამთხვევა იყო. შემდეგ კი სტატია წავიკითხე, რომელშიც ჩემი სახელით ეწერა, რომ ეს სემპლინგის ჩარჩოებს სცდება. მე ასეთი არაფერი მითქვამს. მიკვირს, რომ დიდი ხნის წინ თამაშისთვის დაწერილი სიმღერა დღესაც ყურადღებას იქცევს", - ავრცელებს კომპოზიტორის განცხადების თარგმანს Allkpop.

აღსანიშნავია, რომ სინგლის Butter შექმნაში დასავლელ არტისტებთან ერთად კოლექტივიდან მხოლოდ არემმა მიიღო მონაწილეობა. მან ცოტა ხნის წინ ლაივ ჩართვაში სიმღერის შექმნის პროცესი თაყვანისმცემლებს გაუზიარა.

Butter-ის ავტორი: BTS-ის არემი მსოფლიოში სათანადოდ არ არის დაფასებული

"როდესაც Butter ჩემამდე მოვიდა, რეპ მონაკვეთები დაუსრულებელი იყო. მე, შუგამ და ჯეი-ჰოუპმა მასზე ვიმუშავეთ, გამიმართლა და ჩემი ვარიანტი აირჩიეს", - აღნიშნა მან.

Butter 2021 წლის 21 მაისს გავრცელდა და ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში შვიდი კვირა გაატარა. ეს კოლექტივის პირველი ჰიტია ამ შედეგით.

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული