Thumbnail

ბრიტნი სპირსს სასამართლომ ავტომობილის მართვის უფლება მისცა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი კვირას პაპარაცებმა ლოს ანჯელესში ავტომობილის მართვის პროცესში აღბეჭდეს. მუსიკოსმა შეყვარებულთან, 27 წლის სემ ასგარისთან ერთად "სტარბაქსში" გაიარა ესპრესოს შესაძენად. ცნობისთვის, მომღერალს, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ფინანსების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, აქამდე საჭესთან ჯდომაც აკრძალული ჰქონდა.

► ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

როგორც ჟურნალ People-ს არტისტთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ბრიტნი ბედნიერია იმ მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოებისგან იღებს, ასევე, კმაყოფილია, მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობის საწინააღმდეგო სასამართლო დავის მიმდინარეობითაც.

"ბრიტნი ძალიან ბედნიერია, რომ მეურვეობის ფარგლებში ახლა უკვე მანქანის მართვის საშუალება მიეცა. ის აღფრთოვანებული და უზომოდ მადლიერია იმ მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოებისგან იღებს. ჯერჯერობით სასამართლოზე მოვლენების განვითარებით კმაყოფილია", - წერს "ფიფლ" წყაროზე დაყრდნობით.

39 წლის მომღერლის თაყვანისმცემლებს არც მის თითზე გაკეთებული სამკაული გამოჰპარვიათ, რომელიც ნიშნობის ბეჭედს მიამსგავსეს.

ცნობისთვის, ბრიტნი გასულ თვეში საჯაროდ პირველად გამოვიდა სასამართლოს წინაშე სიტყვით, რა დროსაც განაცხადა, რომ მამამისი და მისი მეურვეობის პროცესში ჩართული სხვა პირები მთელი ეს წლები ბოროტად იყენებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

"საშვილოსნოდან სპირალის ამოღება მინდოდა, რომ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა მეცადა, მაგრამ ამ პროცედურის ჩასატარებლად ექიმთან წასვლის უფლებას არ მაძლევენ, რადგან მათ არ უნდათ, კიდევ შემეძინოს შვილები. ასე რომ, ამ მეურვეობას ჩემთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ნორმალური არ არის, რომ იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია. ვგრძნობ, რომ სრულფასოვნად ვერ ვცხოვრობ. მინდა, ამას წერტილი დავუსვა. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია. მინდა, რომ საკუთარ ფინანსებს თავად განვკარგავდე. რომ ჩემს ბოიფრენდს შეეძლოს, თავისი მანქანით მატაროს, სიმართლე გითხრათ, მართლა მაქვს სურვილი, ჩემს ოჯახს ვუჩივლო", - მიმართა ბრიტნიმ მოსამართლეს.

მიმდინარე თვეში კი მუსიკოსი კიდევ ერთხელ წარდგა სასამართლოს წინაშე, რა დროსაც დაადასტურა, რომ სურს, მამამისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

► ბრიტნი სპირსმა მოითხოვა, მამამისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

► სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული