Thumbnail

EXO-ს ყოფილ წევრს, კრის ვუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს ყოფილ წევრს, ჩინური წარმოშობის რეპერსა და მსახიობს, ვუ იფანს, სასცენო სახელით Kris Wu, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც მუსიკოსის ყოფილი თაყვანისმცემელი, 19 წლის დუ მეიჩჟუ ჰყვება, ორი წლის წინ კრის ვუმ ის მოატყუა, რომ საკუთარ სახლში მოსმენაზე იბარებდა, იქ მისული კი ალკოჰოლური სასმელით გათიშვამდე დაათრო და გააუპატიურა. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ ვუს საწოლში გაიღვიძა. გოგონას მტკიცებით, სულ მცირე რვა ქალს იცნობს, რომლებსაც 30 წლის არტისტთან მსგავსი ისტორია გადახდათ. ვებგვერდთან NetEase ინტერვიუში დუმ აღნიშნა, რომ მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

"ის მეზიზღება, ჩემი თავი კი კიდევ უფრო მეტად მძულს. თავის მოკვლა მინდა", - ციტირებს ამერიკული გაზეთი Washington post დუ მეიჩჟუს სიტყვებს.

დუ მეიჩჟუ

როგორც ვებგვერდი Thatsmags წერს, დუმ ასევე განაცხადა, რომ კრის ვუ მის გაჩუმებას 500 000 ჩინური იუანის ($77 166) სანაცვლოდ ცდილობდა. გოგონამ სოციალურ ქსელში Weibo სქრინები გაასაჯაროვა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ ჩაირიცხა მის ანგარიშზე 300 000 იუანი არტისტის, ხოლო 200 000 დედამისის, სთეისი ვუს სახელით.

გამოცემა Billboard-ის ცნობით, მუსიკოსის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა ჩინური კომპანიების უმეტესობამ, ისეთმა საერთაშორისო კომპანიებმა კი, როგორებიც არიან: გერმანული სპორტული ავტომობილების ბრენდი Porsche, ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton, სამკაულების, საათების, აქსესუარების და სუნამოების მწარმოებელი იტალიური კომპანია Bulgari და სხვები, გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე, ვუსთან საქმიანი ურთიერთობის შეჩერება გადაწყვიტეს.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით კრის ვუს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს და მანამ, სანამ გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი, მასთან საქმიან ურთიერთობას ვაჩერებთ", - ნათქვამია "ლუი ვიტონის" განცხადებაში.

თავად მუსიკოსი ადასტურებს, რომ დუ მეიჩჟუს ერთხელ შეხვდა მეგობრის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, თუმცა, გოგონას მიერ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს.

"კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა არ მინდოდა. მაგრამ ამას ვეღარ ვუძლებ. რასაც ის ამტკიცებს, იქიდან რაიმე მაინც თუ გავაკეთე, ციხეში ჩავჯდები. არასრულწლოვნები არასდროს მყოლია. თუ კი მსგავსი რამ მოხდება, მერწმუნეთ, თავად წავალ საპატიმროში. ჩემს სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", - დაწერა მან Weibo-ზე.

როგორც არტისტის ადვოკატმა, ჟუ ჰიოლიმ "ვაშინგტონ პოსტს" განუცხადა, ცილისწამების გამო 19 წლის გოგონას წინააღმდეგ პოლიციას მიმართეს, რადგან სჯერათ, რომ სასამართლოზე სწრაფად სიმართლეს სამართალდამცველები დაადგენენ.

"ინტერნეტში ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. გვჯერა, რომ პოლიცია მალე დადებს შედეგს".

მედიის ცნობით, ჩინეთში მუსიკოსის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ახალი ბიძგი მიეცა საერთაშორისო კამპანიას #MeToo, რომლის ფარგლებშიც ქალები სოციალურ ქსელებში თავიანთ ისტორიებს ყვებიან და ხშირად სავარაუდო მოძალადეების ვინაობასაც ასაჯაროებენ.

"ბევრი ინტერნეტმომხმარებელი ითხოვს, რომ ვუ გასართობ ინდუსტრიას ჩამოშორდეს და ქვეყანა დატოვოს", - წერს "ბილბორდი".

კრის ვუმ, რომელიც კანადის მოქალაქეა, აზიაში პოპულარობა EXO-ს წევრობით მოიპოვა. ის კოლექტივში 2012-14 წლებში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ მან ჩინეთში სოლო კარიერა დაიწყო, ასევე, ხელი მიჰყო სამსახიობო და სამოდელო საქმიანობას, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი გახდა. 2017 წელს, ფილმში XXX: Return of Xander Cage მონაწილეობით, მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჰოლივუდშიც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული