Thumbnail

ბილი აილიში: შემზარავია, რაც ბრიტნი სპირსის თავს ხდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მუსიკოსს, ბილი აილიშს ავსტრალიურ Vogue-თან ინტერვიუში მომღერალ ბრიტნი სპირსის მეურვეობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე დაუსვეს შეკითხვა. 19 წლის არტისტმა განაცხადა, რომ შოკირებულია იმის გამო, რაც ბრიტნის თავს ხდება და მადლიერება გამოხატა თავისი ახლობელი ადამიანების მისამართით. ცნობისთვის, სპირსი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური ჯამრთელობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, პირადი ცხოვრების და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, საკუთარ მამას უჩივის მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის და პასუხისმგებლობას თავის მენეჯერებსაც აკისრებს.

ბილი აილიში: მგონი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია

"მართლა საშინელებაა, რისი გამოვლაც ჩვენს დროში ახალგაზრდა ქალებს უწევთ. მე არ მყავს გუნდი, რომელსაც უნდა, რომ გამანადგუროს. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რაც თავისთავად ცუდ ტენდენციაზე მიუთითებს. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩემ გარშემო კარგი ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც არ უფიქრიათ ჩემი გამოყენება, როგორც ეს ადრე ხდებოდა", - აღნიშნა ბილიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ბრიტნიმ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მამამისი, მეურვეობის პროცესში ჩართული სხვა პირები და მისი მენეჯერები, რომლებიც ჯეიმის მხარს უბამდნენ, ციხეში უნდა ისხდნენ.

"ნორმალური არ არის, რომ იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია. ვგრძნობ, რომ სრულფასოვნად ვერ ვცხოვრობ. მინდა, ამას წერტილი დავუსვა. მამაჩემი და ყველა, ვინც ამ მეურვეობის პროცესში იყო ჩართული, ასევე ჩემი მენეჯერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს დასჯაში, ციხეში უნდა ისხდნენ. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია", - მიმართა ბრიტნიმ მოსამართლეს.

14 ივლისს მომღერალი კვლავ გამოვიდა სასამართლოში სიტყვით, რა დროსაც მამის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"აქ იმიტომ ვარ, რომ მამაჩემისგან გავთავისუფლდე და მას მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ვუჩივლო", - ციტირებს Variety მომღერლის სიტყვებს.

ბრიტნი სპირსმა მოითხოვა, მამამისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

კომენტარები

ბოლოს დამატებული