Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Bob Hund - Dusseldorf

დიუსელდორფი თანამედროვე გერმანული კულტურისა და ხელოვნების ნამდვილი ციტადელია. სწორედ აქ მოღვაწეობდა იოზეფ ბოისი და აიდგა ფეხი Kraftwerk-მა. მაგრამ, აი, შვედები რამ გაახურა ამ ქალაქზე, ცოტა გაუგებარია. ვერც კლიპის ნახვის და ვერც სიმღერის ტექსტის გაცნობის შემდეგ დიდად გონივრული დასკვნები ვერ გამოვიტანე. ერთი ის გავიგე, რომ დიუსელდორფში თურმე გიჟივით უდარდელი შეგიძლია იყო.

Bob Hund მუსიკალური თვალსაზრისით 1990-იანების ტიპური ალტერნატიული როკ ბენდია, იუმორისა და ირონიის დიდი დოზით. მათი კომპოზიციები საკმაოდ მელოდიურია, მახვილგონივრულიც და ვფიქრობ, საერთაშორისო აღიარებასაც უპრობლემოდ მიაღწევდნენ, რომ არა ერთი გარემოება - ისინი მშობლიურ, შვედურ ენაზე მღერიან და როგორც ჩანს, ეს მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო ჩარტებში მოხვედრა. ამიტომაც იყო, რომ შვედებს ეს ჯგუფი უფრო უყვარდათ, ვიდრე The Cardigans, Roxette და სხვა მსგავსი ოპორტუნისტები. მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი არტისტული წარმატება და არა ბრიყვულ-ინტერნაციონალური "აღიარება". კარგი იქნება, თუ ჩვენი სამამულო როკ მუსიკოსებიც ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე ოდესმე მაინც დაფიქრდებიან.

9. Megas ft. Björk - Reykjavíkurnætur

1980-იანი წლების რეიკიავიკში როკ-ენ-როლის ნამდვილი ბუმი იდგა. ავთენტური ისლანდიური სცენა სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა. მიიჩნევა, რომ ის, რაც მანამდე იყო, ანგლო-ამერიკული მუსიკის სუროგატს წარმოადგენს და ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ ეს კაცი, მაგნუს იონსონი (სწორედ მისი ფსევდონიმია Megas) აშკარად გამონაკლისია. ის სულ ცდილობდა, რეიკიავიკის ყოფისა და მსოფლშეგრძნების მუსიკალური კვინტესენცია შეექმნა. ეს ალბომიც მთლიანად ამ ქალაქსა და მისი მაცხოვრებლების ბანალურ თუ კონტროვერსიულ ყოფას ეხება.

"რეიკიავიკის ღამეები" ახალი თაობის არაპროგნოზირებად, შარიან და მხიარულ თავგადასავლებზეა ქალაქში, რომელიც სპეციფიკური ცხოვრების წესით ცხოვრობს. ტრეკში ბექ ვოკალისტებად სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი ბიორკი და მისი და, ინგა გვევლინებიან, რაც სავსებით ლოგიკურია. თუმცა, ეს ყველაფერი, უმჯობესია, თავადვე ნახოთ.

8. Sufjan Stevens - Jacksonville

სუფიან სტევენსი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, რომელიც 21-ე საუკუნეში გამოჩნდა. "ილინოისში" მისი კვლევის საგანი სრულიად ამერიკაა, თავისი მითოლოგიით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით. სწორედ აქედან ამდენი ტექსტობრივი თუ აკუსტიკური ალუზია და მეტაფორა ისტორიაზე, სამეცნიერო ფანტასტიკასა თუ ბიბლიურ-რელიგიურ თემატიკაზე. მუსიკალურად ის ფოლკსაც მიმართავს, ბაროკო პოპსაც, ინდი როკსაც, ჯაზსაც და აკადემიურ ამერიკულ მინიმალიზმსაც, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ნამუშევარი სულაც არ არის ეკლექტური. პირიქით, უაღრესად მონოლითური და კომპლექსურია. ეს ყველაფერი მასში შესულ ირონიულ-სამარშო "ჯექსონვილსაც" ეხება.

სხვათა შორის, სტივენსი მულტიინსტრუმენტალისტიცაა და ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სიმღერის სტუდიურ ვერსიაში ჟღერს, თავად მისი ჩაწერილია. აი, ასეთი ყოჩაღი ბიჭია სუფიანი - მასშტაბური, არტისტულად ამბიციური და ამასთანავე მოკრძალებული და დელიკატური.

7. Scott McKenzie - San Francisco

ქალაქებისადმი მიძღვნილი კომპოზიციების სიაში ამ ჩანაწერის შეტანას თავდაპირველად არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენად საკულტო სტატუსი აქვს, რომ ცდუნებას ვერაფრით გავუძელი. სიმღერა, რომელიც მონტერეის პოპ ფესტივალისთვის დაიწერა, ჰიპებისთვის ნამდვილ ჰიმნად იქცა. 1960-იანების ბოლოს ის ყველგან ჟღერდა, სან ფრანცისკოშიც და მის გარეთაც. როდესაც საბჭოთა ტანკები პრაღაში შეიჭრნენ, ჩეხი ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები სწორედ San Francisco-ს ფონზე მიმდინარეობდა. ის იქცა ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის სიმბოლოდ.

მოკლედ, უკიდურესად იდეალისტური ტრეკია. საკმაოდ დროულიც, ის ხომ მაშინ შეიქმნა, როდესაც ჯერ კიდევ ყველას სჯეროდა სიყვარულის, ურთიერთგაგების, მშვიდობისა და ყვავილების ძალის. ისე, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ სწორედ სან ფრანცისკო ითვლება დღემდე აშშ-ის ყველაზე ლიბერალურ ქალაქად. ამ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების შვილები და შვილიშვილები სხვანაირები ვერც გამოვიდოდნენ.

6. Matia Bazar - Vacanze Romane

1980-იანი წლებიდან საბჭოთა ტელევიზიით დაიწყო გულუბრყვილო მოსახლეობის უმოწყალო ბომბარდირება იტალიური ესტრადით. ამ აკუსტიკური აგრესიის შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლი ქართველ ახალგაზრდობაში შეინიშნებოდა. ეს მუსიკა მათ მოფერებით "იტალიურებად" მონათლეს, ერთ დროს მოდური "ფარფლები" და "ზეპელინები" შორს მოისროლეს და შედეგად, ქალაქებში, სოფლებში, კურორტებზე, "ნოლშესტებში" (მანქანა იყო ასეთი, "ჟიგულის" მოდელი), ქორწილებსა თუ პირველი ღამის სარეცელზე მხოლოდ აპენინის ნახევარკუნძულის მკვიდრთა მიერ შექმნილი სიმღერები ჟღერდა.

ეს იყო ნამდვილი სტიქიური უბედურება, რადგან 80-იანების იტალიურ ესტრადაზე უარესი არც ქართული პაპსაა და არც რუსული. თუმცა, მთელ ამ ბაკქანალიაში იყო ერთი გამონათებაც - რომაული ბენდი Matia Bazar, ცოტათი დეკადენტური, ნიუ ვეივისა და ელექტროპოპის ელემენტებით. ეს ტრეკი მათი შემოქმედების მწვერვალია. როგორც ბენდის წევრები ამბობდნენ, ის უილიამ უაილერის "რომაული არდადეგებისა" და ფედერიკო ფელინის "ტკბილი ცხოვრების" გავლენით შეიქმნა. შედეგიც სახეზეა - სინთეზატორით გაჯერებული რეტრო-ვინტაჟური სენსიტიურობა, პლუს მანერული ვოკალი. ყველაფერი ეს კი ძალიან დამაინტრიგებლად და ეფექტურად ჟღერს.

5. Ultravox - Vienna

ბრიტანული ელექტროპოპის ერთ-ერთი პიონერები. სწორედ მათ შეაგდეს ეს ჟანრი მეინსტრიმში, სადაც დღემდე კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ბენდის ლიდერი, მიჯ იური უდავოდ ნიჭიერი ავტორი, პროდიუსერი და ვიზიონერი იყო, თან ე.წ. "ახალი რომანტიკოსების" მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგიც.

მთელი ეს მოძრაობა ვიზუალურად და მგრძნობელობით ვიქტორიანული ეპოქის ბოჰემური ლონდონის სულისკვეთებას ეყრდნობოდა, აკუსტიკურად კი ელექტრონულ მუსიკას. ვიდეოკლიპიც ამაზე მეტყველებს. ქალაქი ვენაც სიმბოლოა, მოდერნისტული ევროპის ციტადელი. ისევე, როგორც იმ პერიოდის ძალიან ბევრ ვიდეოში, ამ სიურრეალისტურ კლიპშიც "ბლიცის" (იმ პერიოდში მოდური ლონდონური კლუბი, სადაც უბრალო მოკვდავებს არ უშვებდნენ) ახალი რომანტიკოსი "ტუსოვშიკები" თამაშობენ.

4. Alemayehu Eshete - Addis Abеba Bete

ადის აბება ეთიოპიის დედაქალაქია. იქაური პოპულარული მუსიკა და ეთიო-ჯაზი (Ethio-Jazz) კი ფრიად უნიკალური და თვითმყოფადი ფენომენია, უაღრესად საინტერესო და პარადოქსული ისტორიიის მქონე. დანარჩენმა სამყარომ 21-ე საუკუნემდე ეთიოპური მუსიკის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა და როცა ძველი ჩანაწერები აღმოაჩინეს, გაოგნდნენ. აღმოჩნდა, რომ 1960-70-იან წლებში ადის აბებაში მუსიკალურ-კულტურული ცხოვრება დუღდა. იმ პროცესების დასახასიათებლად დღეს მკვლევრები ასეთ ტერმინსაც კი ხმარობენ -  Swinging Аddis Аbеba.

ეს სიმღერაც, რომლის ავტორი და შემსრულებელი საკულტო ფიგურად ქცეული ალემაიეჰუ ეშეტეა, ტიპურია ეთიოპური პოპ მუსიკისთვის. ჯაზ ორკესტრის მიერ შესრულებულ პერმანენტულ საცეკვაო რიტმზე (შიგადაშიგ საქსოფონის სოლოთი) გადადებული სპეციფიკური, ფრისთაილ ვოკალი, რომელშიც ერთდროულად იკვეთება, როგორც არაბული, ასევე ებრაული და ეთიოპური ეთნიკური სასიმღერო სკოლების გავლენა. უნდა ითქვას, რომ ძველ, ორიგინალ ჩანაწერში ეშეტე ფანტასტიკურად ჟღერს, თუმცა ეს ახალი საკონცერტო ვიდეოც არა ურიგო. ყოველ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რატომ ითვლებოდა ეს ტრეკი იმ შორეულ რომანტიკულ წლებში ჰედონისტური ადის აბების ჰიმნად.

3. John Cale - Paris 1919

ჯონ კეილი იმდენად მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რენესანსული პერსონაჟია, რომ ორი სიტყვით მასზე ვერაფერს იტყვი. თავის დროზე ლუ რიდმა მხოლოდ იმიტომ მოიცილა თავიდან, შენი ავანგარდისტული იდეები Velvet Underground-ის კომერციულ წინსვლას უშლის ხელსო. მას შემდეგ კეილმა უამრავი შესანიშნავი სოლო ალბომი გამოუშვა და ძალიან ბევრი საკულტო არტისტის არანაკლებ საკულტო ნამუშევრის პროდიუსერადაც მოგვევლინა. მის ყველაზე პოპულარულ ჩანაწერად სწორედ Paris 1919 მიიჩნევა, ამავე სახელწოდების მქონე ტრეკი კი ამ ალბომის მწვერვალად.

ისე, რატომ მაინცდამაინც 1919 წლის პარიზი? ჭეშმარიტი ინტელექტუალი, კულტუროლოგი კეილი, როგორც ჩანს, მიიჩნევდა, რომ სწორედ იმ წლის პარიზი იყო მოდერნიზმის ნამდვილი მექა. საოცრად რომანტიკული და დახვეწილი სიმღერაა, თანაც აშკარად ეტყობა გარე დამკვირვებლის თვალი. პარიზელები თავიან ქალაქს ასეთ სტილში, ასეთი განწყობით ვერ უმღერენ. ამ კომპოზიციის ორი ვერსია არსებობს. ერთი კონვენციური, მეორე თვითონ კეილის მიერ გაორკესტრებული. აი, სად გამოადგა მას ყმაწვილკაცობისას ლონდონის უნივერსიტეტში მიღებული კლასიკური მუსიკალური განათლება.

2. Ike & Tina Turner - Nutbush City Limits

ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რაც ამ დუეტს შეუქმნია. არსად არის თინა ისეთი აგრესიულიდა უკომპრომისო, როგორც ამ ტრეკში. ნათბუში დასახლებაა ტენესის შტატში. სწორედ იქ დაიბადა და გაიზარდა მომავალი მუსიკოსი და გასაგებია, მისი ენერგიისა და გაქანების მქონე ადამიანისთვის რა დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო თინეიჯერული წლების ნათბუშისნაირ ღვთისგან მივიწყებულ სოროში გატარება. სწორედ ამითაა გამოწვეული თინას ასეთი ექსპრესია, თითქოს მთელი თავისი ბოღმა რომ ჩააქსოვა სიმღერაში.

ძლიერია ინტრუმენტული აკომპანემენტიც, ასევე აგრესიული, ხისტი და ექსპანსიური. არანაირი სოული თუ არენბი ეს ტრეკი უკვე აღარ არის. სხვათა შორის, ტექსტი თინასია, მუსიკა აიკის, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავიდანვე თინას დაუთმო ყველა საავტორო უფლება და თვითონ სიმღერის თანავტორადაც კი არ არის რელიზში მოხსენიებული. ამის შემდეგ აიკის დემონად და მტარვალად გამოყვანა, როგორც ეს საყოველთაოდ არის მიჩნეული, ცოტა არ იყოს გაზვიადებული მგონია.

1. The Specials - Ghost Town

"ქალაქი მოჩვენება" ინგლისის შუაგულში მდებარე კოვენტრია, საიდანაც არიან კიდეც ამ ბენდის წევრი მუსიკოსები. ამ ერთ დროს ქუთაისივით ინდუსტრიის მშენებელ ქალაქს, 1980-იანების დასაწყისში მძიმე დროება დაუდგა. იხურებოდა ქარხანა-საწარმოები, კატასტროფულად ეცემოდა მოქალაქეთა კეთილდღეობა, იმატა უმუშევრობამ, გაღიზიანებამ, აგრესიამ და მუშტი-კრივმა ქუჩებსა თუ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ კლუბებში. კოვენტრი კრახს განიცდიდა და პოსტაპოკალიპტურ ქალაქ-მოჩვენებას ემსგავსებოდა.

საინტერესოა, რომ კომპოზიციაში ქალაქის სახელი შეგნებულად არ არის მოხსენიებული. მაშინ ანალოგიურ მდგომარეობაში უამრავი დასახლებული პუნქტი იმყოფებოდა, ამიტომაც განაზოგადა Specials-მა სიმღერის მესიჯი. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ სრული აპათიის მიუხედავად, აქ საკმაოდ დიდი დოზით ვხვდებით წმინდა ბრიტანულ შავი იუმორსა და ირონიას და ეს ამ კლაუსტროფობიურ ვიდეოკლიპშიც ნათლად იკვეთება. 1981-ში ეს ტრეკი არა მხოლოდ ჩარტებში წამოსკუპდა პირველ ადგილზე, არამედ ყველა ბრიტანულმა გამოცემამ წლის სიმღერადაც აღიარა. მე თუ მკითხავთ, ის მუსიკალურად იმდენად მდიდარია, უცნაური და მოულოდნელი, რომ საუკეთესოც კია იმ ჩანაწერებს შორის, რაც ბრიტანულ პოპ მუსიკაში უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში შექმნილა.


0. Dschinghis Khan - Moskau

ჩემი გემოვნებით ერთ-ერთი ყველაზე დეგენერატული სიმღერაა, რაც კი მომისმენია. განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილებას მისამღერი ახდენს, რომელიც მეც კი, თრეშის თავგამოდებულ მოტრფიალეს, უხერხულობაში მაგდებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა ბედი ეწია ამ ტრეკს საბჭოთა კავშირში.

თავდაპირველად სიმღერამ ნამდვილი ბუმი გამოიწვია და ფაქტობრივად ყველგან ისმოდა - რესტორნებში, დისკოთეკებზე, რადიოსა თუ ტელეეთერში. შემდეგ ტექსტის გამო სიმღერას ტაბუ დაადეს. მიიჩნიეს, რომ ეს იყო პასკვილი ყველაფერ რუსულზე - კრემლზე, წითელ მოედანზე, კაზაკებზე, ნატაშებზე, არაყზე და სამაგონზეც კი. მოგვიანებით ბრალდება უფრო დაამძიმეს და ოფიციალურად განაცხადეს, ბენდს შემთხვევით არ ჰქვია "ჩინგიზ ხანი", ესაა ალუზია რუსეთის დამაქცევარ მონღოლ დამპყრობელზე და სიმღერაც კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, თუ რა მზაკვრული და ექსპანსიური მიზნები აქვთ კაპიტალისტებს ჩვენს ქვეყანასა და მის დედაქალაქთან, მოსკოვთან დაკაბშირებით. ამის მკაფიო მაგალითი კი მისამღერის ტექსტია: "მოსკოვი, მოსკოვი დავსეტყვოთ ბომბებით, ხოლო კრემლის ნანგრევებზე გავაჩაღოთ ცეკვა, აჰა-ჰა-ჰა-ჰა, აჰა-ჰა-ჰა-ჰა". 

რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი ტექსტში არ არის და ამ ამონარიდის ავთენტურობასაც არ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მქონდეს წაკითხული უპოპულარეს საბჭოთა ჟურნალში "როვესნიკ" 1981 წელს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული